უკან დაბრუნება

როგორ იბრძოდა რუსული ავიაცია აფხაზეთში - ფაქტები

1 ოქტომბერი 2018

რუსული პროპაგანდა მუდამ ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში რუსეთის ფედერაცია მონაწილეობას არ იღებდა და აფხაზებმა თავად მოახერხეს გამარჯვება. სინამდვილეში კი, საქართველოს წინააღმდეგ ღიად მოქმედებდა რუსეთის არმია. აფხაზთა მხარდაჭერას ახორციელებდა რუსული სამხედრო ფლოტი, არტილერია და ავიაცია. ამ კუთხით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, რუსული ავიაციის მოქმედებაა.

ბომბორას სამხედრო აეროდრომი, გუდაუთის სიახლოვეს. პირველი კლასის სტრატეგიული დანიშნულების აეროდრომი, 4 კილომეტრიანი ასაფრენი ზოლით, რომელსაც ყველა სახის სამხედრო თვითმფრინავის მიღება შეუძლია. 1992 წლის ზაფხულში, როდესაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, რუსეთმა ბორისოგლებსკიდან გუდაუთაში სუ-25 ტიპის 9 მოიერიშე თვითმფრინავიგადაიყვანეს. აქვე განლაგდა კრიმსკიდან გადმოსროლილი სუ-27 ტიპის ორი გამანადგურებელიც.

აფხაზეთში რუსული ავიაციის მოქმედებას დეტალურად აღწერს რუსი სამხედრო ისტორიკოსი მიხაილ ჟიროხოვი:

 

„რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა საიდუმლოდ ემოქმედა - პილოტებს და ტექნიკურ პერსონალს ყალბი დოკუმენტები დაურიგეს, რათა საჭიროების შემთხვევაში რუსული ავიაციის კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტის უარყოფა შეძლებოდათ. თუმცა, სრულიად ნათელი იყო, რომ აფხაზებს ასეთი თანამედროვე თვითმფრინავები უბრალოდ არ ჰქონდათ.“

 

ჟიროხოვს რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს რუსული ავიაციის კონფლიქტში ჩართულობას. პირველი მაგალითი 1992 წლის ოქტომბერში გაგრის ბრძოლებს ეხება:

 

„ოქტომბრის დასაწყისში დაბა განთიადში, მი-8 ტიპის სამ ქართულ ვერტმფრენს, რომელიც დამხმარე ძალის გადაყვანას ცდილობდა, ჩვენმა გამანადგურებელმა დაჯდომა აიძულა.“

 

აქვე ჟიროხოვი აღნიშნავს, რომ  სუ-27 ტიპის გამანადგურებელმა, აფხაზთა თხოვნით, გაგრის საჰაერო სივრციდან ქართული სამხედრო თვითმფრინავები განდევნა.

 

ჟიროხოვი აღწერს ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შემთხვევასაც:

 

„1993 წლის 6 თებერვალს სუ-27-მა ქართული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდო. ქართველი მფრინავი ტყვედ ჩავარდა. ამ ფაქტს, რუსული მხარე არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი აფხაზთა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ქართული თვითმფრინავი მფრინავმა ვასილი ციმბალმა გაანადგურა.“

 

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც 1993 წლის 19 მარტს გუმისთის ფრონტზე მოხდა. აქ ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული ავიაცია ქართულ პოზიციებს ბომბავდა:

 

„04:00 საათზე გეგმის მიხედვით მოიერიშე სუ-25 აფრინდა და ქართული პოზიციები დაბომბა, ხოლო დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დაბომბვის შედეგების დასაზვერად გაფრინდა სუ-27, რომელსაც მაიორი ვაცლავ შიპკო მართავდა. მფრინავმა მთებისკენ მოუხვია, სადაც მას რაკეტა მოხვდა (სავარაუდოდ „სტრელა“, ან „იგლა“). სარაკეტო დარტყმა ისეთი მძლავრი გამოდგა, რომ პილოტმა კატაპულტირებაც ვერ მოასწრო. მდგომარეობა კიდევ იმით გართულდა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე, ქართველებმა პილოტის ორი საბუთი აღმოაჩინეს: ერთი ნამდვილი შიპკოს სახელზე და მეორე ყალბი, რომელიც უფროსი ლეიტენანტის ორლოვის სახელზე იყო გაცემული“

 

წყარო: სამხედრო ისტორიკოსი მიხაილ ჟიროხოვი, ჟურნალი „კრილია როდინი“(სამშობლოს ფრთები); 2010 წლის №7

ბმული: http://www.kr-media.ru/upload/iblock/0bd/0bd5cc92fa351864e66e4b3711f12209.pdf

 

გაზიარება