ზუსტად ვიცი, რომ ამ ტექსტის დასაწერად ყველაზე ცუდი დრო შევარჩიე, მაგრამ ვინც ასეთ რამეებს ზოგადად კითხულობს ახლაც წაიკითხავს. ქვემოთ მოცემული მოსაზრებები, შესაძლოა უნებლიედ დაემთხვეს სხვა ანალიტიკოსთა მიერ გამოთქმულ ვარაუდებს. რა მოხდა უკრაინაში და რატომ მოხდა? რა მოხდა? როგორც ვიცით, 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა მესაზღვრეებმა სამი უკრაინული საზღვაო გემი და მათი ეკიპაჟები დააკავეს.
ქერჩის სრუტე ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვასა და აზოვის ზღვას. მის ერთ მხარეს მდებარეობს ქერჩის ნახევარკუნძული (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის რეგიონი, უკრაინა) მეორე მხარეს კი ტამანის ნახევარკუნძული (კრასნოდარის ოლქი, რუსეთის ფედერაცია).კრემლის ოფიციალური პოზიციის თანახმად, 2014 წლის შემდეგ ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ქერჩის სრუტის ორივე ნაპირი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას და უკრაინელ მესაზღვრეებს არ აქვთ უფლება ამ წყლებში გადაადგილდნენ. თუმცა საერთაშორისო სამართლის კუთხით, ქერჩის სრუტეზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან სრული კონტროლის დამყარება ისეთივე უკანონონობაა, როგორც ყირიმის ოკუპაცია.
The Nikopol gunboat and the Yany Kapu tugboat of the Ukrainian navy docked in Russian-controlled Crimea. Photograph: Sergei Malgavko/Tass
შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივას ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში საომარი მდგომარეობის 30 დღით გამოცხადების თაობაზე, რის შედეგადაც სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალები. მძიმე შეიარაღების გადაადგილება შეინიშნება რუსული მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, რომ არ აპირებს საომარი მოქმედებების განახლებას და საომარი მდგომარების გამოცხადება კრიზისის ეფექტიანი მართვის საშუალებას წარმოადგენს. რატომ მოხდა?
დრომ გამოცადა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც პუტინის ხელისუფლება მსხვილ პროვოკაციებზე მიდის მაშინ, როდესაც ლიდერის რეიტინგი მკვეთრად ეცემა. რუსი ობივატელისთვის ყირიმის ანექსიის მერე დიდი სიხარული აღარ ყოფილა. ყირიმის ანექსია კი დროში საეჭვოდ დაემთხვა პუტინის დაცემულ რეიტინგს, რომელიც ხსენებული მოვლენის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, 4 წელზე მეტი გავიდა და ყირიმმა თავისი რესურსი ამოწურა, ახალი სიხ არულია საჭირო, რომელიც რუს ობივატელს შეახსენებს, რომ მის ვილიკაია დერჟავას არანაკლებ ვილიკი პრეზიდენტი მართავს. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ ეს პროვოკაციაც ამით იყოს გამოწვეული.
საკმარისია კი რუსი ობივატელისთვის 3 უკრაინული სასაზღვრო გემის დაკავება? რა თქმა უნდა არა. თუმცა შეიძლებას საკმარისი აღმოჩნდეს ქერჩის სრუტის დაკეტვა და აზოვის ზღვის სრულად რუსულ ზღვად (ან სულაც რუსულ ტბად) გამოცხადება. დაახლოებით ისეთად, როგორიც მარმარილოს ზღვაა თურქეთისთვის, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ როგორიც შავი ზღვა იყო ოსმალითის იმპერიისთვის კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ. ქერჩის სრუტე ისეთივე გასაღებია აზოვისთვის, როგორც ბოსფორი შავი ზღვისთვის.
ქერჩის სრუტის ორივე ნაპირის კონტროლის მიუხედავად, რუსეთს ის დღემდე არ ჩაუკეტავს უკაინისკინენ მიმავალი სამოქალაქო გემებისთვის. იმის გამო, რომ სამოქალაქო გემებისთვის ქერჩის სრუტე დაკეტილი არაა, ფუნქციონირებას აგრძელებს აზოვის ზღვის უმსხვილესი უკრაინული პორტი მარიუპოლი. მარიუპოლი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქია. ალბათ კარგად გახსოვთ თუ რამხელა ძალისხმევა გასწია რუსეთმა და მის მიერ კონტროლირებულმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების პერიოდში ქალაქის ჯერ დასაკავებლად და შემდეგ შესანარჩუნებლად. თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასზე კონტროლის აღდგენა მაინც მოახერხეს.
