სამი წლის წინ პირველად გავეცანი ევროპულ კულტურას ერასმუსისა და არასამთავრობო ორგანიზაცია -Youth for the world-ის დახმარებით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სრული დაფინანსებით გაემგზავრონ სხვადასხვა ქვეყანაში და მათთვის საინტერესო სფეროში ფორმალური და არაფორმალური განათლება მიიღონ. ამ 3 წლის მანძილზე ვიყავი 6 ქვეყანაში და 15-მდე ერის წარმომადგენლები გავიცანი. ეს იყო ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.
მე, როგორც სტარტაპერი, დაინტერესებული ვიყავი ინოვაციებითა და მეწარმეობით; ევროპაში ორგანიზებულმა სასწავლო კურსებმა კი მომცა საშუალება, არა მხოლოდ, თეორიული ანალიზი გამეკეთებინა ამ სფეროში, არამედ შევხვედროდი წარმატებულ მეწარმეებსა და ინოვატორებს, რაც ნამდვილად შთამაგონებელი აღმოჩნდა ჩემთვის და საქართველოში დაბრუნებისას მალევე შევქმენი საკუთარი ბრენდი.
მოლოდინი იმისა, რომ მექნებოდა კულტურული შოკი ან/და იდეოლოგიური ომი ევროპელ ახალგაზრდებთან, სრული აბსურდი აღმოჩნდა. განსხვავებები ყველგანაა: არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ-ქვეყნის შიგნითან. ერთ პატარა საქართველოშიც კი, ყველა რეგიონში სხვადასხვა სამზარეულო და წეს-ჩვეულება აქვთ, თუმცა განსხვავებების მიუხედავად ყველას გვაერთიანებსადამიანური საწყისები. ევროპა არ ქადაგებს ე.წ ,,გარყვნილებას“ (რითაც ასე ხშირად მანიპულირებენ პროპაგანდისტები), არამედ მოგვიწოდებს თავისუფლებისაკენ.ეს ორი მცნება კი სხვადასხვა რამ არის და საჭიროა, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. თავისუფალ აზროვნებას ცოდნა და ანალიზის უნარი სჭირდება, რომელთაც ევროპული განათლების სისტემა გვთავაზობს და ამ შანსის გამოყენება, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია იმ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც სურთ სრულფასოვანი განათლების მიღება და ნათელი მომავლის შექმნა.
საქართველოში სხვა ერების მიმართ შიში წარმოიშვა მძიმე ისტორიული გამოცდილებების საფუძველზე, რასაც ამძაფრებს ის მოსაზრება, რომ დიდ კულტურებთან შერწყმით წარსულთან კავშირსა და იდენტობას დავკარგავთ, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს ქსენოფობიაში, რაც იწვევს საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებას სხვა კულტურების მიმართ და ინტეგრაციის შეფერხებას, რაც სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითად აისახება.
ეს შიში ბუნებრივი მოვლენაა და ყველა ერში გარკვეული დოზით არსებობს. მაგ: ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ემიგრანტების მიმართ საკმაოდ ნეგატურად არიან განწობილნი, რასაც ხშირ შემთხვევაში ობიექტური მიზეზები აქვს (გაზრდილი კრიმინალი, ფულის გადინება, არალეგალური/იაფი მუშახელის ხარჯზე ხელფასების ზოგადი დონის შემცირება და ა.შ).
თუმცა, ჩვენს მსგავს ქვეყანაში, ქსენოფობიას ისტორიული ფაქტორი განაპირობებს, რასაც კიდევ უფრო ირაციონალურს ხდის რუსული პროპაგანდა, რომელიც წლებია, გამიზნულად ებრძვის ევროპულ გაერთანებებსა და კულტურებს, რადგან რუსულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, ჯერ კიდევ, მკვეთრად დაჰკრავს საბჭოური ელფერი. ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობს, საქართელოს ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნად ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალოს, საუკეთესო არგუმენტია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
ანა ხელაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის