უკან დაბრუნება

საქართველოს უცნობი გმირი - დიმიტრი ვარდანაშვილი

11 დეკემბერი 2018

1937 წლის 26 მაისისღამეს, თბილისში, მარტის ქუჩის 4 ნომერში, შინსახკომმა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი, 22 წლის დიმიტრი მიხეილის-ძე ვარდანაშვილი დააპატიმრა. ჩხრეკისას, ვარდანაშვილის ბინიდან, შინსახკომის თანამშრომლებმა ტიპოგრაფიული საბეჭდი ყუთი, ტოპოგრაფიული შრიფტი, მენშევიკური ლიტერატურა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას და ქართველი მენშევიკის აკაკი ჩხეიძის პორტრეტები; ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიას წიგნები, აგრეთვე 1919 წელს გამოცემული ჟურნალი ამოიღეს.

 

დაკითხვის ოქმიდან ვიგებთ, რომ ვარდანაშვილი სულ 18 წლისიყო, როდესაც ქუთაისში, საკუთარი სახლის სხვენში, შემთხვევით, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის რამდენიმე გაზეთი აღმოაჩინა. მათი წაკითხვის შემდეგ დაასკვნა, რომ საქართველო რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. იგი ამ თემით დაინტერესდა და სპეციალური ლიტერატურის ძებნა და კითხვა დაიწყო. აქტიურად ეცნობოდა სოციალ-დემოკრატთა იდეოლოგიას. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ 25 თებერვალს საქართველომ დამოუკიდებლობა სამხედრო აგრესიის შედეგად დაკარგა და კომუნისტური პროპაგანდა სრული სიცრუე იყო.

 

ვარდანაშვილმა იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია შექმნა, რომელშიც რამდენიმე სტუდენტი გააწევრიანა. ამ ორგანიზაციას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის უნდა ებრძოლა. ამონაწერი დაკითხვის ოქმიდან:

ეს ორგანიზაცია არალეგალურ, საინიციატივო მენშევიკურ ჯგუფს წარმოადგენდა, რომელიც მიზნად მენშევიკური ლიტერატურის შესწავლას და ახალი წევრების ჯგუფში გაწევრიანებას ისახავდა. ორგანიზაციის ძირითადი ამოცანა იყო მომავალში შეიარაღებული აჯანყების მოწყობა, საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოში დამოუკიდებელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული წყობის დამყარება.

 

როგორც შინსახკომში გახსნილი სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, ვარდანაშვილი 26 მაისს კიროვის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას აპირებდა, მაგრამ იგი ერთ-ერთმა სტუდენტმა გასცა.ვარდანაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, სპეციალური პროკლამაციებიც კი ჰქონდა დაბეჭდილი, რომელიც მან სახლში მოწყობილ კუსტარულ სტამბაში მალულად დაბეჭდა.

 

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 1937 წელს, ტოტალური დასმენების, საყოველთაო შიშისა და ყოვლის მომცველი ტერორის დროს, დამოუკიდებელ საქართველოზე ფიქრობდა და სტალინის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემას შეგნებულად უპირისპირდებოდა.

1937 წლის 19 სექტემბერს ვარდანიშვილის საქმე საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ განიხილა, რომელსაც მატულევიჩი ხელმძღვანელობდა. სასამართლოს ულ 20 წუთი გაგრძელდა. ვარდანაშვილმა აღიარა, რომ პროკლამაციები მან დაწერა და თავი დამნაშავედ სცნო. უკანასკნელ სიტყვაში დიმიტრი სასამართლოს სთხოვდა გაეთვალისწინებინათ, რომ იგი ახალგაზრდა იყო და მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.

 

მაგრამ საბჭოთა სისტემამ იგი არ შეიწყალა. დიმიტრის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და 1937 წლის 20 სექტემბრის ღამეს, სასამართლოს დასრულებიდან რამდენიმე საათში დახვრიტეს.

 

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი საბჭოთა უშიშროების არქივი. 1937 წლისსისხლის სამართლის საქმე № 9241

 

 

#ძალაჩვენშია

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

გაზიარება