უკან დაბრუნება

რა შეეშალათ ქისტებს? რა შეეშალა სახელმწიფოს?

23 აპრილი 2019

ცოტა დრო გავიდა, ემოციები ცოტა ჩაცხრა და ალბათ შეიძლება 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ცივი გონებით დაიწეროს. ამ ნაწერში კითხვა მეტი იქნება, ვიდრე პასუხი, მაგრამ როგორც წესი, პრობლემების მოგვარება სწორი კითხვების დასმით იწყება.

 

ადამიანები, გარემო, ჰესები

როგორ განვითარდა ყველაფერი ვნახეთ, ამიტომ 21 აპრილის ქრონიკას აღარ მოვყვებით. ყველაფრის ფორმალურ საფუძვლად ხეობაში მესამე ჰესის აშენების საკითხი იქცა. იმ ადამიანების უმრავლესობამ, ვისაც ყველაფრის პანკისელებისთვის დაბრალება უნდოდა აქცენტი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე გააკეთა და ჰესების მოწინააღმდეგეები პროგრესის მტრებად მონათლა. რამდენად მნიშვნელოვანია „ხადორი 3“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის? მგონი ამ კითხვას დიდი ენერგეტიკოსობა არ სჭირდება. 5,4 მეგავატიან ჰესს არ შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხი, მის მიერ მოტანილ პოტენციურ სარგებელზე კი პასუხგაუცემელი კითხვები მრავლად დაგროვდა. ასე მაგალითად: ახდენს თუ არა მსგავსი ჰესები უარყოფით გავლენას გარემოზე? რა ეღირება მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია? რამდენად შეუწყობს ის ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ წინსვლას და ა.შ.

გარემოსთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ბევრი მცირე ჰესის აშენება გარემოს გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ერთი დიდის. მეორე ნაწილი კი გვეუბნება ასეთი პროექტები საერთოდ არაფერს ცვლისო. თუმცა ინტერნეტში ყველას შეუძლია ნახოს იმავე კომპანიის მიერ აშენებული მცირე ჰესები, რომელმაც გარემოს თავისი კვალი თვალსაჩინოდ დაატყო.

არაერთი აშენებული მცირე თუ საშუალო ჰესის კვალდაკვალ ვხედავთ, რომ ელექტროენერგია არ იაფდება, ძვირდება კიდეც. მოსახლეობა გაძვირებულ ენერგიაში სარგებელს ვერ ხედავს და არც ენერგოდამოუკიდებლობის იდეის სჯერა მაშინ, როდესაც მთავრობის წევრები დივერსიფიკაციის წყაროდ რუსეთს განიხილავენ. ამიტომ, სანამ დასმულ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს არ მივიღებთ, საერთოდ არ შეგველახება პატრიოტული გრძნობები, თუ ჩვენს ოთახებს იაფი,მაგალითად თურქეთიდან იმპორტირებული დენით გავანათებთ.

 

- ეს სოფელი ჩვენია

- ეს სოფელი საქრთველოსია

სოფელ ბირკიანის მკვიდრისა და პოლიციელის დიალოგის ეს ნაწილი ჰიტად იქცა. არადა ორივე მართალია. დიახ, სოფელი იმისია, ვინც იქ ცხოვრობს და დიახ, რა თქმა უნდა საქართველოსია. და თუ საქართველოსია და ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ყველას თანაბარი უფლებები, პრივილეგიები და ვალდებულებები გვაქვს. არსებობს საჯარო ინტერესიც და ხანდახან სახელმწიფოს უწევს უკიდურეს შემთხვევაში ძალაც გამოიყენოს, მაგრამ პრობლემა ძალის გამოყენებაზე მეტად ორმაგი სტანდარტია. რატომ ვიყენებთ ამ ძალას პანკისში და რატო არ ვიყენებთ სხვაგან?

ასე მაგალითად;  თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა ფერხდება იმის გამო, რომ ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილი პროექტის წინააღმდეგია. მათ შეცვლილი საცხოვრებელი გარემო, დაბინძურებული ჰაერი, ვიბრაცია და ა.შ. აღელვებთ. თბილისი-რუსთავის ავტობანი გაცილებით მნიშვნელოვანი პროექტია, ვიდრე „ხადორი 3“, თუმცა სახელმწიფო, ჩიხში შესული მოლაპარაკებების მიუხედავად,  გზის დასამთავრებლად  ფონიჭალის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალას არ იყენებს...

