უკან დაბრუნება

თენგიზ გოგოტიშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროვ, საქართველოს მთავრობავ, ხალხნო და ჯამაათნო!

19 ოქტომბერი 2018

გამარჯობა, მთავრობავ.

 

საყვარლებო, ძვირფასებო გრძლად გამოვიდა, მაგრამ გაიჭირვეთ. ვიცი, რომ პიარი არ გივარგათ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ თორემ პუტინი გეუბნებათ და მაინც არ გესმით.

 

ცუდად რომ არ იყოს საქმე, არ შეგაწუხებდით ამ არჩევნების წინ. მაგრამ შეიძლება არჩევნები უკან დაგვრჩეს. ან უკან გაგვიკეთონ, უკაცრავად თქვენთან.

 

ამბავი ასეთია: 2007 წელს ღრუსეთმა დაიწყო თბილისის ლუგარის ლაბორატორიისთვის ძირის გამოთხრა. ლაბორატორიიდან მაშინ მხოლოდ იდეა და დიდი ორმო იყო - სათხრელი არც არაფერი იქნებოდა, ღრუსეთს რომ ძალიან არ მოენდომებინა. დაიწყო ღორის აფრიკული ჭირის გამოჩენითა და გავრცელებით ჯერ საქართველოში, კერძოდ გურია-სამეგრელოში, შემდეგ - ჩრდილოეთ კავკასიაში. "როსპოტრებნადზორის" იმდროინდელი ნაჩალნიკის, გენადი ონიშჩენკოს დიდი მეცადინეობით, მთელს დუნიას მოედო ჭორი, რომ ამერიკელებმა, ქართველების ხელით, დაავადება განგებ გაავრცელეს რუსეთში.

 

ონიშჩენკომ შეტევა ორი მიმართულებით წამოიწყო - ერთი ჩვენზე, მეორე - ევროპაზე. უცებ აღმოჩნდა, რომ ღორის ჭირი ბალტიის ქვეყნებში გავრცელდა და იქაურებმა ტყეში ტახი და ფერმაში ღორი გაწყვიტეს. ჭირი ბალტიიდან ჩავიდა პოლონეთში, პოლონეთიდან გერმანიაში და უამრავი ადამიანი აზარალა.

 

მაშინ თქვენ არ იყავით მთავრობაში, მაგრამ ის წინა მთავრობაც, პირდაპირ გეტყვით, ბევრს მიჰქარავდა ღრუსულ პროპაგანდასთან ურთიერთობაში - თქვენსავით თვლიდა, რომ თავი ყველაფერში არ უნდა გაუყადროს. მოკლედ, ჭირის ჭორს ადეკვატურად არავინ უპასუხა, რომ ეს დაავადება, დიდი ალბათობით, მართლა აფრიკიდან შემოვიდა ფოთში და შემდეგ გავრცელდა საქართველოში. არავინ იკითხა, რა მანქანებით "გადაახტა" ღორის ჭირი ღრუსეთის ცენტრალურ რეგიონებს და როგორ მოხვდა ამხელა ქვეყნის უკიდურესი სამხრეთიდან პირდაპირ უკიდურეს ჩრდილოეთში - ფსკოვის ოლქში. მოკლედ, ჩვენ "გავიარეთ", ღრუსეთმა კი ატრიალა თემა წინ და უკან, ყველა მედია ჩართო, შექმნა ბევრი "ლინკი" და ამბავი, რომელიც ახლაც იძებნება ინტერნეტში. ასე დათვალა 40-მდე ლაბორატორია, რომელიც ამერიკის ბიუჯეტის ფულით შეიქმნა ან გაძლიერდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მაგრამ ყველასგან მაინც ლუგარისა გამოარჩია - საქართველოდან რომ გვმტრობს პენტაგონი, ასე სხვა ვერც ერთი მიმართულებიდან ვერ ბედავსო.

 

მერე 2008 იყო.

 

მაშინ რამდენჯერ ახსენეს პენტაგონი, ამერიკული იარაღი და ამერიკელი ინსტრუქტორები, თქვენ ჩემზე უკეთ იცით - თქვენი დღევანდელი საპრეზიდენტო კანდიდატი ქ-ნი ზურაბიშვილი იმ აგვისტო-სექტემბერშიც არ დაღლილა ამ ინსტრუქტორებზე საუბრით და ომში, საქართველოსთან ერთად, დასავლეთის დადანაშაულებით.

