უნდა არსებობდეს, თუ არა საქართველოს მოქალაქის მოწმობაში ეროვნების გრაფა? მარგინალური ჯგუფები ამ საკითხს პერიოდულად უბრუნდებიან და ფსევდოპატრიოტული რიტორიკით ცდილობენ დაგვარწმუნონ მისი აღდგენის აუცილებლობაში.
საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქის პირდადობის მოწმობაში ეროვნების გრაფა გაუქმებულიყო 1997 წლის ივნისში მიიღო. მაშინ ამ გადაწყვეტილებას დიდი ხმაური არ მოჰყოლია. თუმცა ხმაური ატყდა 2 წლის შემდეგ. პირდადობის მოწმობაში ეროვნების გრაფის დაბრუნება დეპუტატმა გურამ შარაძემ მოითხოვა. პარადოქსია, მაგრამ გურამ შარაძე ერთ-ერთი იყო, ვინც 1997 წელს გრაფის გაუქმებას მხარი დაუჭირა, 1999 წელს კი ჩათვალა, რომ ქართველობას ართმევდნენ.
დღეს ამ საკითხის „ლობისტად“ „ქართული მარში“ გვევლინება. ისინიც აცხადებენ, რომ პირადობის მოწმობაში ეროვნების მითითების გარეშე ქართველობას დავკარგავთ.
ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს აურზაური არაფრის გამოა ატეხილი, თუმცა პრობლემა გაცილებით სერიოზულია. საბედნიეროდ ამ ჯგუფებს საზოგადოების აზრზე დიდი გავლენა არ აქვთ, მარგამ შესაძლებლობის ფარგლებში მავნებლობას მაინც არ ეშვებიან.
რა იყო ეროვნების გრაფის გაუქმების მთავარი მოტივაცია? თავის დროზე ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერი კობა დავითაშვილი ახლაც თვლის, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღები იყო. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეროვნების გრაფის აღდგენას ერთნიკური უმრავლესობა ითხოვს და არა უმცირესობა. დავითაშვილი მიიჩნევს, რომ გრაფის აღდგენის მომხრეები სეპარატიზმის წახალისებას უჭერენ მხარს.
თუმცა სეპარატიზმი არ არის მთავარი, რის გამოც ეთნიკური წარმომავლობის გრაფა გასაუქმებელი იყო. მთავარია გავცეთ პასუხი კითხვას: როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? თუ ვთანხებით, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე თანასწორია და მათ თანაბრად შეუძლიათ სახელმწიფოს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, მაშინ პირადობის მოწმობაში მსგავსი ჩანაწერი ყოველგვარს აზრსაა მოკლებული. ყველა პასუხისმგებლობა და პრივილეგია, რაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება ქონდეს, სწორედ მოქალაქეობის ნიშნით განისაზღვრება და არა კონკრეტული მოქალაქის ეთნიკური წარმომავლობით.
ამავე დროს, ქართული სახელმწიფოს მიზანი მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციაა. აქედან გამომდინარე ეთნიკური წარმომავალობის გრაფის გაუქმება სრულიად ლოგიკური და სწორი ნაბიჯი იყო. ხაზგასასმელია ის, რომ მიზანი იყო (და რჩება) ინტეგრაცია და არა ასიმილაცია. სწორედ ამიტომ, 1997 წლიდან დღემდე, ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებული პროტესტი არ გვინახავს. ქართული სახელმწიფოს ეს ნაბიჯი, მათ ასიმილაციად და ეთნიკური იდენტობის დაკარგვის საფრთხედ არ შეუფასებიათ. საქართველო სხვა გზით რომ წასულიყო და მისი ყველა მოქალაქისთვის ეროვნების გრაფაში „ქართველი“ ჩაეწერა, მაშინ კი დაასწრებდნენ გურამ შარაძესაც და „ქართულ მარშსაც“ ჩვენი ერთნიკური უმცირესობები. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მათ სამართლიან პროტესტს გამოიწვევდა.
ირაციონალური შიშები იმის თაობაზე, რომ პირადობის მოწმობაში ჩვენი ეთნიკურობის აღნიშვნის გარეშე „ქართველობას ვკარგავთ“, შეიძლება მომავალში უფრო შორსაც წავიდეს. ასეთივე მნიშვნელოვან საკითხად სხვამ შეიძლება მისი რელიგიური რწმენა ჩათვალოს და მომავალში ყოველი „ქართველის“ პირადობის მოწმობაში „მართლმადიდებელი“ ჩაწერეთო, მოითხოვოს და ა.შ.
მართლმადიდებლობას ჯერ არა, მარგამ იგივე ჯგუფები პირადობის მოწმობაში მამის სახელის დაბრუნებასაც ითხოვენ. ეს არსებითი საკითხი ნამდვილად არაა, თუმცა რუსული სამყაროს მიმართ საეჭვო ნოსტალგიის ელფერი დაჰკრავს. „Отчество“ ნამდვილად არაა ჩვენი საზოგადობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ის პირადობის მოწმობაში იყოს დაფიქსირებული. ჩვენ ხომ არც აღმოსავლეთის სლავები ვართ და არც ისლანდიელები, სადაც ყოველი ადამიანი გვარს მამის სახელის მიხედვით იღებს. მამის სახელი წარსულში იდენტიფიკაციის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა, თუმთა ციფრულ ეპოქაში მას ეს ფუნქცია უკვე დაკარგული აქვს. ისე ციფრულმა ეპოქამ საქართველოში „პრობლემებიც“ მოიტანა. ზოგს სულაც ჰგონია, რომ ელექტრონულ მოწმობაში დემონი ზის მისი აღება საერთოდ არ შეიძლება...
მოკლედ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ პირადობის მოწმობას თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს და ეს პატარა დოკუმენტი ჩვენს ავტობიოგრაფიად არ უნდა ვაქციოთ. ვისთვისაც თავისი ქართველობა ძვირფასია დოკუმენტებში ჩანაწერების გარეშეც შეუძლია იქართველოს. მამები კი მაინც ყველას გვეყვარებოდა, პირადობის მოწმობები სულ რომ არ არსებობდეს.
დავით ბრაგვაძე საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის #ძალაჩვენშია