უკან დაბრუნება

"როგორც იტყვიან - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დიდი ხანია მწიფს ამგვარი პროექტის საჭიროება და რაკიღა მოთავე გამოჩნდა, ყველა ჩვენგანის ვალია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასში მონაწილეობა, არამედ ყველა შესაძლო ფორმით პოპულარიზაციაც. უნდა მოიძებნოს სლოგანებიც, რაც ამ პროექტს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქცევს და საცეცებს დაუმოკლებს მეხუთე კოლონას. მახსოვს ერთი გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა რუსეთში აგვისტოს ომის წინ და როგორც აღმოჩნდა, მაშინ, როცა ჩვენი რუსეთთან თანაცხოვრების მომსწრე თაობა ჯერ ისევ აქტიურია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ თაობამ ორივე მხრიდან ბევრი რამ იცის მეორე ქვეყნის შესახებ, შედეგები იყო საოცარი - საქართველო თურმე არის 50 მილიონიანი მუსლიმანური ქვეყანა, ნომერი მეორე მტერი რუსეთისა აშშ-ს შემდეგ და ამისთანები. ანუ, რუსეთს ავტორიტარული მმართველობის პირობებშიც კი დასჭირდა პროპაგანდისტული ნიადაგის შემზადება საკუთარ ქვეყანაში და ამ დონის სიცრუის ჩაბეჭდვა საკუთარ მოქალაქეთა თავებში. შესაბამისი კონტრპროპაგანდის უქონლობით ჩვენ მხოლოდ საქმეს ვუიოლებთ კრემლის მანქანას ჩვენი ქვეყნის მტრობაში. კიდევ ერთხელ მივესალმები პროექტს და წარმატებას ვუსურვებ მას."

კობა ჭუმბურიძე