უკან დაბრუნება

საკუთარი თვალით ვნახეთ, წავიკითხეთ, მოვისმინეთ, გადავწყვიტეთ და მაინც შევცდით - რატომ?

13 სექტემბერი 2018

ანალიტიკური აზროვნება მტკივნეული პროცესია. ის ტკივილს პირველ რიგში ტვინს აყენებს, რომელიც მუდმივად ცდილობს აისხლიტოს ეს მტკივნეული პროცესი. ამბებისა თუ მოვლენების ახსნა მოითხოვს ცოდნას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ტვინი გვთავაზობს შაბლონურ აზროვნებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს მარტივი და უმტკივნეულოა მისთვისაც და ჩვენთვისაც. გარდა ამისა, სოციალური ფსიქოლოგიის მიხედვით ჩვენს ირაციონალურობას (მცდარ გადაწყვეტილებებს) ადამიანის მოტივირებული მსჯელობისკენ მიდრეკილებაც განაპირობებს.

 

 მოტივირებული მსჯელობა 

ამ დროს, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ან/და მხარს უჭერს ჩვენთვის ახლობელ რწმენებსა და შეხედულებებს. უფრო მეტიც, ადამიანი ამ დროს, ცხოველური, გადარჩენის ინსტინქტით ხელმძღვანელობს. ის ცდილობს მოიპოვოს ან/და დაიჯეროს ის ინფორმაცია, რომელიც მას და მის გარემოცვაში არსებულ რწმენებსა და შეხედულებებს გააძლიერებს. გარემოცვის/გუნდის გაძლიერება არის მისი გადარჩენის გარანტიაც. ამდენად, ახლობელი რწმენებისა და შეხედულებების საწინააღმდეგო მოსაზრებები „იბლოკება“ არა იმიტომ, რომ ჩვენ, მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს მათ გასაბათილებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ასუსტებს ჩვენს გუნდს და შესაბამისად, ჩვენც. მოტივირებული მსჯელობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამორიცხავს ობიექტურობას, რადგან ადამიანი მიდრეკილია შერჩევითობის პრინციპით მიიღოს, გაავრცელოს და დაამუშაოს ინფორმაცია.

 

ფამილარობა კომუნიკატორის მიმართ

კიდევ ერთი მიდრეკილება, რომელიც ადამიანებს ახასიათებთ - გვჯერა კარგად ნაცნობი ადამიანების. რაც უფრო ხშირად ვხედავთკომუნიკატორს მით უფრო მეტად ვხარბდებით მის ინფორმაციას და ვზრდით მისი ინფორმაციის მიმღებლობის ხარისხს. ერინ ნიუმანი, სამხრეთკალიფორნიის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ „თავად ის ფაქტიც კი, რომ კომუნიკატორი არ არის იმ სფეროს ექსპერტი, რომელზეც ის საუბრობს, ჩვენ შეუმჩნეველი გვრჩება; როდესაც კომუნიკატორი თავის იდეას სხვადასხვა სატელევიზო პროგრამებისა თუ გადაცემების საშუალებით დაუსრულებლად ავრცელებს, ეს ქმნის ილუზიას, რომ იდეა, რომელზეც ის საუბრობს, იმაზე მეტად პოპულარული და ყოვლისმომცველია ვიდრე სინამდვილეშია. შედეგად, ჩვენ ვიწყებთ მისი შეტყობინების სიმართლედ განხილვას და აღქმას.“ ამ ჭრილში, საინტერესოა, რომ კვლევითი ორგანიზაცია „რენდ“-ის ანალიტიკოსები, სწორედ განმეორებითობას ახსენებენ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანის საფუძვლების ანალიზისას. ავტორები, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას იშველიებენ და ამბობენ, რომ გამეორება ცნობადობისკენ (Familiarity - აქ, გაშინაურება, დაახლოება ინფორმაციასთან) გვიბიძგებს, რაც თავის მხრივ ინფორმაციის (შეტყობინების) მიმღებლობას ზრდის. ანუ, მნიშვნელობა არ აქვს არის თუ არა სფეროს ექსპერტი ესა თუ ის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაციას, რომელსაც ის ავრცელებს. თუ ის ამას აკეთებს ხშირად, ის ზრდის ალბათობას რომ ჩვენ დავიჯერებთ მის მიერ გავრცელებულ თუნდაც მცდარ ინფორმაციას.

 

კოგნიტური შეუფერხებლობა

ექსპერტები ყურადღებას „კოგნიტური შეუფერხებლობის“ გაგებას აქცევენ. „თუ საქმე ადვილად და მარტივად აღქმად პროცესთან გვაქვს, ჩვენიმენტალური შაბლონები მიდრეკილნი არიან ასეთი ამბავი სიმართლედ განიხილონ“ - ამბობს ნიუმანი. ამ გზაზე, საინტერესოა ნიუმანის ერთ-ერთიექსპერიმენტი. მკვლევარმა ცდისპირებს ერთ-ერთ როკმუსიკოსის გარდაცვალების შესახებ აცნობა - ინფორმაცია ცდისპირებს სტატიის სახითმიაწოდეს. როგორც მკვლევარი ამბობს, მტკიცება მუსიკოს გარდაცვალების შესახებ გაცილებით წარმატებული იყო, როცა სტატია „გარდაცვლილის“ ფოტოსთან ერთად წარადგინა. ვიზუალური კომპონენტი (ფოტო) ხელს უწყობდა ცნობის ჩვენს გონებაში კიდევ უფრო სიღრმისეულ ჩაბეჭდვას. ამასთან ერთად, ცნობილია, რომ ადვილად საკითხავი/აღქმადი ფონტი და შეუფერხებელი თხრობა კიდევ უფრო ზრდის ტექსტის შინაარსის დამაჯერებლობას.

დასკვნის სახით,

ჩვენი მცდარი გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში ჩვენს მომავალს განაპირობებენ, ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. შაბლონებით ხელმძღვანელობა, ზარმაცი ტვინი, განათლების დაბალი დონე, კრიტიკული/ანალიტიკური აზროვნების სუსტი უნარები, კოგნიტური შეუფერხებლობა, მოტივირებული მსჯელობა და ინფორმაციის დამუშავებისადმი ჩვენი სხვადასხვა მიდრეკილებები კიდევ უფრო რთულ და ბუნდოვან მომავალს გვიქადის. ამ პირობებში იზრდება ჩვენი ინფორმაციით მანიპულირების რისკი და მოწინააღმდეგის შანსები დაგვაჯეროს რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია...

 

 

 

 

 

გიორგი მოლოდინი,

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის

გაზიარება