უკან დაბრუნება

რუსული თვალით დანახული პანკისი - ერთი სტატიის მრავლისმეტყველი მიმოხილვა

24 აპრილი 2019

ერთი სტატიის მიმოხილვა

21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები რუსული საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტში მოექცა. ცნობილია, რომ მრავალი წელია რუსულ პროპაგანდას პანკისზე ჩამოყალიბებული ნარატივი აქვს და მას ხშირად იყენებს საქართველოზე ზეწოლისთვის. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იყო, რომ  21 აპრილის მოვლენებს უყურადღებოდ მოსკოვში არავინ დატოვებდა. მრავალ პუბლიკაციას შორის უდავოდ გამორჩეული იყო გაზეთ „იზვესტიაში“ იგორ კარმაზინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ყველა პროპაგანდისტულმა ნარატივმა ერთად მოიყარა თავი. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სტატიის მომიხილვას შემოგთავაზებთ. აქვე გაფრთხილებთ, რომ წერილი იმაზე დიდია, ვიდრე “ინფოარმის” ფორმატი ითვალისწინებს, მაგრამ გვერწმუნეთ, წაკითხვად ნამდვილად ღირს.

 

სათაური

„ბუნტი ხეობაში: როგორ განდევნეს ჩეჩნებმა ქართული სპეცრაზმი“ - სტატია სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა. ავტორს იმის თქმა სურს, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ჩეჩნებითაა დასახლებული აჯანყება დაიწყო, თუმცა სახელმწიფო იმდენად სუსტია, რომ მის მიერ გაგზავნილი სპეცრაზმის მოსახლეობამ უკუაქცია. კიდევ უფრო დამაფიქრებელია სტატიის ქვესათაური „საქართველოს რუკაზე კიდევ ერთი „ცხელი წერტილი“ გაჩნდა“. დიახ, საქართველო ისედაც არ უჩივის ცხელი წერტილების ნაკლებობას, ახლა კი ერთ-ერთი პოტენციური ცხელი წერტილი გააქტიურდა. რუსულმა პროპაგანდამ სათაურშივე ვერ დამალა მომხდარით გამოწვეული სიხარული.

 

„ქალები რიყის ქვებით“

ამ ქვეთავში ავტორი მომხდარი დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ზამთარში ენერგიის დეფიციტის პრობლემა ექმნება. ამის გამო ქვეყანაში მრავალი ჰესი შენდება, თუმცა მოსახლეობა მათი მშენებლობის წინააღმდეგია. ის ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ჰესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე და ცხადია, აქცენტს თებერვალში პანკისში გამართულ აქციაზეც ამახვილებს. აქვე სტრიქონებს შორის გვაპარებს, რომ არსებული უკმაყოფილების ჩაცხრობას ქართული სახელწმიფო ძალადობრივი გზებით ცდილობს, მაგრამ ხშირად ესეც არ გამოსდის, რადგან აგერ, სპეცრაზმი რიყის ქვებით შეიარაღებულმა ქალებმა გაყარეს... აქვე, ხაზგასმულია, რომ განვითარებული მოვლენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს, არადა ამ დრომდე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

 

„ჩეჩნური ხეობა“

შემდეგ ქვეთავში ავტორი ცდილობს პროპაგანდისტული ნარატივები კიდევ უფრო გააძლიეროს და სათაურსაც შესაბამისად არჩევს. პანკისის ხეობა ჩეჩნურია... რუსი ობივატელისთვის ასეთი სათაური წინასწარ ქმნის განწყობებს. განწყობები კი უფრო მძაფრდება, რადგან კარმაზინი ხეობას აღწერს, როგორც „გარესამყაროსგან მოწყვეტილ 10 000 კაციან მიკრტოსაზოგადოებად“... პანკისში პრობლემები ბევრია, ისევე როგორც მთელს საქართველოში, მარგამ რატომაა ხეობა გარესამყაროსგან მოწყვეტილი?! თუმცა ამის დასაბუთება მისთვის საჭირო არაა. მთავარია დაიწერა, რომ პანკისის ხეობა ჩეჩნური მიკროსაზოგადოებაა, რომელსაც გარესამყაროსთან კავშირი არ აქვს. აქვე, ავტორი შეგვახსენებს, რომ პანკისის ხეობიდან თბილისამდე 100 კილომეტრია, ჩეჩნეთამდე კი მხოლოდ 30. და ამას ისე წერს, თითქოს პანკისიდან თბილისამდე სიცარიელეა. არაფერი არსებობს. არც გზები, არც დასახლებები, არც ხალხი. ცარიელი 100 კილომეტრი, მაშინ როდესაც ჩეჩნეთი აქვეა, სულ რაღაც 30 კილომეტრში.

