მიმდინარე წლის 13-14 მარტს მოსკოვში გამართულ კონფერენციას დავესწარი. იქ როგორ მოვხვდი, რა მოტივაცია მქონდა და რა ვილაპარაკე, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. არც იმაზე ვისაუბრებ ქართველ მონაწილეთა უმრავლესობა როგორი კომპეტენტური და პრინციპული იყო და არც იმაზე, რომ მცირე ნაწილის შემხედვარეს უხერხულობის მძაფრი განცდა მეუფლებოდა. მოკლედ მოგითხრობთ იმას, რა გვითხრეს რუსმა მასპინძლებმა და რა უნდათ ჩვენგან ამაზე დასკვნები ერთად გავაკეთოთ.
რა თქმა უნდა, მოსკოვში წასვლა იმთავითვე სარისკო ნაბიჯი იყო და იმის მოლოდინი არავის ჰქონდა, რომ იქ კეთილგანწყობილ ხალხს დაგვახვედრებდნენ. ვისაც რუსეთი გვაინტერესებს, ყველამ ვიცით როგორ აზროვნებენ იქაური „ძერჟავნიკები“, მაგრამ ამ ყველაფრის ცოცხალი შესრულებით ნახვას სულ სხვა ეფექტი ჰქონდა.
მთავარი ხიბლი კი ის იყო, რომ გორჩაკოვის ფონდმა თითქმის ყველა რუსი ექსპერტი შეკრიბა, ვინც დღეს საქართველოზე მუშაობს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გახსნით პანელზე იმავე გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეონიდ დრაჩევსკიმ თავისი გამოსვლის სოლიდური ნაწილი დიმიტრი ლორთქიფანიძის ქებას მიუძღვნა. აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისინებით, ლორთქიფანიძის მხრიდან თბილისში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელობა დიდ გამბედაობასა და ვაჟკაცობას მოითხოდა. ეტყობა დრაჩევსკიმ კარგად არ იცოდა იმავე ვიზიტის ფარგლებში, იგივე დიმიტრი ლორთქიფანიძე რამხელა გამბედაობასა და ვაჟკაცობას ავლენდა სასტუმრო ბოროდინოს რესტორანში ვალერი ხაბურძანიასთან, ზაზა გაბედავასთან, გიორგი წურუწუმიასთან[1] და მოსკოვში მოღვაწე სხვა ქართველ მამულიშვილეთან საუბრისას. თუმცა, ხომ დაგპირდით ქართველებზე არ ვისაუბრებ-მეთქი, ამიტომ ისევ დრაჩევსკის დავუბრუნდეთ.
როგორც აღმოჩნდა პრიმაკოვის ცენტრზე საუბარი დრაჩევსკის გასახურებლად სჭირდებოდა, შემდეგ კი მთავარი სათქმელიც გვითხრა „პატარა ქვეყნები დამოუკიდებლები ვერასოდეს იქნებითო“. ამ სიტყვებმა ქართველების გაღიზიანება გამოიწვია, თან კაცის მხრიდან, რომელიც, იდეაში მთავარი მასპინძელი იყო... თან გორჩაკოვის ფონდის სრული სახელი ხომ თავის თავში სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერასაც მოიცავს (Фонд поддержки публичной дипломатии им. А.М. Горчакова). ხოდა პატივცემულ აღმასრულებელ დირექტორს მთლად დიპლომატიური მისასალმებელი სიტყვა ვერ გამოუვიდა. სახალხოს რომ თავი დავანებოთ, დრაჩევსკიზე გაგონილი მქონდა, რომ კარიერული დიპლომატიც იყო. მართლაც, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დსთ[2] საქმეთა მინისტრი. ასეთი CV-ის მქონე კაცისგან ასეთი არადიპლომატიური შესავალი არ ჩანდა ლოგიკური. ერთი ახსნა ის იყო, რომ რუსია და მისგან ეგეთები "მოსულა", მაგრამ მთლად მაგისთვის დაბრალებაც არ მინდოდა. მის ბიოგრაფიაში ამ სიტყვების გამამართლებელი მაინც ვერაფერი ვიპოვე. არც ის გამომადგა რამეში რომ დრაჩევსკი პროფესიონალი ნიჩბოსანი იყო, 1968 წლის მეხიკოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ფინალშიც კი გავიდა, მაგრამ იქ სტარტი ვერ აიღო და უმედლოდ დარჩა. ხოდა ბოლოს მაინც იმაზე შევჩერდი, რომ რუსია და სხვანაირად არ შეუძლია. გინდა სახალხო დიპლომატი იყოს, გინდა კარიერული და გინდა ნიჩბოსანი...
ის რომ „პატარა ქვეყნები დამოუკიდებლები ვერასოდეს იქნებიან“ რუსი მონაწილეების თითქმის 100 პროცენტის რიტორიკაში იკითხებოდა. მათთვის ნაკლებად ჰქონდა აზრი ფაქტებს, საერთაშორისო სამართალსა და ადამიანურ პრინციპებს. ბევრი მათგანი სანამ რამეს იტყოდა ჯერ კარგად გადახედავდა ხოლმე სხვა მონაწილეებს - ხომ კარგად ესმის ყველასო... ე მანდ მაამებლურ რამეებს რომ ვიძახი, არავის გამორჩესო.
