უკან დაბრუნება

9 მაისი, რუსული პროპაგანდა და კრემლის უკვდავებას შეწირული მოკვდავები

3 მაისი 2019

9 მაისი ახლოვდება. ამ დღეს რუსეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.  მათ შორისაა საქართველოც.

მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს, გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრით დაიწყო. მაშინ ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მოკავშირეები იყვნენ და მათმა ჯარებმა პოლონეთის დამარცხება 22 სექტემბერს ქალაქ ბრესტში ერთობლივი აღლუმითაც კი აღნიშნეს.

დღეს, რუსეთში, ამის გახსენება არავის სიამოვნებს. იქ, მეორე მსოლიო ომი 1941 წლის 22 ივნისიდან  აითვლება, იმ დღიდან როდესაც გარმანია საბჭოთა კავშირს დაესხა თავს. თუ რატომ მოხდა ასე, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თუმცა ბევრი სხვა რამის მსგავსად საბჭოთა ინერციით რუსეთში მეორე მსოფლიო ომის ქრონოლოგიასაც ცვლიან.

მოვლენას, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის 1939 წლის 1 სექტემბრიდან იწყება და 1945 წლის 2 სექტმებერს მთავრდება[1], რუსეთში 1941 წლის 22 ივნისს იწყებენ და 1945 წლის 9 მაისს ამთავრებენ.

 

ხო, მეორე მსოფლიო ომის ნაცვლად კი, „დიდ სამამულო ომს“ უწოდებენ. თუმცა, ამის ახსნა მარტივად შეიძლება. ნარატივი ისედაც ხელოვნურია, ომის რეალური ქრონოლოგია ვერ იქნება პროპაგანდისტული, რადგან მაშინ როდესაც ნაცისტური გერმანია პოლონეთს და საფრანგეთს იკავებდა, რუსეთი ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების ოკუპაციით იყო დაკავებული.

 

ყოველი წლის 9 მაისს კრემლის წინ, წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი ტარდება. ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებას სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ, თუმცა რუსეთში ეს ისეა წარმოჩენილი, თითქოს საბჭოთა კავშირი აგრესიის მსხვერპლიდან ტრიუმფატორად იქცა და პრაქტიკულად მარტომ შეძლო კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი ომის მოგება. შეცვლილი ქრონოლოგიის მსგავსად აქაც ტყუილთან გვაქვს საქმე. საბჭოთა კავშირი ისევეა დამნაშავე ომის გაჩაღებაში, როგორც ნაცისტური გერმანია. ბევრი ისტორიკოსის აზრით, ჰიტლერს რომ არ დაესწრო, სტალინი თავად დაარტყამდა გერმანიას. მეორე ნაწილიც ტყუილია, საბჭოთა კავშირი არ იყო გამარჯვების მთავარი შემოქმედი. მეტიც, ამერიკა ომში ჩაბმამდე აქტიურად ეხმარებოდა საბჭოთა კავშირსა და სხვა მოკავშირეებს. მხოლოდ სსრკ-ს ამერიკამ თითქმის 11 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა, რაც დღევანდელი კურსით 190 მილიონ დოლარზე მეტია.

აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ამერიკისა და სხვა მოკავშირეების ომში ჩაბმის გარეშე საბჭოთა კავშირს გამარჯვებისთვის  რესურსი არ ეყოფოდა. ამიტომ გავრცელებული მოსაზრება, რომ გამარჯვების მთავარი შემოქმედი სტალინი და საბჭოთა წითელი არმია იყო - მცდარია.

თუმცა ეს რიცხვები და ობიექტური მონაცემებია, რომელსაც რუსეთში დიდ ყურადღებას არ უთმობენ. იქ მანიპულირება სხვა რიცხვებით მიდის. გვეუბნებიან, რომ ყველაზე დიდი მხვერპლი ამ ომში სწორედ სსრკ-მ გაიღო. დიახ, აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ საბჭოთა კავშირს აქვს გაღებული, თუმცა ეს დიდწილად საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტიკის კისერზეა.

დღევანდელობას რაც შეეხება, როგორც უკვე გითხარით, დიდი სამამულო ომის ნარატივი რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღადაა ქცეული. იდეა ისაა, რომ რუსებმა, უკრაინელებმა, ბელარუსებმა, ქართველებმა, სომხებმა და ა.შ. ერთად, ერთი დროშის ქვეშ დავამარცხეთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი ბოროტება, ამიტომ მომავალიც საერთო გვაქვს, ახალი მოდიფიკაციის სსრკ... თავის დროზე, სწორედ ამ ომმა მოახერხა ხელოვნურად და ძალადობრივად შეკოწიწეული საბჭოთა კავშირის შენარჩუნება. საერთო მტრის ხატმა და შემდგომში საერთო დიდმა გამარჯვებამ, დროებით მაგრამ მაინც შეძლო თავისუფლების მოყვარე ხალხების პროტესტის ჩაცხრობა.  ისევე როგორც მაშინ, არც ახლა გვეკითხებიან ეს საერთო მომავალი გვინდა, თუ არა.

