უკან დაბრუნება

პრო-რუსულ ძალთა მიერ საქართველოში სატყუარად შემოგდებული ნეიტრალიტეტის იდეა

5 ოქტომბერი 2018

რუსეთისადმი ერთგული პოლიტიკური ჯგუფებისაგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების უტყუარი წამალი ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა. ბევრი მათგანი იმასაც გეტყვით, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დატრიალებული მოვლენები საქართველოს მიერ NATO-სკენ სწრაფვით აიხსნება, რაც სიცრუეა. სინამდვილეში კონფლიქტი ორივე რეგიონში ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველო ოფიციალურად გამოთქვამდა NATO-ში გაწევრიანების სურვილს. ამავე მედლის მეორე მხარეა ნეიტრალიტეტის სატყუარაც, რომელიც მიზნად ისახავს დაასუსტო ქართული სწრაფვა ნამდვილი უსაფრთხოებისა და რუსეთისგან დამოუკიდებლად განვითარებისკენ.

 

მაგრამ, ამართლებს კი ნეიტრალიტეტი? უდრიდა კი იგი ოდესმე ან მეტ მშვიდობას ან მეტ დაცულობას?  მოდით, შევხედოთ ისტორიულ პრაქტიკას. 1935-39 წლებში, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ნეიტრალიტეტი სწორედ თავდაცვის მიზნით გამოაცხადა. მაგრამ, ისინი მწყარედ მოტყუვდნენ, როდესაც ნეიტრალიტეტით მიღწეული “დაცულობა” დაემხო — 1940 წელს რუსეთმა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა დაიპყრო, ფინეთს კი ტერიტორიები წაართვა. ნეიტრალიტეტი მოდლოვეთმაც გამოაცხადა 1994 წელს. მაგრამ, მას შემდეგ 24 წელი ისე გავიდა, რომ მოლდოვეთს დნესტრისპირეთი არ დაუბრუნებია, რუსეთის მე-14 არმია კი  კვლავ უკანონოდ იმყოფება დნესტრისპირეთში, მოლდოვეთის de jure ტერიტორიაზე. რუსეთი კვლავ აქტიურად ერევა მოლდოვურ პოლიტიკაში, აფინანსებს იქაურ მეხუთე კოლონას, პრეზიდენტად კი მოლდოვას დღეს სახელგანთქმული პუტინისტი, იგორ დოდონი ჰყავს. კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ნეიტრალური სახელმწიფო თურქმენეთია. რა სიკეთე მისცა მას ნეიტრალიტეტმა? თურქმენეთი რუსეთის კლანჭებშია მოქცეული, რომელიც თურქმენულ გაზს იაფად ყიდულობს და ძვირად ყიდის. რუსეთზე ამგვარი დამოკიდებულების გამო, თურქმენეთი თავისივე ბუნებრივ რესურსებს დამოუკიდებლად ვერ მართავს და შედეგად უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს კარგავს.

 

ისტორიული პრაქტიკა ნათლად მოწმობს, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება არასდროს ყოფილა და ვერაფრით იქნება რუსეთისაგან თავდაცვის მექანიზმი. შესაძლო რუსული აგრესიის საპირწონედ ნეიტრალიტეტის გამოცხადება ყოველთვის ერთნაირად დასრულებულა — ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დასუსტებით, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაუქმებით, ტერიტორიების დაკარგვით, ქვეყანაში მეხუთე კოლონის გაძლიერებით, რუსეთის სამხედრო აგრესიით, სუვერენულობაზე კონტროლის დაკარგვით.

 

პრო-რუსულ ძალთა მიერ საქართველოში სატყუარად შემოგდებული ნეიტრალიტეტის იდეა სწორედ ამას განიზრახავს. მისი მიზანია საქართველო სრულად გათიშოს საერთაშორისო ურთიერთობებიდან და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ქსოვილიდან. მისი მიზანია საქართველო იქცეს პრო-რუსული სატელიტების სათამაშო მოედნად, რუსული გავლენის აგენტების საექსპერიმენტო სივრცედ. ისტორიული პრაქტიკა და საღი აზრი მოწმობს, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში, საქართველო ოფიციალურად დაემშვიდობება ტერიტორიული გაერთიანების თეორიულ შანსებსაც კი, მისი თავდაცვისუნარიანობა ფაქტობრივად გაუქმდება, ხოლო მისი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ნულს გაუტოლდება.

 

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

გაზიარება