უკან დაბრუნება

რუსეთის სტრატეგიული ნარატივის შესახებ საქართველოში

16 მაისი 2018

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ინიცირებული ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკას მოსკოვმა საინფორმაციო-პროპაგანდისტული კონცეპტის ტაქტიკური გადაწყობით უპასუხა – დღის წესრიგიდან ჩაიხსნა საქართველოს, როგორც აგრესორი ქვეყნისა და „არაკომპეტენტური სუვერენიტეტის“ სტატუსით დისკრედიტაციის თემა. არშემდგარი სახელმწიფო, იგივე არაკომპეტენტური სუვერენიტეტის ცნება პოლიტიკურ მეცნიერებაში დაახლოებით 70-იანი წლებიდან ჩნდება. მიიჩნევა, რომ სახელმწიფოები მსგავსი სტატუსით სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მეზობელ ქვეყნებს.

ამ მიზეზით მათ „საშინაო საქმეებში ჩარევა“ საერთაშორისო სამართლით ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ არც გამოირიცხება. რუსულმა საინფორმაციო-პროპაგანდისტულმა მანქანამ „რბილი ძალის“ მთავარ სამიზნედ „ქართველი ხალხი“ შეარჩია და აქტიურად დაიწყო საქართველოში, 2008 წლის სამხედრო აგრესიის გამართლება, რომლის მიხედვითაც რუსეთი „დასავლეთმა აიძულა“. თუმცა, თავის მართლებასა და საინფორმაციო ველში აგრესიული რიტორიკის შერბილებას ხელი არ შეუშლია ოკუპირებული რეგიონების ფედერაციაში ინტეგრირების ხარისხის ზრდისთვის. რაც მთავარია, მოსკოვს უარი არ უთქვამს ქართველი საზოგადოებისთვის შექმნილი კომუნიკაციის სტრატეგიული ნარატივის კორექტირებაზე, რომელიც ამბობს:

  • დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება.
  • საქართველოსა და რუსეთის „სულიერი საკვები; მართლმადიდებლური ეკლესია საჭიროებს დაცვას და ეს არის რუსეთის მოვალეობა და ღირსების საქმეც;
  • მართლამდიდებლობა არის ხიდი ქართველ და რუს ხალხებს შორის, რომლის დაწვასაც აქტიურად ცდილობს აშშ და მისი მოკავშირე სახელმწიფოები ევროპაში.
  • „კოლექტიური ქართველის“ ნაციონალური იდენტობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის კალთის ქვეშ;
  • ამ გზაზე რუსეთი თავს იცავს დასავლეთისგან, რომელიც პერიოდულად აიძულებს პროვოკაციებში მონაწილეობას.“

უკვე წლებია, რაც აღნიშნული სტრატეგიული ნარატივი შემდეგ ჩარჩო-კონცეფციას ეფუძნება:

  • ქართველი ხალხისთვის „დასავლეთთან მეგობრობა“ არის საფრთხის შემცველი; დასავლეთი (აშშ) ვერ იცავს თავის მოკავშირეებს და მასთან მეგობრობა არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს;
  • ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია;
  • საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის არ არის მატერიალური კეთილდღეობის გარანტია, პირიქით;
  • ნატო – კავშირი, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ტერიტორიული რღვევის გაგრძელებას და საბოლოოდ ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლას გამოიწვევს;
  • ევრაზიული კავშირი – ორგანიზაცია, რომელშიც საქართველოს გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს გადაწყვეტს;
  • რუსეთი არის ძლიერი სახელმწიფო / მას შეუძლია თავისი მოკავშირეების დაცვა;
  • ევრაზიული კავშირი – სივრცე, სადაც შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარი;
  • დასავლეთს არ შეუძლია თავისი მოკავშირეების დაცვა;

საინფორმაციო გარემოზე ზედაპირული დაკვირვებითაც აშკარად ჩანს, რომ საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებამ და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გზაზე გაჩენილმა ახალმა იმპულსებმა, საქართველოში, რუსეთის სტრატეგიული ნარატივის ჩარჩო-კონცეფციაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები, როგორც ახალი მიმართულებები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

