უკან დაბრუნება

1924 წლის1 სექტემბერს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა საფიჩხიის სასაფლაოზე დახვრიტეს

1 სექტემბერი 2018

 

1924 წლის1 სექტემბერს ქუთაისში "განსაკუთრებული სამეულის" მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს:

 

  1. ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)
  2. დეკანოზიგერმანე ჯაჯანიძე
  3. დეკანოზი იეროთეოს ნიკოლაძე
  4. მღვდელი სიმონ მჭედლიძე
  5. პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე

 

1924 წლის აგვისტოში სვირის რაიონის სოფელ როდონაულის მოსახლეობამ, მიტროპოლიტ ნაზარს, ბოლშევიკების მიერ თეატრად გადაკეთებული ეკლესიის ხელახლა კურთხევა სთხოვა. მიტროპოლიტი სოფელში 2 აგვისტოს ჩავიდა. ეკლესიაში საღამოს ლოცვის შემდეგ იგი ღამის გასათევად ერთ-ერთი მორწმუნის - მათე ჩუბინიძის ოჯახში გაჩერდა. ღამის 2 საათზე მეუფე ნაზარი თანმხლებ პირებთან ერთად დააპატიმრეს. დაპატიმრების მიზეზი დასმენა გახდა, რომლის მიხედვითაც მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები, ჩუბინიძის სახლში ანტისაბჭოთა შეკრებას ატარებდნენ და საბჭოთა მთავრობას ლანძღავდნენ.

 

ამონაწერი ნაზარის დაკითხვის ოქმიდან:

 

„ღამის 12 საათი იქნებოდა, მე მძინარე ვიყავი, შემოიჭრა ჩემს ოთახშიდ და მეტის მეტი უხეშად მომთხოვა ზევით ადგომა. მე მათ ვთხოვე გაესინჯათ ჩემი პირადობის მოწმობა, მათ კი მითხრეს დატყვევება. ...ლოგინში მწოლიარეს მსტაცა ხელი ერთმა მილიციონერმა და პერანგის სამარა გამაგდო შიშველი ჯერ ზალაშიდ და მერმეთ ბალკონშიდ... მე სულ მთლად გაშიშვლებული პერანგის ამხანაგის ამარა, ღამის პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით, ძალით დამაწვინეს ურემზედ, შემიკრეს ხელ-ფეხი ვით ბოროტ ავაზაკს და საშინელი ურმის ძაძგურით და ტკივილების გრძნობით ღამითვე მიმიყვანეს ერთ სახლშიდ, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა აღმასკომი და იქ შემაგდეს როგორც პატიმარი...“

 

ზერელე გამოძიების შემდეგ, საქმე განსაკუთრებულ სამეულს გადაეცა, რომელმაც მეუფეს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. სიკვდილით დასჯის მიზეზი სამეულის მიერ ასე იქნა კვალიფიციებული:

 

„დანაშაულის ფაქტი, რომელიც გამოიხატება კონტრევოლუციური მიზნით არალეგალურ შეკრებაში და სვირის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ჩაითვალოს დამტკიცებულად. დაკავებულთა წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.“

 

მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები, საფიჩხიის სასაფლაოზე დახვრიტეს.

 

 

მიტროპოლიტ ნაზარის საქმე (1924 წლის აგვისტო-სექტემბერი). გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი, 2009. 127 გვ.

გაზიარება