უკან დაბრუნება

ხშირად დასვით შეკითხვა - რატომ?

23 მაისი 2018

„ზარმაცი ტვინი“ (Lazy Brain) უდავოდ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი პასუხი/გასაღები კითხვაზე თუ, რატომ არის ყალბი ინფორმაციები ( Fake News) ასეთი წარმატებული. გონებრივი მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი და „მტკივნეული“ პროცესია ადამიანისთვის. ამ "ტკივილის" თავიდან აცილების მიზნით ადამიანები მენტალურს შაბლონებს გამოვიყენებთ, რაც ხშირად ირაციონალური გადაწყვეტილებების საფუძვლად გვევლინება, თუმცა სოციალური ფსიქოლოგიის მიხედვით ჩვენს ირაციონალურობას ადამიანის „მოტივირებული მსჯელობისკენ“ მიდრეკილებაც განაპირობებს. 

მოტივირებული მსჯელობა ეს არის მოვლენა, როდესაც ჩვენი ქვეცნობიერი მოტივები, ჩვენი სურვილები თუ ჩვენი შიშები განსაზღვრავენ/განაპირობებენ ინფორმაციის ჩვენეულ ინტერპრეტაციას. გარკვეული ინფორმაციები, იდეები, ხედვები და რწმენები ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელია და ჩვენ მათი წარმატების, გამარჯვების გვჯერა 

ჩვენ მზად ვართ ამ „ახლობელი“ რწმენებისა და იდეებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ, რათა დავამარცხოთ სხვა, ჩვენი მხრიდან მტრულად აღქმული იდეები და რწმენები. მოტივირებული მსჯელობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამორიცხავს ობიექტურობას, რადგან ადამიანი მიდრეკილია შერჩევითობის პრინციპით მიიღოს, გაავრცელოს და დაამუშაოს ინფორმაცია.

ამ მომენტში, ჩვენ, მხოლოდ იმ ინფორმაციას „მივესალმებით“, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ან/და მხარს უჭერს ჩვენთვის ახლობელ რწმენებსა და შეხედულებებს. უფრო მეტიც, როგორც ფსიქოლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, ადამიანი ამ დროს, ანუ ფაქტების შეფასებისას, ძირითადი ცხოველური, გადარჩენის ინსტინქტით ხელმძღვანელობს. გადარჩენა კი, მას, მისთვის ყველაზე ახლობელ სოციუმში/საზოგადოებაში შეუძლია, რომელთანაც მას საერთო ხედვები, რწმენები და  ღირებულებები გააჩნია. ექსპერტთა თქმით, სწორედ ამ საზოგადოების წევრად დარჩენის (და შემდეგ გადარჩენის) სურვილი აიძულებს მას ფაქტების არაობიექტურ
ინტერპრეტაციას.

ხშირად, ალბათ დაკვირვებიხართ, რომკონკრეტული პიროვნების მიერ ინფორმაციის აღქმა ან, აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაქცია ძლიერ ჰგავს ან/და იდენტურია თავისი ოჯახის წევრების, მეგობრებისაღქმებისა და რეაქციების. ისინი ცალ-ცალკე და ერთად, მხოლოდ იმ ინფორმაციას მოიძიებენ და მიიღებენ, რომლებიც მხოლოდ გააძლიერებს მათ ერთობას და გაამყარებს მათ პოზიციებს. ალბათ, ასევე, ხშირად გსმენიათ ან იცნობთ კიდეც, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკურ-იდეოლოგიური შეხედულებების გამო უარს ამბობენ, უყურონ კონკრეტულ სატელევიზიო არხებს, გადაცემებს, უარს ამბობენ წაიკითხონ ესა თუ ის ბეჭდური მედიასაშუალება, სოციალურ ქსელებში არ წევრიანდებიან განსხვავებული მსოფლმხედველობისა თუ იდეების მქონე ადამიანთა ჯგუფებში და სხვა. მათ არ აქვთ სურვილი მოისმინონ განსხვავებული ინფორმაცია.

ამდენად, მნიშვნელოვანია ძალისხმევა ინფორმაციის წყაროების მრავალფეროვნებასა და გადამოწმებაზე მივმართოთ. მაქსიმალურად ხშირად დასვით შეკითხვა - რატომ? რატომ მეუბნებიან ამ ინფორმაციას მე? რა არის ინფორმაციის ჩემთვის მოწოდების მიზანი? 

გაზიარება