უკან დაბრუნება

ლუგარის ცენტრის მისია მოქალაქეთა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვა, ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენა და პრევენციაა

6 ოქტომბერი 2018

ფრთხილად: მიმდინარეობს რუსული საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაცია!

 

რუსული პროპაგანდისტული მანქანა წარსულში უკვე არაერთხელ ირწმუნებოდა, რომ საქართველომ აფხაზეთში ზიკას ვირუსით ინფიცირებული კოღოები და ფაროსანა, ცხინვალის რეიგიონსა და სამხრეთ რუსეთში კი ღორის გრიპი გაავრცელა. მაგრამ, ამჯერად ეს ყველაფერი ბევრად უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე ხდება — თავდაცვის სამინისტროსა და გენერალიტეტის სიმაღლეზე. ეს საყურადღებო და შემაშფოთებელია. 4 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მდებარე ლუგარის ცენტრში საიდუმლოდ აწარმოებს ბიოლოგიურ იარაღს. გენერალ კირილოვის შეფასებით, ეს რუსეთისთვის “ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს” წარმოადგენს. უკვე წლებია, რაც რუსეთი ლუგარის ცენტრის საკითხით მანიპულირებს.

 

რუსული მითი ამბობს, რომ  ლუგარის ცენტრი საიდუმლო პროექტია

 

სინამდვილეში, ლუგარის ცენტრი სავსებით არ არის გასაიდუმლოებული ობიექტი. იგი ოფიციალურად დარეგისტრირებული ინსტიტუტია, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვებგვერდზე ნახავთ. ცნობილია მისი ადგილმდებარეობაც — თბილისიდან ოდნავ მოშორებით, კახეთის გზატკეცილზე. შენობა ნათლად ჩანს მიმდებარე ტერიტორიიდან, რადგან იგი სრულიად თვალსაჩინო ადგილას, გზის პირას არის განთავსებული.

 

სხვადასხვა დროს ლუგარის ცენტრში უმუშავია ქართველ, ამერიკელ, რუს და არაერთი სხვა ეროვნების მეცნიერს. ცენტრის სტუმრებს შორის ხშირად არიან ქართველი და უცხოელი სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.  ლუგარის ცენტრში რუს მეცნიერებსაც ხშირად უმუშავია. მათთვის კარგად არის ცნობილი, თუ რას წარმოადგენს ეს ცენტრი სინამდვილეში.

 

დაავადებათა ცენტრმა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები მრავალგზის მიიწვია ლუგარის ცენტრის დასათვალიერებლად. მაგრამ, ამას არასდროს არ მოჰყოლია გამოხმაურება რუსული მხრიდან, რაც მრავლისმთქმელია.  

 

გუშინ, 4 ოქტომბერს ლუგარის ცენტრმა საერთაშორისო კონფერენციის სტუმრებს უმასპინძლა, რომლებმაც კვლევითი ცენტრი დაათვალიერეს და მის საქმიანობას გაეცნენ. მათ შორის, სხვათა შორის, რუსი ჟურნალისტებიც იყვნენ.

 

რუსული მითი ამბობს, რომ ლუგარის ცენტრი ამერიკის ბაზაა

 

სინამდვილეში ლუგარის ცენტრი საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2011 წელს დასრულდა. 2013 წლიდან მოყოლებული, ლუგარის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში იმყოფება. საქართველოს სახელმწიფო ცენტრის შენახვაზე ყოველწლიურად 500, 000 აშშ დოლარს ხარჯავს.  

 

ცენტრში ნამდვილად მუშაობენ ამერიკელი მეცნიერები, მაგრამ მათ გარდა იქ სხვა ეროვნების მეცნიერებიც მუშაობენ — მათ შორის ქართველები. ამერიკელი მეცნიერები იჯარის თანხას და სხვა ლაბორატორიულ ხარჯებს თვითონ ფარავენ.   

