უკან დაბრუნება

როგორ გაიტანა იგორ გიორგაძემ სუკი-ს აგენტების მასალები სმოლენსკში

31 ოქტომბერი 2018

ქართულ საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ ვერ ხერხდება ლუსტრაციის კანონის მიღება და იმ პირების გამოაშკარავება, რომლებიც საბჭოთა უშიშროების სამსახურთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი და მათ სასარგებლოდ ფარულ საქმიანობას ეწეოდნენ.

უდავოა, რომ ხშირად, ასეთი პირები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც უქმნიან ქართულ სახელმწიფოს საფრთხეს. რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ყოფილ საბჭოთა აგენტებს, ამჯერად უკვე რუსეთის ფედერაციის სპეც-სამსახურები იყენებენ.

საკუთარი აგენტების დაფარვაზე რუსეთმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ზრუნვა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის რეალური საფრთხე გაჩნდა. 1990 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს უშიშროებაში დაცული საიდუმლო მასალები, რუსეთში, კერძოდ კი სმოლენსკში გადაიტანეს. ამ ოპერაციას საქართველოს სუკის ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი ედუარდ ვოიციცკი და კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი იგორ გიორგაძე ხელმძღვანელობდნენ. იგივე ოპერაცია განხორციელდა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებშიც.

 

გელა სულაძე. სუკი-ს ყოფილი ოფიცერი:

 

„სმოლენსკში გაიტანეს მოქმედი აგენტების საქმეები და ყოველდღიური ოპერატიული აღრიცხვის საქმეები. სხვანაირად, რომ ვთქვათ საქართელოს უშიშროებიდან ყველაზე ღირებული მასალები წაიღეს.

 

განსაკუთრებით საყურადღებო იყო სუკის მე-5-ე განყოფილების დოკუმენტაცია, რომელიც ძირითადად იდეოლოგიური მიმართულებით მუშაობდა. ამ განყოფილებაში ინახებოდა ხელწერილები ფარულ თანამშრომლობაზე, მოხსენებითი და საინფორმაციო ბარათები, სპეც-კარტოთეკა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც ფიგურირებდნენ. ამ აგენტების მეშვეობით ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და თავად საზოგადოების მართვაც.

 

ვახტანგ ქუთათელაძე. უშიშროების ექს-მინისტრი:

 

მე-5-ე განყოფილება ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა: ეს იყო ინტელიგენცია და აგრეთვე ობიექტები, სადაც დასაქმებულები იყვნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები. თავისთავად ამ განყოფილების საქმიანობის ინტერესების სფეროში შედიოდა სხვაგვარად მოაზროვნე ხალხი აღრიცხვა და მათ მიმართ აგენტურული სახის მუშაობის წარმოება.

 

ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ხელისუფლებამ რუსეთში გატანილი დოკუმენტაციის დაბრუნება სცადა, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა ალეტრანიტივის სახით, კრემლმა ქართულ სპეც-სამსახურს სმოლენსკში მუშა-ჯგუფების გაგზავნა და იქ არსებულ მასალებთან მუშაობა შესთავაზა.

 

1991 წელს სმოლესკში საქართველოს უშიშროების ორი მუშა ჯგუფი გაემგზავრა, რომლის მიზანს არსებული საიდუმლო მასალების ლიკვიდაცია წარმოადგენდა. მოტივი შემდეგი იყო: არ უნდა დარჩენილიყო ისეთი დოკუმენტები, რომელსაც ვინმე შანტაჟისთვის, ან საქართველოში ვითარების ასარევად გამოიყენებდა.

 

გელა სულაძე. სუკი-ს ყოფილი ოფიცერი:

 

არ უნდა დაგვეშვა, რომ აგენტთა სახელები საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი. ეს რომ მომხდარიყო, საზოგადოებაში უმართავი პროცესები დაიწყებოდა. ეს განსაკუთრებით ინტელიგენციას ეხებოდა. შესაძლოა ერთმანეთს ოჯახები, ძველი მეგობრები, დიდი ხნის თანამშრომლები წაკიდებოდნენ.

 

ამ ჯგუფების მუშაობის შედეგად, საქმეებიდან ამოღებული იყო, ყველა ის ოქმი და ცნობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდებოდა აგენტის იდენტიფიცირება. ძირითადად ეს იყო პირადი საქმეები, სადაც სუკთან მათი ფარული თანამშრომლობა დოკუმენტურად დასტურდებოდა. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდნენ აგენტების მიერ ვინმეზე, ან რომელიმე მოვლენაზე, საკუთარი ხელით დაწერილ ინფორმაციას.

 

გელა სულაძე. სუკი-ს ყოფილი ოფიცერი:

 

მასალა გადავარჩიეთ, ამოვიღეთ ყველა ბიშვნელოვანი დოკუმენტი, ჩავაწყეთ ტომრებში და რომელიღაც ქარხანაში მივიტანეთ. ემდეგ ტომრების მთელი შიგთავსი ბრძმედში ჩავყარეთ და თავად ვუყურებდით როგორ ნადგურდებოდა ეს მასალები.

 

გაზიარება