ქისტების იზოლირებული ცხოვრების წესის კიდევ ერთხელ ზასგასმის შემდეგ, ავტორი გვეუბნება, რომ „ბევრმა საკმაოდ სუსტად იცის ქართული“.  ე.ი. ქისტები, ერთი რომ იზოლირებულად ცხოვრობენ, საქართველოსგან მოწყვეტილები არიან, რადგან თბილისისგან 100 კილომეტრი აშორებთ, თბილისამდე კი საქართველო არაა (ეგრე გამოდის), ისლამის აღმსარებლები არიან (ეს ხომ რუსეთში მომენტალურად სტერეოტიპების კასკადს იწვევს) და ამას ისიც ემატება, რომ ქართული არ იციან. არადა ქისტების უმრავლესობა ბრწყინვალე ქართულით საუბრობს, გაქართულებულ გვარებს ატარებენ, ბევრი სამოქალაქო აქტივობებით ცდილობს ხეობის მოსახლეობა ინტეგრაციულ პროცესებში ჩართოს, საჯარო სამსახურშიც მუშაობენ, მარგამ ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს? რუსი მკითხველი ხომ სიღრმეებში არ წავა? კარმაზინმა დაწერა? მორჩა, ე.ი. ქართული არ იციან.

სტატია იმასაც შეგვახსენებს, რომ 1994-96 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შედეგად ხეობაში ათასობით ჩეჩენი დასახლდა... და აქ უკვე ვუახლოვდებით კულმინაციას... მთებით გარშემორტყმული ხეობა ტერორისტების ზურგის ბაზად იქცა, ხეობამ კი მოიპოვა საშიში ტერიტორიის რეპუტაცია, სადაც ხშირია ადამიანების გატაცებისა და კონტრაბანდის შემთხვევები. ხო... პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ, რომ 1994-96 წლების მოვლენებზე საუბრის მიუხედავად, წინადადება ისე სრულდება, კაცი იფიქრებს ახლაც კონტრაბანდა ყვავის პანკისში და ხალხს ყოველდღე იტაცებენო. დიდებული მანიპულაციაა. რუსები ახლაც ვერ გვპატიობენ, რომ ჩეჩნებთან ომის დროს, საქართველომ მათ მიმართ პრინციპულობა გამოიჩინა, გადადგა ჰუმანური ნაბიჯი, მიიღო ჩეჩენი ლტოლვილები და მოსკოვს იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზების გამოყენების საშუალება არ მისცა.

ვისაც იმ პერიოდის საქართველო ახსოვს, ან წაუკითხვს მაინც, ადვილად მიხვდება, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგამა ადვილი არ იყო, მაგრამ იყო სწორი, სამართლიანი და ჰუმანური. თუმცა, ეს იყო ჩვენთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის. რუსი ობივატელებისთვის ყველა ის ლტოლვილი ტერორისტია და ეს ტერორისტები საქართველომ შეიფარა. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ წავიდა, ტერორისტები შეიფარა და ახლა ამ ტერორისტებმა მათ სპეცრაზმს კუდით ქვა ასროლინეს. ასე მოუვა ყველას, ვინც რუსეთის წინააღმდეგ წავა. აი, სტატიის ამ ნაწილის მთავარი პათოსი. პათოსი იქით იყოს და თავხოდობის ყველა ზღვარს სცდება პანკისის ხეობაში ადამიანების გატაცებაზე აწმყო დროში საუბარი მაშინ, როდესაც დღეს კიდევ ორი ადამიანი გაიტაცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

და მთელი ამ პროპაგანდისტულ თაიგულს ამშვენებს უკვე დროში გამოცდილი გზავნილი „პანკისის ხეობა ტერორისტების ზურგის ბაზად იქცა“. რუსული პროპაგანდისთვის პანკისი კიდევ დიდხანს დარჩება ტერორისტულ ბაზად, რადგან ეს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტადაა ქცეული. თუმცა ამ პუბლიკაციაში ტრადიციული გზავნილის პარალელურად რაღაც ახალსაც იპოვით. ავტორი გვამცნობს, რომ უკანასკნელ წლებში ქართული მასმედია პანკისს „ისლამისტების ხეობად“ მოიხსენიებს. ჩვენი მცდელობის მიუხედავად პანკისთან მიმართებაში მსგავსი ტერმინის გამოყენების შემთხვევა ინტერნეტ-სივრცეში ვერ შევძელით და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ თუ მართლაც ვინმემ მსგავსი რამ იკადრა, მხოლოდ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან დაახლოებული მედია თუ იქნებოდა, რომელიც, სამწუხაროდ არც თუ ისე პასიურია ბოლო პერიოდში.

