უკან დაბრუნება

ეს იდეური ბორკილები ნელ-ნელა სუსტდება - მე თათია ფარადაშვილი გახლავართ

14 სექტემბერი 2018

მეგობრებო თუ თქვენ ამტკიცებთ, რომ დასავლეთის ქვეყნებში განათლების მიღებისას, ნებით თუ უნებლიედ, ქართველი ახალგაზრდა კარგავს თავის მშობლიურ ღირებულებებს და კულტურების აღრევის მსხვერპლი ხდება, მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩანერგილი პროპაგანდის მსხვერპლი თავად ხართ. ეს იდეური ბორკილები ნელ-ნელა სუსტდება ახალი თაობებისთვის, რომლებიც ტოვებენ სამშობლოს, ეცნობიან სხვა კულტურებს, რელიგიებს, ადამიანებს და უცებ ხვდებიან, რომ არავინ ერჩის მას, არავის უნდა რამის წართმევა, მისი გადასხვაფერება. ხედავს, რომ ის მიღებულია, მას პატივს სცემენ, ცნობისმოყვარეობით შესციცინებენ და სთხოვენ მეტი მოუყვეს (ქართულ) მთებსა და სიძველეებზე, მოუყვეს ტრადიციებზე, ჩვენი სიმღერა მოასმენინოს, ცეკვა არა თუ აჩვენოს, იქნებ ასწავლოს კიდეც. ნება მომეცით, რამდენიმე სიტყვით მოგიყვეთ ჩემი ამბავი. მე თათია ფარადაშვილი გახლავართ და ჩემთვის არაფერი წაურთმევიათ. პირიქით, დამეხმარნენ გამეანალიზებინა თუ რაოდენ განსხვავებული და საამაყოა ჩვენი კულტურა სხვა განსხვავებულ და საამაყო კულტურებს შორის.

2017 წელს ბოლ სტეიტის უნივერსიტეტშიც სრული დაფინანსებით ვსწავლობდი, რაც დამოუკიდებლად მოვიპოვე საქართველოში ამერიკის საელჩოს გაცვლით პროგრამაში გამარჯვების შედეგად. ასევე, აქ სწავლის მანძილზე ამერიკის მთავრობის სტიპენდიანტი ვიყავი. იცით?! ამერიკულ უნივერსიტეტში პირველივე დღეს დამახვედრეს ქართული დროშა და ქართული ასოებით დაწერილი „მოგესალმებით!“. დაუჯერებელია არა?! ამან საოცრად გამახარა, მით უფრო რომ არ ველოდი ასეთ გულთბილ დახვედრას, ჩვენ ხომ პირიქით გვასწავლეს. ამერიკელები არ დასჯერდნენ ამ სიურპრიზს და სამზარეულოც გახდა პატივისცემის მთავარი არეალი, მათ გულდასმით ჩაიკითხეს ჩემ მიერ ინგლისურად დაწერილი ხაჭაპურის, ხინკლისა და მჭადის რეცეპტი.. დატრიალდნენ მზარეულები და რამდენიმე წუთში მზად იყო ყველაფერი სტუმრებისთვის, რომლებმაც გადადეს საქმეები. გამონახეს დრო, რათა მოესმინათ ერთი შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელსაც მოსაყოლი ბევრი ჰქონდა ამ საოცარ ქვეყანაზე, მანამდე მხოლოდ CNN- დან რომ სმენიათ რამდენიმე წინადადებით.

აღფრთოვანებითა და უწყვეტი ცნობისმოყვარეობით გამოწვეულ სიჩუმეს არღვევდა ჩემი სიტყვები და შემდგომში ქართული მრავალხმიანი სიმღერები, შემდეგ კი კითხვებისა და აღფრთოვანების კორიანტელი. მქონდა ბედნიერება, ამერიკელი სტუდენტების სალექციო კურსში საქართველოზე დეტალურად მესაუბრა და სემესტრის ბოლოს ისინი მიიღებდნენ შეფასებას, ეს საგანი მათ მოსწრებაშიც დაფიქსირდა. მახსოვს, რა მოწიწებით შექმნეს პლაკატი ჩვენ ქვეყანაზე და უნივერსიტეტის საცნობარო დაფებზე რამდენიმე კვირით ადრე გააკრეს, რათა ყველას სცოდნოდა და არავის გაეშვა დასრწების შანსი. მე მყავდნენ ამერიკელი დედობილი და მამობილი, მათაც შეიყვარეს ჩემი ქვეყანა და პირობა დადეს,რომ გვესტუმრებიან და საკუთარი თვალით იხილავენ ამ სილამაზეს. მათ შეიყვარეს ქართული კულტურა და ტრადიციები. დიახ, შეგახსენებთ, არავის ჰქონია მცდელობა წაერთმია ეს, ან ოდნავ მაინც შეებღალა.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო სხვადსხვა პროექტში ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩატარდა ევროპის ქვეყნებში. ამ შემთხვევაშიც არა ერთხელ ვისაუბრე და წარვადგინე ქართული კულტურა. პასუხად მივიღე სიყვარული, პატივისცემა და აღფრთოვანება. იცით?! პატრიოტიზმი მაშინ უფრო ღვივდება, როცა რეალობაში აანალიზებ რას ნიშნავს სამშობლო, კულტურა, ფესვები და შენი როლი ამ ყოველივეს დაცვასა და განვითარებაში.. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ჩვენ ჩვენი მხრივ უნდა გავუფრთხილდეთ, სხვებსაც გავუზიაროთ, მათგანაც ვისწავლოთ და პატივი ვცეთ. მერწმუნეთ, აქ საშიში არაფერია. რაც შეეხება იდეოლოგიურ მტრებს, რომლებიც ასე ღრმად ჩაგვრჩა ქვეცნობიერში.. სჯობს კარგად გავაანალიზოთ ფაქტები და რეალობა, მაშინ კი ნათელი იქნება ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ გვართმევს ჩვენს ქვეყანას და ვინ გვეხმარება მის დაცვასა და განვითარებაში, თუნდაც ახალგაზრდების განათლებაში ინვესტიციების ჩადებით. სწორედ ახალმა თაობამ უნდა გადაიბაროს ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება პროპაგანდისტული ბორკილებისგან თავისუფალი ხედვა, ხედვა რომელიც მიმართულია ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ თავისუფლების კვალდაკვალ.

 

თათია ფარადაშვილი

 

სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის

#ძალაჩვენშია

 

გაზიარება