უკან დაბრუნება

ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის გაღარიბება 2019 წელს კიდევ უფრო გაღრმავდება

28 ნოემბერი 2018

როსტატის (რუსეთისსტატისტიკური ფედერალური სამსახური) მონაცემებით, 2017 წელს რუსეთში საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვევით 19,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 13,2 პროცენტს შეადგენს. (რუსეთში საარსებო მინიმუმი 11 ათას 163 რუბლს შეადგენს).

 

 

2014-2016 წლების ეკონომიკური კრიზისმა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებმა, რუსეთში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად დასწია. მაგალითად, 2016 წლის დამდეგისთვის სიღარიბეში 21,7 მილიონი ადამიანი, ანუ  მოსახლეობის საერთო რაოდენობის 15,1% აღმოჩნდა. მართალია, ამ მიმართულებით წლის ბოლოს მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ ვითარება მაინც საკმაოდ მძიმე დარჩა, რადგან სიღარიბის მაჩვენებელმა სულ 0,5 პროცენტით დაიწია და 14,6% შეადგინა.

 

 

მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდის მიუხედავად, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც რუსეთში ცხოვრების დონე მუდმივად ეცემა. როსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცმების მიხედვით, 2017 წელს, მოსახლეობის შემოსავლები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 1,7 პროცენტით შემცირდა. 2014 წლიდან, კი მოქალაქეთა ბიუჯეტმა საშუალოდ 11 პროცენტით დაიკლო.

 

რუსეთის ცალკეული რეგიონების მაგალითზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო არასახარბიელოდ გამოიყურება. მაგალითად სამარის ოლქში, უკანასკნელი 4 წლის მანძილზე მოსახელობის შემოსავალმა 30 პროცენტით იკლო. მაგადანის, ჩელიაბინსკისა და კემეროვოს ოლქებში, ტუვისა და კომი რესპუბლიკებში, პერმის მხარეში კი ამ მაჩვენებელმა 20 პროცენტი შეადგინა.

 

რუსეთში საშუალო ხელფასი დაახლოებით 32 ათასი რუბლია (დაახლოებით 450 დოლარი) -ასეთი ხელფასი აქვთ მაგალითად მასწავლებლებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს. მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 83 პროცენტი გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებს, ხოლო ყოველი მესამე მოქალაქეს ამ თანხაზე გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს და მათი ხელფასი უკეთეს შემთხვევაში 16 ათას რუბლს შეადგენს.

 

ეკონომიკური კრიზისის შედეგად, რუსეთში სულ უფრო იზრდება განსხვავება სხვადასხვა ფენებს შორის. ამ მაჩვენებელის მიხედვით, რუსეთმა უკვე კარგა ხანია რაც ევროპის სახელმწიფოებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს  გადაასწრო და ამჟამად, ლათინური ამერიკის ქვეყნების დონეზე იმყოფება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით ნახევარს, მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი აკონტროლებს.

 

ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის გაღარიბება 2019 წელს კიდევ უფრო გაღრმავდება. ამის ძირითად ფაქტორად კვლავ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, ნავთობზე არსებული არამყარი ფასები, რუსეთში მოქმედი კორუფციული სისტემა და უზარმაზარი სამხედრო დანახარჯებია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედს შეადგენს.

 

წყაროები:

  3  5 6

გაზიარება