უკან დაბრუნება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას თურქეთი ღიად არ ლობირებს...

12 აპრილი 2019

მრავალი წელია  ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. მისი შესაძლო აშენება პერიოდულად ხდება ულტრარადიკალური ჯგუფების პროტესტის საგანი. საკითხის გარშემო არსებული ბუნდოვანება იწვევს დაძაბულობას სხვადახვა ჯგუფებს შორის. ადგილობრივი მუსლიმები კი აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული ერთადერთი მეჩეთი მლოცველებს ვეღარ იტევს და ახლის აშენება აუცილებელია.

 

მზარდი ქალაქი - მზარდი მოსახლეობა

თბილისის შემდეგ ბათუმი საქართველოს ყველაზე მზარდი ქალაქია. მან წლებია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის სტატუსი ქუთაისს ჩამოართვა და ძნელი წარმოასადგენია უალოეს მომავალში ეს ადგილი დათმოს. გამალებული ურბანიზაციის ფონზე, იზრდება ბათუმის მოსახლეობაც, მათ შორის ბათუმის მუსლიმური თემი. მათ ძირითად ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც მთიანი აჭარიდან ბათუმში სამუშაოს საძებნელად ჩამოდიან. მთიანი აჭარაში მეჩეთების სიმცირის პრობლემა არ დგას, თუმცა სამუშაო ადგილები მწირია. ბათუმში მიმდინარე მშენებლობის ბუმმა, კი ქალაქი ბუნებრივად აქცია რეგიონის მასშტაბით მიზიდულობის ცენტრად. დღეისთვის ბათუმის მოსახლეობის მესამედი მუსლიმია. ამას ემატება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მუსლიმ ტურისტთა მზარდი ნაკადიც. ქალაქში არსებული  ერთადერთი მეჩეთი - ორთა ჯამე მლოცველებს ვერ იტავეს, რის გამოც პარასკევის დიდ ლოცვაზე მისული მრევლი ხშირად ქუჩაში ლოცულობს.

 

პოლიტიკოსთა დაპირებები

ბათუმელი ამომრჩევლის გულის მოგება ყველა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. მყარი პოლიტიკური პოზიციების შესანარჩუნებლად მუსლიმური თემის მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყველა თავმჯდომარემ ისაუბრა ახალი მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობაზე. მათი თქმით, მეჩეთი აშენდებოდა და მუსლიმური თემის ინტერესები ბოლომდე იქნებოდა გათვალისწინებული. საკითზე პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც. მისი თქმით, საქრთველოში რელიგიური ნაგებობის მშენებლობა არასოდეს გამხდარა დაპირისპირების მიზეზი და ბათუმის მეჩეთის გარშემო ატეხილი ხმაური გაუგებარია. მეტიც, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ისიც კი აღნიშნა, მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ფულს ბიძინა ივანიშვილი გაიღებდა.

 

ქართული ფული

ბოლო პერიოდში, ოფიციალური პირების მხრიდან აქცენტი იმაზე კეთდება, რომ თუ მეჩეთი აშენდება, ის აუცილებლად ქართული ფულით უნდა აშენდეს. საკითხის ასე დასმა შეურაცხმყოფილია მუსლიმური თემის ნაწილისთვის. ისინი თვლიან, რომ მსგავსი განცხადებები ქართველი მუსლიმების სეპარაციას უწყობს ხელს და მათ ხელოვნურ აფილირებას ახდენს თურქეთის რესპუბლიკასთან მაშინ, როდესაც ისინი საქართველოს პატრიოტები არიან. ოფიციალურ პირებს რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ და ხშირად სათქმელს სწორად ვერ გადმოსცემენ ეს დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ე.წ. ქართული ფულის საკითხი შესაძლოა იმაზე მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

 