როდესაც საუბარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, სამხედრო ოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევასა და მავთულხლართების სახით აღმართულ ახალ ბერლინის კედელს შეეხო, საპასუხოთ მხოლოდ ის მივიღეთ, რომ „იდეალიზმი დამღუპველია“, რომ „ეს უკვე ნახეს“, „ამან დაანგრია სსრკ“ და ა.შ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა, მაგალითად ილორის ტაძრისთვის იერსახის დამახინჯება კი „ცალკეული მღვდლების თვითნებობად“ შეფასდა.
ოკუპაცია ის თემა იყო, რომელსაც, ცხადია, ვერ გავექცეოდით, ჩვენ ჩვენი გვაწუხებდა, იმათ კი „უდიდესი გეოპლიტიკური კატასტროფა“ (საბჭოთა კავშირის დანგრევა - ვ. პუტინი) არ აძლევდათ მოსვენებას და თითქოს ამ კატასტროფის განმეორების შიშით ხსნიდნენ ყველა იმ უბედურებას, რასაც სჩადიან. მე კი უნებლიედ მახსენდებოდა ავადსახსენებელი მასპინძილის, გორჩაკოვის ფონდის ლოგოს ქვეშ მიწერილი სიტყვები „Мир и Справедливость”, ვუსმენდი ამ ყველაფერს და ვერც მშვიდობის სურვილს ვხდევდი, ვერც სამართლიანობისას…
მერე ზოგიერთებს მობეზრდათ იმ თემებზე საუბარი, „რომელიც გვყოფს“ და მოდი იმაზე ვისაუბროთ „რაც გვაერთიანებსო“. ხოდა ერთადერთი რაც გაახსენდათ საბჭოთა კულტურა იყო. საბჭოთა კულტურა გაგვაერთიანებსო... ამაზე მგონი დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ.
ერთი სესია რუსული ენის, როგორც რეგიონული ენის მნიშვნელობას დაეთმო. რუსებს უჭირთ იმასთან შეგუება, რომ მათი ენა ისეთი Lingua Franca ვეღარაა, როგორც წარსულში იყო. ამით დამწუხრებულებმა გვისაყვედურეს კიდეც - სკოლებში რუსული ენის საათებს ამცირებთ და ამის ნაცვლად იმას ასწავლით, რომ საბჭოთა ოკუპაცია მოხდა საქართველოში, უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებშიო. არადა სასაცილოა პირდაპირ, თუ ასე ყველა რესპუბლიკა დაიპყრეს და ძალით გააწევრიანეს, ეგ რანაირი კავშირი გამოდისო? მართლა გეუბნებით, ჩვენ გვკითხეს, რანაირი კავშირი იყო, თუ ყველა დაპყრობილი იყოვო...
იმევე რუსულ ენაზე საუბრისას, ისიც დასძინეს, არ მოგვწონს რუსულს ინგლისური რომ ანაცვლებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რადგან ეგ „наш огород“ არისო. მართლა გეუბნებით, მართლა ბოსტნად მოიხსენიეს ამდენი დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ცოტა ეკონომიკაზეც და დავამთავროთ. ამ ამბით რუსები ძალიან გადიდგულებულნი ჩანან. ყველაზე მეტ ქართულ ღვინოს რუსები ვსვამთო, თქვენთან ჩამოსული ტურისტების ნახევარზე მეტი რუსები არაინო, თქვენი პროდუქციის მთავარი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთიაო, ქართულ მეღვინეობაში ყველაზე დიდ ინვესტიციებს ჩვენ ვდებთო. მთლად პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ეგრე გამოუვიდათ, ცოტა ფრთხილად იყავით, თორე ხომ გახსოვთ, ემბარგო პრობლემა არაა, გვიქნია უკვე ეგრეო... ვითომ არ გინდათ, მაგრამ მაინც ჩვენზე ხართ დამოკიდებულნიო.
განა ამ ყველაფერზე ქართველებს პასუხი არ გაგვიცია, მაგრამ აქ უფრო იმის ჩვენება მინდოდა იმათ როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ. ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია ტრაგედიაა, მარგამ ამაზე დიდი პრობლემა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ტვინების 100 პროცენტიანი ოკუპაციაა. ჩვენ მიმართ რუსული ნარატივები ან აგრესიულია, ან უკიდურეს აბსურდს ეფუძნება, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფრის სჯერათ. სჯერათ, რომ რადგან საბჭოთა კავშირის სახელში სიტყვა "კავშირი" ერია, ძალადობრივი ვერ იქნებოდა და ოკიანისგაღმელი მასონების გავლენით ვწამლავთ მომავალ თაობებს. გულწრფელად სჯერათ, რომ ღმერთმა მათი “великая держава” ჩვენს საპატრონოდ და ურჩობის შემთხვევაში დასასჯელად შექმნა. თან ეს სჯერა რუსული საზოგადოების ყველაზე განათლებულ ნაწილსაც კი... მაღალი რანგის დიპლომატით დაწყებული, ოლიმპიადის ფინალში სტარტის ვერამღები ნიჩბოსნით დამთავრებული, ყველას სჯერა, რომ „პატარა ქვეყნები დამოუკიდებლები ვერასოდეს იქნებიან“...
დავით ბრაგვაძე