არ გვეკითხებიან, მარგამ აქტიურად მუშაობენ რომ გვინდოდეს. მთელი წელი ე.წ. გეორგიევსკი ლენტებით დარბიან და წინაპართა ხსოვნის დასაფასებლად „უკვდავი პოლკიც“ კი აქვთ შექმნილი. ასე დიდი სამამულო ომის მონაწილეებს მოიხსენიებენ. ამ პოლკის ეგიდით ძირითადად 9 მაისს აქციებს მართავენ. ამ აქციებზე საკუთარი წინაპრების პორტრეტებით გამოდიან, თუმცა იქვე შეურევენ ხოლმე საბჭოთა დროშებსა და სტალინის პორტრეტებსაც. სხვათა შორის, ამის მხოლოდ რუსეთში არ აკეთებენ. წელს მსგავსი აქცია უკრაინაშიც აქვთ დაგეგმილი, შეიძლება ჩვენთანაც სცადონ. გამოვიდეს ვინმე ტვინნაღძობი თბილისის, ან გორის ცენტში და ამაყად გვითხრას როგორ უყვარს რუსეთი და კრემლის ძალა, ან მისმა ახალგაზრდა მიმდევარმა გაიხსენოს, როგორც აჩვენა სტალინმა რუზველტსა და ჩერჩილს შუალა თითი.

უკვდავი პოლკი საინტერესო იარაღია. სპეციალური საიტიც კი აქვთ შექმნილი, რომელზეც ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი უკვდავი წინაპრის ისტორია განათავსოს. მეც მინდა ასეთი ისტორიის დაწერა. ჩემი 4 დიდი პაპიდან მეორე მსოფლიო ომში 3 იბრძოდა. სამივე წითელი არმიის მხარეს. ორი ცოცხალი დაბრუნდა, ერთი ვერა. სამიდან ორს ომში წასვლა არც უნდოდა და არც უნდა წაეყვენათ, რადგან ერთი უკვე 50 წელს იყო მიტანებული, მეორე კი ჭიათურის მაღაროში მუშაობდა და ე.წ. ბრონი ქონდა. მაგრამ უპატრონო იყო, ვიღაც პატრონიანის მაგივრად გაიწვიეს. მისი გამოგზავნილი წერილები წაკითხული მაქვს. დიდ ენთუზიაზმს ვერ შეატყობდით. მაგრამ ის ვერ დაბრუნდა, ამის გამო ბებიაჩემი უმამოდ გაიზარდა, ბებიაჩემის ძმა მამის გაწვევის შემდეგ დაიბადა. ის 50 წელს მიტანებული პაპა იმიტომ გაიწვიეს, რომ 1921 წელს ბოლშევიკებს ებრძოდა და ეგ გაუხსენეს. რომ არა ბოლშევიკური ოკუპაცია, ვინ იცის, იქნება მათი ისტორია სულ სხვანაირი ყოფილიყო და ასი ათასობით ქართველის ომში წასვლა საერთოდ არ გამხდარიყო საჭირო. დღეს ხომ პრო-რუსული ძალები ყველაზე მეტს ნეტირალიტეტსა და სამხედრო მოუმხრობლობაზე გველაპრაკებიან. ხოდა იქნება მაშინ მართლა შეგვძლებოდა ვყოფილიყავით ნეიტრალური სახელმწიფო, რაც გვეწერა კიდეც კონსტიტუციაში.

თუმცა ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჩვენი წინაპრების ამ ომში დაიღუპნენ და ვინც გადარჩა, ძნელია მათ ეს გამარჯვება წაართვა. იმის ახსნაც ძნელია, რომ მათ გამარჯვებას დღეს აგრესორი სახელმწიფო თავისი მახინჯი მიზნებისთვის იყენებს. ყოველ წლის 9 მაისს წითელ მოედანზე დიდი სამამულო ომის ვეტერანები გამოჰყავთ. სამწუხაროდ რაც დრო გადის, მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება, მაგრამ რატომთაც ეს წითელ მოედანზე მოწყობილ ტრიბუნებზე არ აისახება ხოლმე, მეტიც - ბევრმა შენიშნა რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ასაკი რუსეთში მცირდება კიდეც. საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე; დრო გადის, ყველა ქვეყანაში ვეტერანების რიცხვი იკლებს, მაგრამ რუსეთში ისინი ახალგაზრდავდებიან. კრემლისთვის დიდი სამამულო ომის ნარატივი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 9 მაისს იმ ადამიანებს ასაღებენ ვეტერანებად, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაბადებულებიც კი არ იყვნენ. საინტერესოა არა?

 

დღევანდელ რუსეთში მეორე მსოფლიო ომი არაა ისტორიული კვლევების საგანი. ეს მოვლენა დაცლილია რეალური შინაარსისგან და მხოლოდ პროპაგანდის შემადგენელ ნაწილადაა ქცეული. პუტინის რუსეთს ისევე აღელვებს „უკვდავი პოლკის“ ცოცხალი წევრები, როგორც სტალინურ რეჟიმს, რომელმაც ამ უკვდავების დიდი ნაწილს ომიდან პირდაპირ გადასახლებაში უკრა თავი, ესაო და ტყვეები კი არა, მოღალატეები არაინო...

9 მაისი ახლოვდება და დამოუკიდებელი საქართველო ალბათ ოდესმე მაინც შეძლებს, ამ დღეს უფრო დიდი შინაარსი შესძინოს. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეებს ნუ დავივიწყებთ, ნურც წითელარმიელებს და ნურც მათ, რომელთაც საბჭოთა კავშირის დამარცხებისა და საქართველოს დამოუკიდებლობას აღდგენისა სჯეროდათ და ვერმახტის რიგებში იბრძოდნენ. ნურც მათ, ვინც ომის დაწყებამდე და შემდეგ ემსხვერპლა საბჭოთა რეჟიმს.  ფაშიზმზე გამარჯვება კი 8 მაისს აღვნიშნოთ, როგორც ამას ცივილიზებულ ქვეყნებში აკეთებენ.

 

დავით ბრაგვაძე

სპეციალურად „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის“

 

[1] ამ დღეს მოაწერა ხელი იაპონიამ კაპიტულაციას

გაზიარება