თურქული ფაქტორი

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას თურქეთი ღიად არ ლობირებს. შეიძლება ითქვას, რომ ანკარა ამ პროცესში საერთოდ არ ჩანს. მიუხედავად ამისა, საკითზე საუბრისას თურქული ფაქტორის ხაზგასმა მთლად უსაფუძვლო არაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში არასწორი ინტერპრეტაციის საგანია. წლების წინ აქტიურად განიხილებოდა ბათუმში ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდში დანგრეული აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საკითხი. დღესაც კი ბოლომდე გაურკვეველია მას საკულტო დანიშნულება ექნებოდა, თუ მუზეუმის, თუმცა მუსირებდა აზრი, რომ აზიზიეს მეჩეთის აღდგენის სანაცვლოდ ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებოდათ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რესტავრაციის პროცესში ჩართულიყვნენ. აზიზიეს მაჩეთის აღდგენის საკითხმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ინფორმაციის სიმწირის გამო, ძნელი სათქმელია რამდენად სწორი იყო საკითხის ისე დასმა, რომ ტაო-კლარჯეთის ძეგლების რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვა, მხოლოდ მისი აღდგენის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. თუმცა ფაქტია, რომ ამასობაში იშხნის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. ჩატარებული სამუშაობში ქართველ სპეციალისტებს აქტიური მონაწილეობის საშუელება არ მიეცათ, შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მეთოდილოგიაზე კი ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. ახლა დღისწესრიგში ოშკის ტაძრის რეაბილიტაცია დგას, სადაც ქართველი მეცნიერების ჩართვის საკითხი კვლავ ღიად რჩება. გარანტია იმისა, რომ თურქული მხარე ოშკის აღდგენას იშხანზე უკეთ შეძლებს არ არსებობს. მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: ქართულმა მხარემ მოიგო, თუ წააგო, როდეცას აზიზიეს მეჩეთის აღდგენის სანაცვლოდ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართველი სპეციალისტების მუშაობის შესაძლელობა ხელიდან გაუშვა? მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია, ბათუმის მუსლიმური მრევლისთვის ახალი მეჩეთის მშნებლობისა და აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საკითხები, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

 

„ნაციონალისტები“

ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ყველაზე მეტად „ნაციონალისტები“ ეწინააღმდეგებიან. ბრჭყალები შემთხვევით არაა გამოყენებული. ძნელია იმ პათოსს რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ ნაციონალიზმი უწოდო. ზოგადად არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე ქართული ნაციონალიზმი უცნაური ფორმით ვითარდება და ამაზე ალბათ ცალკე უნდა დაიწეროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ურაპატრიოტული ჯგუფები ხშირად მართავენ საპროტესტო აქციებს და საკითხს კიდევ უფრო ამწვავებენ. მათი რიტორიკა ძირითადად თურქეთიდან მომდინარე საფრთხის ხაზგასმას ეფუძნება და ტოლობის ნიშანს სვამენ ქართულ მუსლიმურ თემსა და თურქეთის სახელმწიფოს შორის, რაც იმთავითვე არასწორი და მავნებლური მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ისლამის გავრცელება პირდაპირ უკავშრდება ოსმალურ ოკუპაციას, სწორედ ქართველი მუსლიმები იყვნენ აჭარის საქართველოსთვის დაბრუნების ბრძოლის ავანგარდში და მათ რწმენას საქართველოს სიყვარული არ შეურყევია. საბედნიეროდ, ისტორიამ არაერთი ქართველი მუსლიმის სახელი შემოინახა,  ვისი აქტიური ძალისხმევითაც დღეს აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

 

jam-news.net

ფოტო: Jam-news.net

ფიცრული მეჩეთის ნაცვლად

 იმის გამო, რომ ორთა ჯამე მლოცველებს ვერ იტევს და ამ დრომდე ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემბს, მუსლიმებმა მათთვის გამოყოფილ მიწაზე სახელდახელოდ ააგეს ფიცრული, რომელიც მეჩეთის ფუნქციას ითავსებს. პარასკევის დიდ ლოცვაზე ამ ნაგებობაში ათასობით მორწმუნე იკრიბება. მშენებლობის ნებართვის ფორმალური არგაცემის მიზეზი მუნიციპალიტეტის მხრიდან ისაა, რომ ტერიტორია მჭირდოდაა დასახლებული და იქ საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტის, ამ შემთხვევაში მეჩეთის აშენება მაცხოვრებლებს შეაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ტერიტორიაზე ქრისტიანული სალოცავები უპრობლემოდ ფუნქციონირებს. ასეთ მიდგომას ქართველი მუსლიმები მათი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მკაფიო გამოვლინებად მიიჩნევენ.

 

დასკვნის სანაცვლოდ

ბათუმი, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, არასოდეს ყოფილა მონო-ეთნიკური, ან მონო-რელიგიური. ისტორიის მანძილზე აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები. ახალი მეჩეთის მშვენებლობისთვის ხელოვნურად შექმნილი პრობლემები მხოლოდ არსებული ვითარების გამწვავებას იწვევს და არავითარი სარგებლის მომტანი არაა. ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილის, მუსლიმური თემის, სხვა სახელმწიფოსან აფილირების ნებისმიერი მცდელობა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს არ ემსახურება და თუ ვინმემ ამით შეიძლება სარგებელი ნახოს, მხოლოდ ის მეზობელია, რომელიც არა სამხრეთით, არამედ ჩრდილოეთით გვყავს. მათ კი, ვისაც არსებული პრობლემის მოგვარება ხელეწიფება, მეტი დაფიქრება მართებთ, რადგან ყველას ესმის, რომ ქართველი მუსლიმების ლეგიტიმური ინტერესის იგნორირება მუდმივად ვერ გაგრძელდება...

 

დავით ბრაგვაძე, სპეციალურად "ინფოარმისთვის"  

გაზიარება