უკან დაბრუნება

ძალიან ბევრი წარმოდგენა ევროპის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და დიდი ალბათობით ის რუსული პროპაგანდის შედეგია

18 სექტემბერი 2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მაშინვე გადაწყვიტე რომ აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და ეს სურვილი, მე-3 კურსზე ავისრულე-ერთი სემესტრი ლატვიის დედაქალაქ რიგაში "Bisnesa Ausgskola Turiba”- ში ვსწავლობდი.

 

ეს იყო ძალიან ბევრის მომცემი და პროდუქტიული 5 თვე. აქ, საშუალება მომეცა გავცნობოდი არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ ბალტიის ქვეყნებს, არამედ ვიმოგზაურე ბელგიასა და შვედეთშიც. მოგზაურობისას და ადგილობრივ მოსხლეობასთან კონტაქტისას ყოველთვის ვცდილობდი გამეაზრებინა შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს საქართველოში არსებული სტერეოტიპები და წარმოდგენები ევროპის შესახებ.

 

დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველო ნამდვილად იმყოფება საინფორმაციო ომში და აუცილებელია თავი დავიცვათ არასწორი და ხშირად გამიზნული გავრცელებული დეზინფორმაციისაგან. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი წარმოდგენა ევროპის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და დიდი ალბათობით ის რუსული პროპაგანდის შედეგია, რომელიც ძალას არ იშურებს რომ ევროპა და ზოგადად დასავლური ღირებულებები საქართველოსათვის ნაკლებ მიმზიდველად წარმოაჩინოს.

 

 ტყუილია, რომ ევროპელები ნაკლებად რელიგიური ხალხია, ტყუილია, რომ მათი უმეტესება ათეისტია. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ამბავი, არატრაციული ორიენტაციის მქონე ადამიანების შესახებ, რომლებიც თითქოს იძულებითა და განზრახ უბიძგებენ ახალგარზდებს "მამათმავლური ცოდვებისაკენ". არავინ არ ცდილობს თავს მოგახვიოს საკუთარი ცხოვრება. ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და ამის გამო, არავინ კიცხავს ერთმანეთს.


გაზვიადებულია მითი მიგრანტების შესახებ. მახსოვს შვედეთში წასვლამდე სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გადავწყდი ფოტოს სადაც საკლასო ოთახში ფერადკანიანთა უმრავლესობაა თავმოყრილი და აწერია - „შვედეთი“. ამ დროს, პირველი, რამაც შვედეთში ჩემი ყურადღება მიიქცია, ეს, სწორედ ფერადკანიანი მოსახლეობის სიმცირე იყო.

 

ევროპელები ცივები არიან, უცხო ადამიანთან არ შედიან კონტაქში და ადამიანი შეიძლება ქუჩაში ისე გარდაიცვალოს რომ არავინ დაეხმარებაო - ალბათ ხშირად გაგვიგია ეს მითიც. მოგზაყრობისას ხშირად მიწევდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეკითხა თუ როგორ მივსულიყავი ამა თუ იმ ადგილას და ყოველთვის თბილად და დადებითად მპასუხობდნენ. არ მახსოვს შემხვევა, რომ ვინმეს არ ეპასუხოს ან თავი აერიდებინა პასუხის გაცემისაგან. მახსოვს, ერთხელ, მე და ჩემი მეგობრები ლატვიაში დედაქალაქიდან შორს ვიყავით გასულები შინ დასაბრუნებლად ავტოსტოპით ვცადეთ მატარებლის სადგურამდე მისვლა. დაახლოებით 5 წუთში, შემხვედრმა მანქანამ უპრობლემოდ მიგვიყვანა დანიშნულების ადგილამდე, თავის მარშრუტსაც კი გადაუხვია, რომ ჩვენ დაგვხმარებოდა.


ალბათ ხშირად გაგვიგია ფრაზები: "რუსი ღორები" "ყველა ლოთია" და ა.შ. არ ვიზიარებ რუსეთის პოლიტიკას, თუმცა განვასხვავებ ჩემს დამოკიდებულებას რუსეთის მმართველი წრისა და ჩვეულებრივი მოსახლეობის მიმართ. ჩემთან ერთად სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა რამდენიმე რუსი სტუდენტი. ისინი, არათუ ჩამოუვარდებოდნენ ევროპელ სტდენტებს განათლებით, უცხო ენების ცოდნით, აკადემიური მოსწრებით, პონქტუალურობით, კულტურულობითა თუ ზრდილობით, არამედ, ხშირად ბევრი მათგანისაგან გამორჩეოდნენ კიდეც. მისაუბრია მათთან რუსეთის-საქართველოსთან ურთიერთობებზე. ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ უკმაყოფილონი არიან რუსეთის პოლიტიკით მეზობლების მიმართ, სურთ იცხოვრონ დემოკრატიულ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოში და არ ხიბლავთ უკან, სამშობლოში დაბრუნება.


და, ბოლოს, ჩემი პირადი გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ ევროპის ქვეყნებში მართლაც გაცილებით უკეთესი სახცოვრებელი პირობებია, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, თავს უფრო დაცულად გრძნობ, ევროპელები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ, ევროპული ტიპის სახელმწიფოში გამიჩნდა მძაფრი განცდა და შეგრძნება იმისა, რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია მოქალაქეზე.

 

ბექა ბერიაშვილი,

სპეციალურად

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის

 

გაზიარება