  • საქართველოში, საზოგადოების მხრიდან არსებობს რუსეთთან დიალოგის სოციალური დაკვეთა;
  • საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას თამამი ნაბიჯები და ადეკვატურად უპასუხოს საკუთარი ხალხის მოთხოვნებს;
  • „დასავლეთი“ განაგრძობს საქართველოს შეიარაღებას;
  • სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება;
  • ორი ქვეყანა არ უნდა გაიწიროს დაპირისპირებისთვის;
  • ალტერნატიული ენერგოდერეფნის სტატუსი არ არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტია;
  • შესაძლებელია დაკარგოთ კიდევ უფრო მეტი;

კონცეპტი: შერიგება  / კონტექსტი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

რუსეთის სტრატეგიულ ნარატივსა და მის ჩარჩო-კონცეფციაზე აგებულია რუსეთის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების მთელი კასკადი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს საქართველოში უკვე კარგად აწყობილი საინფორმაციო-საკომუნიკაციო არხები და მათი ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა საშინაო დავალებებით იკვებება:

  1. „თბილისში მოქმედებს ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების ნორმალიზებას რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ისინი არიან პროვოკატორები“ – იგორ კარასინი
  2. «Восточного партнерства» заключается в оттеснении России в «северо-восточный угол Евразии». – Андрей Суздальцев «Восточное партнерство» рассматривается как инструмент для дезинтеграции на постсоветском пространстве. директор Центра стратегических и внешнеполитических исследований Арсений Сивицкий «появление инструментов Североатлантического альянса на территории Грузии повысит градус напряженности» – МИД РФ.

საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სინქრონიზებული პოლიტიკის სამიზნე არის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისე ფორმირება, რომელიც უფრო „მეტის დაკარგვის“ შიშით სტრატეგიული ნარატივის ჩარჩო-კონცეფციის კონცეპტსა და კონტექტს (შერიგება/ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს) დაეთანხმება.

ამ გზით, საქართველოს ხელისუფლებას კრემლი არაორაზროვნად უყენებს ალტერნატივას – დასავლეთისკენ გადადგმული ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯი პირდაპირ იქნება დაკავშირებული „კიდევ უფრო მეტის დაკარგვასთან“. ამ გზაზე ტაქტიკური დონის ამოცანები, რომელთა მიღწევასაც კრემლი მოკლევადიან პერსპექტივაში, სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე ცდილობს, ასეთია:

  • მაქსიმალურად ღრმად ჩაითრიოს ქართული მხარე და მიაბას დიალოგის არსებულ და მისთვის ყველაზე კომფორტულ, ორმხრივ ფორმატს;
  • დიალოგის შენარჩუნებით რუსული მხარე ცდილობს მოიგოს დრო ყველა შემდეგი ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვისთვის;
  • საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების დახმარებით, მოსახლეობის თვალში, ხელისუფლება დაყოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე ჯგუფებად;
  • არ დაუშვას ერთიანი სამთავრობო ნარატივის შექმნა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გზაზე;

ვარაუდები:

იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საზოგადოებრივ აზრთან ურთიერთობები კრემლმა უკვე „დაალაგა“. ახლა მისთვის მთავარია აიძულოს ხელისუფლება, დაემორჩილოს ამომრჩევლის სურვილს, „სოციალურ დაკვეთას“, რომელსაც 1. „ეშინია უფრო მეტის დაკარგვის“ და 2. „გააჩნია დიალოგის სურვილი“. სავარაუდოდ, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები გახდება ე.წ. რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების „შერბილებული“ შინაარსის ცვლილების მიზეზი. მოსალოდნელია არსებული რუსული ნარატივის ძირითადი კონცეპტის ცვლილება უფრო ხისტი და აგრესიული ჩარჩო-კონცეფციით. არსებული რუსული ნარატივი და მისი ჩარჩო-კონცეფცია დიდი ალბათობით დაეფუძნება ახალ კონცეპტს, სადაც საქართველო იქნება ქვეყანა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუშვა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შანსი; რუსეთის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების ძირითად სამიზნედ დარჩება საზოგადოება, რომელმაც უნდა დასვას კითხვა: რა არის სიკეთე, რომელიც ქართველ ხალხს დასავლეთთან ოცწლიანმა პარტნიორობამ მოუტანა?

გაზიარება