უკან დაბრუნება

როგორ იწრთობოდა სეპარატიზმი საქართველოში რუსების მიერ

16 სექტემბერი 2018

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში არ ყოფილა არც ერთი წელი, როდესაც რუსების წაქეზებითა და მხარდაჭერით, ცხინვალის რეგიონში აჯანყება არ მომხდარიყო. ვიდრე საქართველოს 1921 წლის ოკუპაციამდე ბოლშევიკები პერიოდულად აჯანყებდნენ სეპარატისტებს ცხინვალის რეგიონიდან.

 

საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალში ბოლშევიკების მიერ წახალისებული სეპარატისტული მცირე ჯგუფები პირველად 1918 წლის გაზაფხულზე გამოვიდნენ. მაშინ სახალხო გვარდიის ნაწილებმა მათი დაშოშმინება სწრაფად მოახერხეს. 1919 წლის შემოდგომაზე ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთი უშედეგო შეიარაღებული გამოსვლის მცდელობა იყო.

 

ყველაზე მასშტაბური აჯანყება 1920 წლის მაისში მოეწყო. ამ აჯანყებისთვის რუსი ბოლშევიკები სეპარატისტულად განწყობილი ოსი მოსახლეობის ნაწილს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ამზადებდნენ. რუსეთის ბოლშევიკური პარტიის კავკასიის საოლქო კომიტეტის მიერ 23 მარტს შექმნილმა „სამხრეთ ოსეთის“ რევოლუციურმა კომიტეტმა, 6 მაისს როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და როკის უღელტეხილი ჩაკეტა. იმავე დღეებში ჩრდილო კავკასიიდან ოსთა დასახმარებლად რუსული სამხედრო ნაწილები გადმოვიდნენ. 1920 წლის 28 მაისს ოსებმა სპეციალური მემორანდუმი გაგზავნეს მოსკოვში, სადაც საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამდნენ:

 

„სამხრეთ ოსეთის მშრომელები ოქტომბრის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე აშკარა ბრძოლას აწარმოებს მენშევიკური საქართველოს მთავრობასთან. მენშევიკური საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთი არასდროს არ შესულა და არც შედის, სთვლის რა თავის თავს საბჭოთა რუსეთის განუყოფელ ნაწილად.“

 

8 ივნისს ოსურმა და რუსულმა ნაწილებმა ცხინვალი დაიკავეს და ონიდან დუშეთამდე სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს. სეპარატიზმის აღსაკვეთად საქართველოს ხელისუფლებამ 17 ივნისს რეგიონში რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილები გაგზავნა. რამდენიმე დღიანი ბრძოლების შემდეგ, ბოლშევიკების მიერ მხარდაჭერილი და წახალისებული სეპარატისტების აჯანყება ჩაახშეს და ამბოხის 13 მოთავე სიკვდილით დასაჯეს. აჯანყება სეპარატისტებმა მაშინ დაიწყეს, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლები ჰქონდათ აზერბაიჯანის საზღვარზე და ბათომის ოლქში (ბრძოლები წარმოებდა რუსეთის საოკუპაცია, ბოლშევიკურ ძალებთან).

 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წლის 20 აპრილს საქართველოს შემადგენობაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა. ეს იყო ერთგვარი ხარკი ბოლშევიკი ოსი სეპარატისტებისთვის, რომლებიც ებრძოდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს სესიამ "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის" დეკლარაცია მიიღო, რაც საქართველოს შემადგენლობიდან რეგიონის ფაქტობრივ გასვლას ნიშნავდა. ამის საპასუხოდ, 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ საერთო დგააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამ გადაწყვეტილების არგუმენტაცია შემდეგი იყო:

 

1. 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების საწინაღმდეგოდ და საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგოდ;

2. ოს ხალხს აქვს საკუთარი სახელმწიფოებრიობა სსრკ-ს ტერიტორიაზე;

3. სამხრეთ ოსეთში საქართველოში მაცხოვრებელ ოსთა მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს.

 

იმავე დღეს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ცხინვალის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 1991 წლის იანვარში ცხინვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ქვედანაყოფები შევიდნენ, რომლებსაც სეპარატისტებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ასე დაიწყო საომარი მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, რომელიც 1992 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდა. თქმა არ უნდა, რომ სეპარატისტებს მხარს რუსი სამხედრო ნაწილები უჭერდნენ. 1992 წლის 24 ივნისს დაგომისში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ. რეგიონში მშვიდობის აღსადგენად შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია და სამშვიდობო ძალები, სადაც მთავარ როლს რუსი სამხედროები ასრულებდნენ.

 

რუსეთის მმართველი ელიტის პოლიტიკა არ იცვლება. 1921 წლიდან დღემდე რუსეთი, საქართველოს არ აძლევს საშუალებას თავის ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად ააშენოს ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის სახელმწიფო. ძალისმიერი გზით, უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებს ის სამხედრო ქალაქებად აქცევს, სადაც არ არსებობს რესურსი ადამიანის დასაქმების, თვითრეალიზებისა და განვითარებისთვის. ის, ასევე ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების სოციალური კეთილდღეობის, განათლების, ვაჭრობის, ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს აძლევს (ინიციატივებისა და რესურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ)

 

წყაროები:

  1. გაზეთ „ერთობის“ 1920 წლის ივნისის გამოცემა
  2. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არქივი.
  3. ეუთოს მისიის ანგარიშების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალები ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.
  4. Региональные конфликты в Грузии - Юго-Осетинская автономная область, Абхазская АССР (1989- 2005). Сборник политико-правовых актов. Тбилиси 2005. Составитель и главный редактор Т. Диасамидзе.
  5. Статус автономных регионов в Абхазии и Юго Осетии в составе Грузии (1917-1988). Сборник политико-правовых актов. Тбилиси 2004. Составитель и главный редактор Т. Диасамидзе.
  6. ქართულ-ოსურიკონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ. თბილისი, 2005. ფონდი "ღია საზოგადოება   საქართველო".

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#შეიარაღდისიმართლით

 

გაზიარება