 

მერე იყო საინფორმაციო შეტევის რამდენიმე სხვა ტალღა. 2011-ში ლუგარის ცენტრი აშენდა. 2013-ში მუშაობა დაიწყო. ონიშჩენკო პენსიაზე გავიდა და ცოტა ხანი არაფერი გაგვიგია.

2017 წლის ნოემბერში პუტინმა თავის საზოგადოებრივ საბჭოსთან შეხვედრაზე "სრულიად შემთხვევით" ახსენა, ღრუსეთის სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის გენეტიკურ მასალას აგროვებენ და ამას ძალიან პროფესიულად აკეთებენო. ვინ აკეთებდა, არ უთქვამს, მაგრამ ამხელა კაცმა რომ მოიცალა, თავისთავად ბევრს ნიშნავს.

 

ამ სექტემბერში კი ნაფტალინიდან მოულოდნელად ამოჰყო თავი თადარიგის შპიონმა იგორ გიორგაძემ და თქვა, რომ "ქართველმა მეგობრებმა" მიაწოდეს 100 000-ზე მეტი დოკუმენტი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. უცებ შეიქმნა საიტი https://samartali.net, რომელზეც თითქოს იგორმა დაიწყო ამ საბუთების გამოქვეყნება.

 

გააკეთეთ რამე? არა! რატომ? იმიტომ, რომ ესეც დაიკიდეთ. ჩინოვნიკის მარადიული სენია - ინიციატივა დასჯადია და თავს არავინ აიტკიებს ზედმეტად. ვინმემ თუ არ დაგავალა, ხელს არ გამოიღებ.

 

ვინმეს რომ შეეხედა იმ ვებგვერდზე, ნახავდა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საბუთების გარდა (რომლებიც პრინციპში საჯაროა და გაეროს წარედგინება ყოველწლიურად), იგორის სახელით ქვეყნდება რამდენიმე ამერიკული სერტიფიკატი უცნაური გამოგონებით - ტყვია, რომელიც ავრცელებს მომწამვლელ ნივთიერებას და დრონი, რომელსაც გადააქვს მწერები ა პუნქტიდან ბ პუნქტში. 99 998 ორიგინალურ საბუთთან ერთად ორი "ფეიკის" შეპარება სტატისტიკურად თითქოს არაფერს ცვლის. მაგრამ სრულიად ცვლის კონტექსტს - გამოდის, რომ ლაბორატორია თბილისში მართლა მუშაობს მტრის ტერიტორიაზე ბიოლოგიური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე. ეს აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით და მისი დამრღვევი სრულიად კანონგარეშედ ცხადდება. ყველა შესაძლო სადამსჯელო შედეგით.

 

თქვენ კი უბრალოდ გაგეღიმათ - იგორას ვინ უსმენს, მაგას ვინ დაუჯერებს, 73 დადასტურებული სიკვდილის დოკუმენტი ლუგარის კი არა, ჰეპატიტის პროგრამას ეკუთვნისო, დრონებს და ტყვიებს რომ არ ვაწარმოებთ, ისედაც ყველამ იცისო და ა.შ.

 

თადარიგის შპიონმა იგორამ გააგრძელა ღრუსული ტელევიზიიდან ტელევიზიაში სიარული და ლაპარაკი. ხან პრეს-კონფერენცია მოაწყო, ხან პირდაპირ ეთერში დაჯდა, ხან ფილმში მიიღო მონაწილეობა. თქვენ? თქვენ დაიკიდეთ.

 

არც არავის გაკვირვებია, რომ, ერთი ყურიდან შეშვებული, მეორედან გამოუშვით ბულგარელი ბლოგერის, დილიანა გაიტანჯიევას სტატია და ფილმი ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეებზე. შეიძლება უბრალოდ დაგუგლეთ და ნახეთ, რომ ამ დედაკაცს სხვა სისულელეც ბევრი აქვს ნაწერი და ნათქვამი, რომ არის ღრუსული გაზეთ "ტრუდ"-ის კორესპონდენტი და ერთი დიდად გაქნილი და ყველაფრის მკადრებელი არსება.

