უკან დაბრუნება

თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა 16 მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზე მოკლეს

8 აპრილი 2019

თბილისში მიმდინარე მიტინგის დასაშლელად, 1989 წლის 8 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს დედაქალაქში სპეციალური დანიშნულების რამდენიმე საარმიო ქვედანაყოფი გადმოისროლა. კერძოდ: ძერჟინსკის დივიზიის მე-4-ე მოტომსროლელი პოლკი (650 ჯარისკაცი); კიროვობადის 345-ე სადესანტო პოლკი (440 ჯარისკაცი); პერმისა და ვორონეჟის ომონის ნაწილები (160 მოსამსახურე); გორკის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის 450 კურსანტი. გარდა ამისა, სპეც-ოპერაციაში გამოიყენეს თბილისში დისლოცირებული მე-8 მოტომსროლელი პოლკის 650 სამხედრო მოსამსახურე.

 

ძალის გამოყენებით მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება 8 აპრილს საგანგებო თათბირზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს პარტიული ხელმძღვანელება და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა ესწრებოდა (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი - იგორ როდიონოვი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კონსტანტინ კოჩეტკოვი).

 

8-დან 9 აპრილის ღამეს,რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიან მომიტინგეებს საარმიო ნაწილებმა ალყა შემოარტყეს. დილის 4 საათზე გენერალმა იგორ როდიონოვმა ჯარებს უზენაესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის, მომიტინგეებისგან გაწმენდა უბრძანა. მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა 9 აპრილს გამთენიისას 04:05 საათზე დაიწყო და 04:21 საათზე დასრულდა.

 

მომიტინგეებისა და მოშიმშილეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ხელკეტები,მესანგრეთა ალესილი ნიჩბები, ცრემლსადენი და მომწამვლელი გაზი „ჩერიომუხა“ და „სი-ესი“.

 

სპეც-ოპერაციის შედეგად ადგილზე დაიღუპა 16 მშვიდობიანი მოქალაქე. სამი მოქალაქე  საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მიტინგის დაშლიდან რამდენიმე საათში თბილისის საავადმყოფოებს 251 ადამიანმა მიაკითხა, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის ჭრილობები. ყველა მათგანი მოწამლული იყო. საერთო ჯამში, 9 აპრილის მომდევნო დღეებში საავადმყოფოებს 4 ათასამდე მოქალაქემ მიაკითხა.

 

საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ დემონტსრანტები თავად დაესხნენ ჯარისკაცებს და სამხედრო მოსამსახურეები მხოლოდ თავს იცავდნენ.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

გაზიარება