"ქართულ სახელმწიფოს უამრავი პრობლემა აწუხებს, იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები, მცოცავი ანექსია თუ ეკონომიკური სიდუხჭირე. არსებული გამოწვევების ფონზეც კი ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულია ანტიდასავლური პროპაგანდა. რუსული „რბილი ძალა“ ეტაპობრივად ახერხებს საზოგადოებაში ნიჰილისტური დამოკიდებულებების დანერგვას დასავლური ცივილიზაციის, მისი მიღწევების, მისი ჭეშმარიტი ღირებულებების მიმართ. ბოლო წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით ეს დასტურდება.
ყოველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ რბილი ძალის თუ არა დასამარცხებლად, მისი გავლენების შესამცირებლად და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მეტი სიცხადის შესატანად, გადაჭარბების გარეშე, უმნიშვნელოვანესი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, მივესალმები ამ ფრონტზე კიდევ ერთი კვალიფიციური სუბიექტის გამოჩენას. ეს ბრძოლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ. საქართველოს დასავლური სამყაროს იქით არჩევანი უბრალოდ არ გააჩნია.