მაგრამ უკვე განმეორებული ბრალდება, სხვა წყაროდან წამოსული, უფრო სერიოზულად რომ მიგეღოთ, უკეთესი იქნებოდა.

 

ერთ კვირაში რუსული საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ ბრიფინგზე ასევე "შემთხვევით" კითხვას უპასუხა - ძალიან შეგვაშფოთა იგორ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულმა საბუთებმა და მივმართავთ ამერიკის ხელისუფლებას, გაგვცეს პასუხი, აწარმოებს თუ არა საქართველოში ბიოლოგიურ და სხვა იარაღსო.

გააკეთეთ პასუხად რამე? არა!

 

კიდევ ერთ კვირაში საგანგებო ბრიფინგი მოაწყო ღრუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული დაცვის ჯარების სარდალმა - მოქმედმა გენერალმა. უკან "ბექგრაუნდზე" ეწერა, იგორ გიორგაძის მასალათა მიხედვითო, მაგრამ ფაქტია, რომ ლაპარაკობდა ნამდვილი რუსი ჩინოვნიკი, სარდალი და გენერალი. და ამბობდა ზუსტად იმავეს, რასაც გიორგაძე. ბრიფინგზე სამხედრო ატაშე ჟურნალისტზე მეტი იყო - ნორმალურ ქვეყანას არავინ წარმოადგენდა, მაგრამ რა გამოლევს ქვეყნებს, რომელზეც ღრუსეთს გავლენა აქვს? აქ სამხედრო კონტრაქტის ფასს დაუკლებს, იქ ხელისუფლებაში ვიღაცას მოიყვანს, იქ გაზს გაუიაფებს და ჰყავს ასე ტრ...კში ამოდებული. წავიდნენ ის ატაშეები და საკუთარ უფროსობას - ქვეყნების პოლიტიკურ და სახმედრო ხელმძღვანელობას მისწერეს - ბრიფინგზე ითქვა ესა და ეს, წარმოადგინეს ესა და ეს სლაიდი და ფოტოო. ეს მოხსენებითი ბარათები ჩაიდო მათი თავდაცვისა და საგარეო სამინისტროების საქაღალდეებსა და ჩაიტვირთა ინტრანეტში.

 

თქვენ მიეცით თქვენს ელჩებს იმავე სამინისტროებში მისვლისა და ვითარების განმარტების დავალება? დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა. მაგრამ თბილისში იბწკინეთ და მიყარეთ საქართველოში აკრედიტებული ღრუსი ჟურნალისტები ლუგარის ლაბორატორიაში, თავად დარწმუნდით, რომ არაფერს ვმალავთო. და რა გააკეთეს იმ ჟურნალისტებმა? - იგივე ნაგავი, რასაც აკეთებდნენ იქამდე. რატომ? იმიტომ, რომ სიუჟეტებს ეგენი არ "კრავენ" - სიუჟეტს საბოლოო ფორმას აძლევს ის, ვინც მოსკოვში ზის და ზუსტად იცის, რა მოეთხოვება. ალბათ გეგონათ, რომ თემამ მაინც ჩაიარა და მოდუნდით. მაგრამ ვინ გაცადათ? აგერ ღრუსეთის მთლად პრეზიდენტს "შემთხვევით" დაუსვეს კითხვა ლუგარის ლაბორატორიაზე.

 

იცით, ვინ დაუსვა? "მგიმოს" პროფესორმა. ესე იგი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა. "რანგთა ტაბელით", დაახლოებით, პოდპოლკოვნიკმა ან პოლკოვნიკმა, ნიკაკ ნე ნიჟე! და პუტინმა რა უპასუხა? მე არაფერი ვიცი, მაგრამო... და იმ მაგრამს მოაყოლა მეცნიერული მსჯელობა ბიოლოგიური იარაღის რაობასა და შესაძლებლობებზე. ასე ღრმად ლენინგრადის "შკოლა კგბ"-ში საგანს არ ასწავლიან. მოკლე დასკვნა ასეთი იყო - ლუგარის ლაბორატორიაში, თბილისში, ქმნიან გენეტიკურ იარაღს, რომელსაც გამოიყენებენ რუსების წინააღმდეგ. მათთან ერთად, ალბათ, სხვა რუსეთელებისაც - ბურიატების, ევენკების, თათრების, ჩუვაშების, ყაბარდოელების, ლეკების, მორდოველების, უდმურტებისა და სხვა ყველასი.