მარიუპოლის სტრატეგიულ დანიშნულებას მისი ეკონომიკური მნიშვნელობა განაპირობებს. ის წარმოადგენს უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს მეტალურგიულ და ქიმიური მრეწველობის ცენტრს. მარიუპოლი უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია (კიევისა და ზაპოროჟიას შემდეგ). ბუნებრივია, მის ინდუსტრიულ განვითარებაში პორტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ქვეყნებიდან მომავალი გემებისთვის მარიუპოლის პორტი დაიკეტება, ეს შეაფერხებს მის ინდუსტრიას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება უკრაინის ბიუჯეტზე.
შეიძლება ვინმეს კონსპირაციულად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი აზრით, არ შეიძლება დავივიწყოთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი. ფაქტია, რომ ეს მოვლენა იქცა უდიდეს გამარჯვებად უკრაინული სახელმწიფოსა და უკრაინელი ერისთვის, რუსეთისთვის კი უდიდესი სტრატეგიული დანაკარგია. უკრაინის ეკლესიურად დაკარგვა, საბოლოო ჯამში ნიშნავს უკრაინის პოლიტიკურად დაკარგვას. უკრაინის პოლიტიკურად დაკარგვას პირველ რიგში ნიშნავს იმიტომ, რომ ეს მოვლენა ხელს უწყობს უკრაინელთა კონსოლიდაციას და უკრაინელი ერის ფორმირებას. უკვე შემდგარი უკრაინელი ერი კი რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას აღარასდროს მოისურვებს. უკრაინის პოლიტიკურად დაკარგვა (რუსი იმპერიალისტების აზრით) უდრის რუსეთის, როგორც იმპერიის დასასრულს. ფაქტია, რომ რუსულმა ეკლესიამ და კრემლმა ყველაფერი გააკეთეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ჩასაშლელად, თუმცა მათ ვერ უშველა ვერც შანტაჟმა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და პატრიარქზე ჰაკერულმა თავდასხმებმა, ვერც რუსული ეკლესიის მაღალი იერარქების ვოიაჟებმა, ვერც მოსყიდვის მცდელობებმა და ა.შ. კრემლი და მისი ეკლესია ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ და ახლა ცდილობენ ასიმეტრიული პასუხი გასცენ უკრაინელი ერის, მისი ხელისუფლებისა და მისი ეკლესიის ამ ურჩობას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2019 წლის მარტში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია. ცხადია, რომ არაერთი მიზეზის გამო პეტრო პოროშენკო კრემლისთვის მკვეთრად მიუღებელი პოლიტიკოსია. ამას მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხიც ეყოფა, რადგან როგორც უკვე ვიცით, ეროვნული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მისი ხელისუფლების მოთხოვნის გარეშე არ ხდება. ბუნებრივია, ამ საკითხმა პოროშენკოს რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია და კარგი სასტარტო პოზიციები შეუქმნა საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები განახლდა (რაც უკრაინის ინტერესებში არ შედის) და უკრაინის ეკონომიკამ მძლავრი დარტყმა მიიღო, შესაძლოა გავლენა იქონიოს არჩევნების საბოლოო შედეგზე. თუმცა შეიძლება კრემლის აგრესია იყოს კონტრპროდუქტიულიც და პოროშენკოს გარშემო ელექტორატის მობილიზაცია გამოიწვიოს. პ.ს. ჩვენ მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენები დრამატულად არ განვითარდება და კრემლი ვერ შეძლებს უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებას. პ.პ.ს. დასავლეთისთვის რუსეთზე გავლენის მოხდენის ერთადერთ საშუალებად ისევ სანქციები რჩება, თუმცა უკვე ვიცით რომ ამ კონკრეტული ინციდენტის გამო სანქციები მხოლოდ შენარჩუნდება და არ გამკაცრდება, რადგან დასავლეთში შიშოებენ, რომ დამატებით სანქციები რუსეთის დამატებითი აგრესიის წყარო გახდება.