 

რუსული მითი ამბობს, რომ ამერიკა ლუგარის ცენტრს ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად იყენებს

 

სინამდვილეში, ლუგარის ცენტრის მისია მოქალაქეთა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვა, ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენა და პრევენცია, ეპიდემოლოგიური დაკვირვება და საზოგადო ჯანდაცვაზე ზრუნვაა. სწორედ აქ ამოიცნეს ღორის გრიპად წოდებული H1N1 ვირუსი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სიკვდილით ემუქრებოდა. ლუგარის ცენტრის მიერ წარმოებული ექსპერიმენტები და ცოდნა იცავს ქართველთა, სამხრეთ კავკასიელთა და მსოფლიოს სხვა ერთა ჯანმრთელობას მწვავე და მომაკვიდენებელი ინფექციებისგან.

 

მაგალითისთვის, ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც ლუგარის ცენტრი მუშაობს, ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის კვლევაა. ლუგარის ცენტრი დაავადების კვლევის ეროვნულ ცენტრთან ერთად იკვლევს იმასაც, თუ რატომ ვერ ინკურნება ზოგიერთი ინფექცია ანტიბიოტიკების გამოყენებით, რათა მეტი დაავადების განკურნება შეძლოს.  

 

 რა მიზანი ამოძრავებს რუსეთს?

 

კონტრ-იერიში დასავლეთზე

 

რუსულმა მხარემ ლუგარის ცენტრის საკითხი ბოლო დროს პირველად გაზაფხულზე წამოსწია წინ, მას მერე რაც მხილებული იქნა რუსეთის ჩართულობა “სკრიპალების საქმეში” — როდესაც ნერვული გაზი “ნოვიჩოკის” გამოყენებით ინგლისში ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. სულ ბოლოს, 4 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება პირდაპირ მოჰყვა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ 7 რუსი ჰაკერის პასუხისგებაში მიცემას. ორივე შემთხვევაში, რუსებმა ლუგარის ცენტრის საკითხი კონტრ-შეტევის მასალად გამოიყენა, მას მერე, რაც თვითონ რუსეთი იქნა მხილებული დანაშაულებრივ ქმედებაში.

 

სამზადისი აგრესიისთვის

 

ლუგარის ცენტრის საკითხის მაღალი პოლიტიკური პლატფორმიდან წინ წამოწევა ცხადყოფს, რომ რუსეთს ამჯერად სამიზნეც უფრო მაღალი აქვს. გახსოვდეთ, რომ რუსეთი ტყუილუბრალოდ არასდროს აკეთებს განცხადებებს. ტიპიურად რუსეთი პირველ რიგში იდეურ ნიადაგს ქმნის, შემდეგ კი მოქმედებს. ამის ნათელი მაგალითია ე. წ. “პასპორტიზაცია”, როდესაც რუსეთი პირველად თავის პასპორტებს არიგებს, შემდეგ კი “მოქალაქეთა დაცვის” საბაბით სამხედრო კამპანიას აწარმოებს. იმავეს მაგალითია საკითხების “სიკურეტიზაცია”, როდესაც რუსეთი, ვთქვათ, “ტერორიზმს ამხელს”, მაგალითად ჩეჩნეთში ან პანკისში, მერე კი სამხედრო კამპანიას იწყებს. აშკარაა, რომ ახლაც რუსეთი წინასწარ ამზადებს შესაძლო აგრესიის ნიადაგს.  

 

თეორიულად დასაშვებია, რომ რუსეთმა ლუგარის ცენტრის საკითხი გარკვეული სახის სამხედრო აგრესიის გასამართლებლად გამოიყენოს. ასევე შესაძლებელია, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით თვითონ განახორციელოს ტერორისტული აქტი — განსაკუთრებულად ისეთ ხელსაყრელ დროს, როგორიც ტურისტული სეზონია — შემდეგ კი ყველაფერი ლუგარის ცენტრს გადააბრალოს.

 

რა პრეპარატს ამზადებენ ლუგარის ლაბორატორიაში ?

ეს არის "პრეპარატი", რომელიც აძლიერებს ქართული საზოგადოებას სიჯიუტეს - ჰქონდეს ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს. ეს არის პრეპარატო რომელიც იცავს ქართულ საზოგადოებას, რუსეთის ხელისუფლების აგრესიისგან, ტყუილებისგან, მტრული პროპაგანდისგან.

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#შეიარაღდისიმართლით

გაზიარება