 

გახსოვთ 2017 წელს დნმ-ის შეგროვების "შემთხვევით ხსენება"? ახლა წრე შეიკრა - კითხვას, რომელიც მაშინ ყველას გაუჩნდა - "ვინ", პუტინმა 2018 წლის ოქტომბერში უპასუხა. წრე შეიკრა. ონიშჩენკომ შექმნა ჭორი და წლების განმავლობაში თავად ავითარებდა - დეტალებითა და ინტერნეტის "ლინკებით" ამდიდრებდა. იგორ გიორგაძემ ჭორი აიტაცა. გაიტანჯიევამ "ჟურნალისტურად გამოიძია". ესტაფეტა გადაიბარა მარია ზახაროვამ. გააგრძელა იგორ კირილოვმა. და, ბოლოს, ყველასი და ყველაფრის გვირგვინი - თვით ვლადიმერ პუტინი.

 

ახლა ბოლოდან დავიწყოთ და თავისკენ გავყვეთ - #1 მტერი სახელმწიფოს #1 პირი ამბობს, რომ ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, აეროპორტიდან ერთ კილომეტრში, არსებობს პენტაგონის სამხედრო ობიექტი, რომელიც მის ქვეყანასა და ერს განადგურებით ემუქრება.

 

თანმდევი მოვლენა #1 - ღრუსული თვითმფრინავების ცნობილი კატასტროფები სირიაში, გაყალბებული არჩევნები, საპენსიო ასაკის ამაღლებით ხალხის უკმაყოფილება, ქუჩაში გამოსული ადამიანები, პუტინის რეიტინგის მკვეთრზე მკვეთრი ვარდნა და... აგერ საგარეო საფრთხე, რომელზეც შეიძლება ყურადღების გადატანა, ღრუსი ერის შეკვრა-შედუღაბება და რეიტინგის აწევა.

 

თანმდევი მოვლენა #2 - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ერთ კვირაში ტარდება და, თუ საგარეო საფრთხე საქართველოდან ადუღაბებს საზოგადოებას ღრუსეთის ხელისუფლების გარშემო, საგარეო საფრთხე ღრუსეთიდან ასევე შეადუღაბებს საზოგადოებას ქართულ იხელისუფლების მხარდასაჭერად. ქვეცნობიერი შიში და ლოგიკა "ოღონდ ომი არ იყოს" კაი გვარიანად მოუმატებს პროცენტებს იმ კანდიდატს, ვისაც ეს ხელისუფლება უჭერს მხარს. გავიგეთ, რომ ამაში პუტინი თქვენი მოკავშირეცაა, მაგრამ რის ფასად?

 

რისკები ღრუსეთისთვის? ამაზე საუბარიც არ ღირს, იმდენად რთულია წარმოდგენა, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან, "სამხრეთ ოსეთიდან" თუ ზედ თბილისის ციდან გამოშვებული რაკეტებისა და ბომბების აცილებას შევძლებთ ან თვითმფრინავებს ჩამოვყრით.

 

დასკვნა?

დასკვნა თქვენ გააკეთეთ. მთავრობა თქვენ ხართ და, გევალებათ, ჩემზე ჭკვიანები და წინდახედულები იყოთ. ოღონდ იმდენს ნუ იზამთ, რომ იმავე ხალხს ორი თვის შემდეგ აძახებინოთ, არა, რუსეთმა კი დაგვიბომბა დედაქალაქი და მთავარი აეროპორტი, კი მოგვისპო ტურისტული და საინვესტიციო ნაკადები, მაგრამ მაინც მოღალატე "ოცნების" ბრალია - ეგ წამოეგო პროვოკაციაზე და ვერ აიცილა თავიდან აგრესიაო.

 

პირველწყარო: 

https://sites.google.com/view/gogotishvili/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98?fbclid=IwAR0wVR7SgLs7FkoL89AtGkep4vnnpG-OspCMzkTdJwzC2By_Avyx1lxaPm0 

გაზიარება