უკან დაბრუნება

"მაილიანის ცხინვალური ვოიაჟი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ერევანთან ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე აყვანა შეიძლება არცთუ ისე უღრუბლოდ განვითარდეს"

26 თებერვალი 2019

მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალში 18 თებერვლიდან „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული მასის მაილიანის ხელმძღვანელობით. იგი შეხვდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად წოდებულ ანატოლი ბიბილოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულ დიმიტრი მედოევს. ალბათ არ არის აუცილებელი განცხადებების იმ თაიგულის აქ მოყვანა, რომლებიც იქ გაკეთდებოდა.

 

ეს „სამუშაო ვიზითი“ შეიძლებოდა იმ რიგით ღონისძიებად ჩაგვეთვალა, რომელსაც მოსკოვი სისტემატურად მიმართავს იმ მიზნით, რომ ქართველებს „ცხოვრება თაფლუჭად არ მოეჩვენოთ“ (чтоб жизнь мёдом не казалась), რომ არა ის რეგიონული კონტექსტი, რომელიც ახლაა შექმნილი სამხრეთ კავკასიაში. ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ და რუსეთმა შვეიცარიის შუამდგომლობით მოილაპარაკეს და უახლოეს ხანებში აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის გავლით სატრანსპორტო მიმოსვლა დაიწყება. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს მთავრობას ამ კორიდორის გახსნისთვის, რასაც ქართველი ობივატელი დიდი თანაგრძნობით ხვდება.

 

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მაილიანის ექსკურსია ცხინვალში საქართველოს მთავრობის ზემოხსენებულ ისედაც არაპოპულარულ პოზიციას, კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. რომ არაფერი ვთქვათ, იმ „სიკეთეზე“, რომელიც მსგავს ვოიაჟებს თბილისი-ერევნის ურთიერთობებისთვის მოაქვს. მეორე მხრივ, ძნელია დაუშვა, რომ დერეფნის გახსნისთვის დამატებითი პრობლემების წარმოშობა ერევნის ინტერესებში შედიოდეს. ამდენად, სახეზე გვაქვს, ერთის მხრივ, ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, მეორე მხრივ, კი შეფარული მუქარა, როგორც თბილისის, ისე ერევნის მიმართ. ამოცანა გვეკითხება, თუ რომელი ძალისგან შეიძლება მომდინარეობდეს ის და რა მიზანს ისახავდეს.

 

აღსანიშავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ურთიერთობები სომხეთთან გარკვეული ახალი დინამიკით ხასიათდება: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავის სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, შემდეგ იყო ეროვნული უშიშროების სამსხურის მეთაურის არტურ ვანეციანის ვიზიტი თბილისში, უკანასკნელ დღეებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეწვია ერევანს.

 

მეორე რეგიონულ მეზობელთან, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობები კი საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. ამის მიზეზია ბუნებრივი აირის რუსეთიდან შესყიდვის განახლების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებები, რომლებიც აზერბაიჯანის მხრიდან გაზის ფასის გაზრდის შემდეგ დაიწყო. თითქოს ეკონომიკური საკითხია, მაგრამ ყველაფერი ისე იქნა მოწოდებული, რომ SOCAR-ის მიერ გაზის ფასის გაზრდა ძეგლის გახსნის ისტორიას დაკავშირებოდა და ქართული მხარის დასჯად ყოფილიყო აღქმული. საინტერესოა, რომ ამ ილუზიის გასაფანტად არავის მოუკლავს თავი. გაძვირებისთანავე თბილისში გაიხსენეს  ადრინდელი ხელშეკრულება გაზპრომთან, რომლის მიხედვით საქართველოს სომხეთში ტრანზიტის სამაგიეროდ შეუძლია შეღავათიან ფასად შეისყიდოს გაზის გარკვეული ოდენობა. მართალია, მაშინ აირის ამ ნაწილზე უარი იყო ნათქვამი და მოთხოვნილება მთლიანად აზერბაიჯანიდან კმაყოფილდებოდა, მაგრამ ახლა დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე დაიწყო აპელირება. ამჯერად უკვე საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოიყურება, როგორც SOCAR-ისთვის სამაგიეროს გადახდა.

 

როგორც ვხედავთ, ტერორისტის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებული სკანდალი, იმის მაგივრად, რომ დროულად განიველირებულიყო, ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემების გაჩენის სათავე გახდა. მეორე მხრივ, ძნელია არ შეამჩნიო გარკვეული ძალების მატერიალური დაინტერესებაც. საინტერესოა, კონკრეტულად რა მოგებაზეა საუბარი, როდესაც აზერბაიჯანული გაზი ნაწილის ჩანაცვლება იგეგმება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გამოცდილებით ვიცით - რუსულ გაზს პოლიტიკური ფასი აქვს?

 

ამდენად, სახეზეა, ერთის მხრივ, თბილისის მიერ ერევანთან ურთიერთობების ახალი ფორმატის ძიების მცდელობები, მეორე მხრივ, ერთგვარი გულგრილობა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში. წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ურთიერთობებში ჩამოყალიბებულ ბალანსი ძალზე მყიფეა, დიდია რისკი იმისა, რომ მისი თუნდაც პოზიტიური მიმართულებით შეცვლის გზების ძიებაში ნეგატიური შედეგი მივიღოთ. მსჯელობა იმაზე, მიიღებს თუ არა ეს თბილისის მოსინჯვები პოლიტიკური ტენდენციის სახეს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა. თუმცა, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ მაილიანის ცხინვალური ვოიაჟი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ერევანთან ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე აყვანა შეიძლება არცთუ ისე უღრუბლოდ განვითარდეს. ხოლო გაგრილების შემთხვევაში აზერბაიჯანთან ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნება ძალზე რთული საქმე იქნება.

 

ირაკლი ტორონჯაძე,

სპეციალურად "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის"

#ძალაჩვენშია

გაზიარება