 

რა ვიცით პანკისზე და ქისტებზე?

საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე პანკისის ხეობის შესახებ ბევრი არაფერი იციან. გამოკითხვა რომ ჩაატარო, ბევრი გეტყვის, რომ ხეობა რუსეთს ესაზღვრება. ქისტებზე კიდევ უფრო ნაკლები ვიცით და რაც ვიცით ძირითადად უარყოფითი სტერეოტიპებითაა გაჯერებული. გაგვიგია, რომ ქისტების ნაწილი „ისლამური ხალიფატის“ რიგებში იბრძოდა, ამიტომ მთელი თემი ხშირად ტერორისტებად გამოყავთ. საქართველოს მოსახლეობამ არაფერი იცის იქ მცხოვრებ ადამიანებზე, უხუცესებზე, რომელთა სიბრძნემაც კრიტიკული ვითარების დროს (მათ შორის 21 აპრილს) არაერთხელ ითამაშა გადამწყვეტი როლი საქართველოს ინტერესების დაცვის საქმეში. არც საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იმ ნათელი გონების ახალგაზრდობაზე ვიცით რამე, რომელთა ნაწილიც ბოლო  მოვლენების დროს საკუთარი თემის კრიტიკასაც არ მორიდებია. და არც იმ თაობაზე, რომელიც ამ უხუცესებსა და ახალგაზრდებს შორისაა. გულწრფელები რომ ვიყოთ, პანკისზე და პანკისელებზე  საერთოდ არაფერი ვიცით...

 

რა შეეშალათ ქისტებს?

ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ ეს წერილი ქისტების გასაკრიტიკებლად არაა დაწერილი, მაგრამ რადგან ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ, ერთმანეთთან გულწრფელი საუბარიც უნდა შეგვეძლოს. მთელ რიგ ასპექტებში მათი პოზიციის ლეგიტიმურობის მიუხედავად პოლიციელების მიმართ გამოჩენილი აგრესია არ მართლდება. ამ საქციელის სამართლებრივ შეფასებას რომ თავი დავანებოთ, ამ საქციელმა კიდევ უფრო გააღრმავა მათ შესახებ არსებული სტერეოტიპები, რაც არც ქისტებისთვისაა კარგი და არც დანარჩენი საზოგადოებისთვის.

 

 რა შეეშალა სახელმწიფოს?

სახელმწიფოს ყველაზე ხშირად ის ეშლება, რომ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. 21 აპრილი ამის კლასიკური მაგალითი იყო. მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა და იმის რწმენა, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მოქალაქეებთან არსებული პრობლემების მოგვარება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეუძლია... და თუ სახელმწიფოს მიზანი იმ დღეს მართლა ენერგოდამოუკიდებლობის დაცვა იყო, მაშინ გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. უმრავლეს შემთხვევაში მოსახლეობა ამ პროექტებს ეწინააღმდეგება. თავად განსაჯეთ,  21 აპრილმა სახელმწიფოს პოზიციები გააძლიერა, თუ პროექტების მოწინააღმდეგე  მოსახლეობის?

 

კარგი ამბავიც იყო

ამ ყველაფრის ფონზე, ნამდვილად სასიამოვნო საყურებელი იყო პანკისის სათემო რადიოს ფოტო რეპორტაჟის რამდენიმე კადრი, რომლებშიც ჩანდა, როგორ ეხმარებოდნენ ქისტები დაშავებულ პოლიციელს. მოგვიანებით ის კადრიც ვიხილეთ, რომელშიც ჩანდა რომ პოლიციელები ეხმარებოდნენ დაშავებულ პროტესტანტს. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გასაყოფი მართლა არაფერი გვაქვს, მართლა ერთი მიწის შვილები ვართ, აქამდე ერთად გვიცხოვრია და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ზოგიერთივით სადღეგრძელო რომ არ გამოგვივიდეს, იქნებ ჯობდეს თავიდანვე დავფიქრდეთ, რომ ჩვენვე მოგვიწევს ერთმანეთისთვის მიყენებული ჭრილობების მოშუშება...

 

დავით ბრაგვაძე

“ინფოარმისთვის”

გაზიარება