 

„იატაკქვეშეთი“

სტატიის ბოლო ქვეთავის წერისას კარმაზინს მეტი დამაჯერებლობისთვის საქმეში ექსპერტი შემოყავს. პოლიტოლოგი არტურ ატაევი გვეუბნება, რომ „წინააღმდეგობას ღრმა მიზეზები აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობა შეწყვიტა ფარმა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ნაციონალიზმისგან იცავდა“... და აი კულმინაციაც. რა ჰესები?! რა შუაშია ჰესი?! მთავარი პრობლემა ქართული ნაციონალიზმი ყოფილა. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული და ფესვგამდგარი ნარატივი. ქართველები ეთნიკურ უმცირესობებს ვჩაგრავთ. თბილისის პოლიტიკა ნაციონალისტურია. თან ამას სტატიის ავტორი კი არა, პოლიტოლოგი არტურ ატაევი გვეუბნება, რა თქმა უნდა მეტი დამაჯერებლობისთვის. აქვე, ნუ გამოგვრჩება, რომ ხაზგასმულია საბჭოთა კავშრის დაშლა, ანუ როგორც ერთი უმცირესობებზე გულდათუთქული კაცი იტყოდა „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“. უმცირესობათა დამცველი საბჭოთა კავშირის დაშლა. ანუ, პანკისში 21 აპრილის მოვლენები იმიტომ განვითარდა, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. მაგრამ უმცირესობების დამცველად ვინ დარჩა დღევანდელ სამყაროს? რა თქმა უნდა სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რომელიც მუდამ მზადაა ნებისმიერი ფორმით გამოექომაგოს დაჩაგრულ ერებს. ხო გასაგებია?

პოლიტოლოგი ატაევი იქვე გვეუბნება, რომ ქართული ნაციონალიზმი პირველ რიგში თავს დაატყდათ აფხაზებსა და ოსებს, თუმცა პრობლემები დღემდე არსებობს სომხებთან, აჭარელებთან და რა თქმა უნდა ქისტებთან. ერთი წუთით შევეშვათ სომხებს და ქისტებს. აჭარლებთან... ესეც ახალი ამბავი არაა, რომ აჭარლებს რუსული პროპაგანდა საქართველოში უმცირესობად განიხილავს. მე, უფრო ის მიკვირს ატაევს ამხელა აზერბაიჯანული თემი, მეგრელები და სვანები რატომ გამორჩა?! ეტყობა, საკმარისად კონცენტრირებული არ იყო ინტერვიუს დროს...

მოულოდნელად, ატაევი, ამხელა გეოპლიტიკური და ეთნო-ნაციონალისტური მსჯელობის შემდეგ მიწაზე ეშვება და ისევ ყოფით საკითხებს, ამ შემთხვევაში ჰესებს უბრუნდება „რუსეთში არსებობს კანონი საზოგადოებრივი მოსმენების შესახებ, სადაც მოსახლეობა პროექტებზე თავის აზრს აფიქსირებს. საქართველოში ამაზე დროს არ კარგავენ“. ჰა ჰა ჰა... მოიცა... ეს კაცი რას გვეუბნება ახლა, გვეუნება, რომ რუსეთში ადამიანები თავად წყვეტენ ყველაფერს. რუსული სახელმწიფო მათ უსმენს. აი საქართველო ამაზე თავს არ იწუხებს. აქ, მგონი, პოლიტოლოგს ის უფრო უნდოდა "ზემოთ" ვიღაცას შეემჩნია, თუ რა მაამებლურ  რამეს ამბობდა, თორე ისეთი სისულელე გამოუვიდა, მგონი რუსეთშიც კი დასცინებენ. ბოლოს კი, უფასო რჩევას გვაძლევს, თუ თბილისში ხალხის მოსმენას არ ისწავლით, იატაკქვეშა  ისლამური პრობლემა გექნებათო. მადლობა, არტურ...

------

დასასრულს რისი თქმა შეიძლება? ნათელია, რომ ჩრდილოეთში ყურადღებით აკვირდებიან ჩვენთან განვითარებულ მოვლენებს. მათ უკვე აქვთ წინასწარ გამზადებული ნარატივები, რომელიც მოვლენების განვითარების მიხედვით კი არ ყალიბდება, არამედ განვითარებული მოვლენებს არგებენ მათ. ცხადია, რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო უადვილდებათ ამ ყველაფრის სათავისოდ გამოყენება. რაც უფრო სენსიტიურია საკითხი, მით უფრო ადვილია ის მწვავედ აქციო და შემდეგ გამზადებულ ყალიბჭი ჩამოასხა.

ამ მოცემულობაში, როდესაც მტერი თავის მიზანს აღარც მალავს, ჩვენ მეტი უნდა ვიფიქროთ შედეგებზე. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?! და, რა თქმა უნდა, ჩვენც, წინ სიარულის გარდა სხვა გზა არ გვაქვს, მაგრამ სენსიტიური საკითხების ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განხილვა, ყველა შესაძლო რისკის გაანალიზება და გამოტანილი დასკვნების მიხედვით მომქმედება ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო.

 

დავით ბრაგვაძე

სპეციალურად „ინფოარმისთვის“

გაზიარება