უკან დაბრუნება

რუსეთის ფედერაციაში მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი ალკოჰოლიზმით არის დაავადებული

16 ნოემბერი 2018

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვით, მოქალაქეთა დიდი ნაწილის მიერ წელიწადში საშუალოდ 8 ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელის მოხმარება, სახელმწიფოს და საზოგადოებას სერიოზულ პრობლემას უქმნის. რუსეთში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ამ მხრივ,რუსეთის ერთ მოქალაქეზე სტატისტიკური მაჩვენებელი 14-დან 16 ლიტრამდე მერყეობს.

 

 

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლისთვის ქვეყანაში, სადაც 146 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი ალკოჰოლიზმით არის დაავადებული. ალკოჰოლიზმი ყველაზე მეტად 26-დან 40-წლამდე მოქალაქეთა შორის არის გავრცელებული.მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და ექსპერტთა აზრით, რეალური ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა.

 

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა დაახლოებით 12 პროცენტი, კვირაში რამდენჯერმე რეგულარულად იღებს ალკოჰოლურ სასმელს.

 

 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პერიფერიებში, სოფლის მოსახლეობასა და რუსეთის ჩრდილოეთის რეგიონებშია, სადაც მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი რეგულარულად თვრება. ალკოჰოლიზმი ყველაზე მეტად ჩუკოტკაშია გავრცელებული - ყოველ ასი ათას მოსახლეზე, 4 ათასამდე ლოთი მოდის. ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ იაკუტიის მთელ რიგ სოფლებში ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა საერთოდ აკრძალულია.

 

2009 წლიდან რუსეთში ალკოჰოლიზმთან ბრძოლა დაიწყო. აიკრძალა სპირტიანი ნაწარმის რეკლამა; გაძვირდა სააქციზო გადასახადები; გაიზარდა საცალო ფასი არაყზე; შემოიღეს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც საღამოს საათებში აიკრძალა ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობა. ამ ზომების გათვალისწინებით, რუსეთისოფიციალურ სტატისტიკაში ალკოჰოლიზმით დაავადებულთა რიცხვმადაიკლო, მაგრამ რეალურად მდგომარეობა უცვლელი დარჩა.

 

 

უფრო მეტიც. 2016 წლიდან რუსეთში კვლავ აღადგინეს გამოსაფხიზლებელი დაწესებულებები, რომლებიც 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის დროს გააუქმეს. გამოსაფხიზლებლების თემა 2018 წელს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როდესაც რუსეთში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. ჩემპიონატის მასპინძელ თერთმეტივე ქალაქში, მთავრობის განკარგულებით რამოდენიმე გამოსაფხიზლებელი გაიხსნა.

 

რუსეთის რეალობის ყველაზე საშინელი მახასიათებელი ბავშვთა ალკოჰოლიზმია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც რუსეთში დღეს 12 ათასი ბავშვია, რომლებსაც ჩამოყალიბებული ალკოჰოლიზმის ნიშნები აქვს. ამ მაჩვენებელის მიხედვით, ქვეყანა ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. თუმცა რეალურად რამდენი ბავშვია დაავადებული, უცნობია. ყოველწლიურად პოლიცია ქუჩაში ათობით ათას მთვრალ ბავშვს აკავებს. მაგალითად 2016 წელს სიმთვრალის მიზეზით დაკავებულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.

 

 

„რუსული გაზეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იამალაში (იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქი) 32 წლის ქალი,სიმთვრალეშიორი თვის შვილს მკერდით კვებავდა. დედის რძეში არსებული ალკოჰოლის გამო ჩვილი მოიწამლა და ჭამის დროს გარდაიცვალა. ქალაქ ორიოლში 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელიც სისტემატიურად აწყობდა ქეიფს ბავშვებთან ერთად და მათ ალკოჰოლურ სასმელებს ასმევდა.

 

 

გამოკვლევების მიხედვით, რუსეთში ბავშვები სმას 10-13 წლის ასაკიდან იწყებენ. სოფლებში და მიყრუებულ რეგიონებში ისინი მოზრდილების მსგავსად სვამენ სახლში გამოხდილ არაყს (ე.წ. „სამოგონი“). აღსანიშნავია, რომ სმის პროცესი ხშირად  მშობლებთან ერთად მიმდინარეობს. მდგომარეობის სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს მოსკოვში ბავშვთა სპეციალური გამოსაფხიზლებელი არსებობდა.

წყაროები:

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 

გაზიარება