უკან დაბრუნება

ქართველი სასულიერო პირების გატაცებისა და მკვლელობების შესახებ

7 ივნისი 2018

რუსმა ოკუპანტებმა, გუშინ,  სოფელ დვანიდან ქართველი სასულიერო პირი, დირბის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი გაიტაცეს. ადგილობრივების თქმით, იოანე ოხანაშვილი ერთადერთი იყო თანასოფლელებს შორის, ვისაც დაჭრილი ჯარისკაცები ცხინვალის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოჰყავდა. „ერთმორწმუნე“ რუსეთის მიერ ქართველი სასულიერო პირების გატაცებას, მათ დაპატიმრებას და მთელ რიგ შემთხვევებში, მკვლელობებსაც კი, საუკუნოვანი ისტორია აქვს.


1818 წელს რუსეთმა დასავლეთ საქართველოს ეპარქიათა უმრავლესობა გააუქმა. დაიკეტა ასეულობით ეკლესია, გაიძარცვა ტაძრები. ამის გამო, იმერეთში საყოველთაო აღშფოთება მალევე აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყების სულიერი წინამძღოლები ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და  გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე იყვნენ. მათი დაპატიმრება გენერალ ველიამინოვმა პოლკოვნიკ პუზირევსკის დაავალა. არსებობს წყაროები, რომლებიც ოკუპანტ-სამხედროებს შორის, პოლკოვნიკ პუზირევსკისა გენერალ და ველიამინოვს შორის ამ თემაზე გამართული მიმოწერა შემოგვინახა: 

პუზირევსკი:

„ტყვეები მორჩილად რომ იყვნენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ისინი ვერ იცნოს, თავზე ორივეს ტომრებს ჩამოვაცმევ. თუ უკიდურესი საჭიროება შეიქმნება, გთავაზობთ, მიტროპოლიტები საერთოდ დავხოცოთ და მათი გვამები მდინარეში გადავყაროთ“

ველიამინოვი:

„.... გვამები მიწას  არ მიაბაროთ და არც მდინარეში გადააგდოთ, რადგან დინებამ შეიძლება ისინი ნაპირზე გამორიყოს. საჭიროა, ცხედრები საქართველოში საერთოდ არ დავტოვოთ. გვამები კაიშაურამდე მაინც უნდა ჩავიტანოთ, სადაც უკვე შეიძლება მათი დაფვლა.“

დოსითეოსის და ექვთიმეს დატყვევების ამბებს დავით ბატონიშვილი ასე გადმოგვცემს: „შეიპყრნა ესე ტიტველნი ღამე, ქუთათელს, გაენათელს და არქიმანდრიტ გრიგოლს. თავს ჩამოაცვეს წელამდინ ტომრები და შეუკრეს ზევიდამ ხელები და ჰგვემეს ფრიად ქუთათელს და თავისის სახლიდამ თრევით ძირს ჩამოიტანეს, დასტანჯეს ესე ბერები უწყალოდ თვინიერ ყოვლისა მიზეზსა.“

იგივე ისტორიას აღწერს რუსი ისტორიკოსი ნიკოლოზ დურნოვოც:  

„მიტროპოლიტი დოსითეოსი ღამით შეიპყრეს, ძლიერ ცემეს, შემდეგ ხიშტით დაჩხვლიტეს, თავზე პუზირევსკის მომზადებული ტომარა ჩამოაცვეს და სისხლისგან დაწრეტილი, ცხენზე ძალით დააკრეს.“

დატყვევებული მიტროპოლიტები რუსეთის გზას გაუყენეს, მაგრამ მიღებული ჭრილობებისგან მოხუცი დოსითეოსი სურამთან გარდაიცვალა. ცხედარი რუსმა ჯარისკაცებმა ანანურამდე ატარეს. გარდაცვალებიდან 4 დღის შემდეგ, მიტროპოლიტი ანანურის ეკლესიის ეზოში მალულად დამარხეს. გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე სამუდამოდ გადაასახლეს რუსეთში.

ერთმორწმუნეობა არასდროს ყოფილა ჩვენს შორის ხიდი უკეთესი მომავლისკენ. ერთმორწმუნეობა ყოველთვის იყო გზა საქართველოს ხალხის გულისა და გონების ოკუპაციისთვის.

 

#ძალაჩვენშია

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

გაიარე რეგისტრაცია - infoarmy.ge

 გაუგზავნე ეს ინფორმაცია მეგობარს! 

 

 

გაზიარება