უკან დაბრუნება

პუტინი რეკორდულად არაპოპულარულია

10 ოქტომბერი 2018

პუტინის რეიტინგი დრამატულად ეცემა. დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, Levada Centre-ის მიერ წარმოებული ახალი კვლევის თანახმად, ბოლო 1 წლის განმავლობაში პუტინის რეიტინგი 20%-ით დაეცა.

 

2017 წლის ნოემბერში, პუტინს რუსების 59% უცხადებდა ნდობას, 2018 წლის სექტემბერში კი უკვე მხოლოდ 39%. პრეზიდენტის რეიტინგის გარდა, მკვეთრად იკლო კრემლის სხვა ძლევამოსილი ჩინოსნების ნდობის რეიტინგმაც. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის რეიტინგი 23%-იდან 15%-მდე დაეცა, თავდაცვის მინისტრ გენერალ სერგეი შოიგუს რეიტინგი კი 19%-დან 10%-მდე.

 

საინტერესოა, რომ კრემლთან დაახლოებული "საზოგადო აზრის ფონდის" გამოკითხვაც კი მხარდაჭერთა რაოდენობის მკაფიო შემცირებაზე მიუთითებს. მათი კვლევის მიხედვით, 2018 წლის დასაწყისში, პუტინს რუსების 67% უჭერდა მხარს, ხოლო ოქტომბერში მათი რაოდენობა მხოლოდ 45%-ია. მმართველი „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგიც 20%-ითაა შემცირებული და 31%-ს შეადგენს.

 

9 თვის განმავლობაში მხარდამჭერთა 22%-ის დაკარგვა ნამდვილად დრამატულია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთში სიტყვის და ოპოზიციის თავისუფლება მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფება, რუსული მედიის მოზრდილი ნაწილი კი პუტინისტურ პროპაგანდას ეწევა.

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კრემლის წამყვანი სახეები არასდროს ყოფილან ასე არაპოპულარული. ანალიტიკოსები ამას პირველ რიგში არაპოპულარული საპენსიო რეფორმის, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და არამყარი ეკონომიკის პირდაპირ შედეგად აღიქვამენ. 

 

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

 

გაზიარება