უკან დაბრუნება

"...მსურს შევსვა მისი სადღეგრძელო“, - როგორ ადღეგრძელა სტალინმა ადოლფ ჰიტლერი

28 აგვისტო 2018

„მე ვიცი როგორ უყვართ გერმანელებს საკუთარი ფიურერი და ამიტომ მსურს შევსვა მისი სადღეგრძელო“, - ასე ადღეგრძელა იოსებ სტალინმა ადოლფ ჰიტლერი 1939 წლის 23 აგვისტოს ღამეს, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმების შემდეგ გამართულ საზეიმო ბანკეტზე. (წყარო: Бережков Валентин Михайлович „Как я стал переводчиком Сталина“ - http://militera.lib.ru/memo/russian/berezhkov_vm/01.html) თავის მხრივ, ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ფონ რიბენტროპმა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობისა და პირადად სტალინის სადღეგრძელო წარმოთქვა.

 

საბჭოთა რუსეთი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ის ნაცისტური გერმანიის დაუძინებელი მტერი  იყო და ფაშიზმის დასამარცხებლად ყოველთვის შეურიგებელი პოზიცია ეკავა. ამასვე იმეორებს  რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებაც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემას, რუსული საზოგადოების კონსოლიდაციისთვის იყენებს. ისტორიული სინამდვილე კი  სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სწორედ სტალინის ხელისუფლებისა და ჰიტლერულ გერმანიის გარიგებისა და შეთანხმების შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1939 წლის შემოდგომაზე საბჭოთა რუსეთი და ნაცისტური გერმანია ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. 23 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების საიდუმლო მუხლების თანახმად, ჰიტლერმა და სტალინმა ევროპა გადანაწილეს. რას გულისხმობდა პაქტის საიდუმლო ნაწილი:

 

“1 ბალტიის სახელმწიფოების (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) ტერიტორიულ-პოლიტიკური მოწყობის შემთხვევაში, ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი, ამასთანავე წარმოადგენს გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ინტერესის სფეროს. ამასთან, ლიტვის ინტერესს ვილნოს ოლქის მიმართ აღიარებს ორივე მხარე.

 

2 პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ოლქების ტერიტორიულ-პოლიტიკური მოწყობის შემთხვევაში, გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფეროს საზღვარი დაახლოებით გაივლის მდინარეების: ნარევას, ვისლისა და სანას ხაზზე. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით პოლონეთის შენარჩუნების საკითხი, აგრეთვე ამ სახელმწიფოს საზღვრები, საბოლოოდ განისაზღვრება მხოლოდ შემდგომში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხს ორივე სახელმწიფოს მთავრობა გადაწყვეტს ურთიერთშეთანხმების გზით.

 

3 რაც შეეხება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, საბჭოთა კავშირის მხრიდან ხაზი გაესვა ბესარაბიის მიმართ ინტერესს. გერმანული მხარის განცხადებით, მას არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური ინტერესი ამ მხარეში.

 

მოსკოვი, 23 აგვისტო 1939 წელი.” წყარო Хрестоматия по отечественной истории.

1914-1945 гг. С. 479.  – http://www.hrono.ru/dokum/193_dok/19390823dop.php

 

ამ პაქტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში - 1 სექტემბერს, ნაცისტური გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა პოლონეთის აღმოსავლური პროვინციების ოკუპაცია დაიწყო. შემოდგომის მიწურულს სტალინმა დაასრულა ჯარების შეყვანა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, თავს დაესხა ფინეთს. ასე შეთანხმებულად მოქმედებდნენ ჰიტლერული გერმანია და სტალინური საბჭოთა სისტემა.

გაზიარება