უკან დაბრუნება

სტალინი პირადად ხელმძღვანელობდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას - იხილეთ წერილები

24 აგვისტო 2018

ქართული საზოგადოების ნაწილი სტალინს საქართველოს პატრიოტად მიიჩნევს. არადა ეს იყო პიროვნება, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი მტერი იყო.

 

სტალინი თავს ქართველად არ თვლიდა და ღიად აცხადებდა, რომ იგი რუსი ბოლშევიკი იყო. საანკეტო მონაცემებში მშობლიური ენის გრაფაში, იგი უთითებდა, რომ მისთვის მშობლიური ენა რუსულია (წყარო: Книга  Льва Троцкого: Сталин, т. II, с. 48, 1990.). სტალინის სიყრმის მეგობარი სოსო ირემაშვილი, რომელიც შემდეგ დევნის გამო ემიგრაციაში აღმოჩნდა,იხსენებდა, რომ სტალინი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა (წყარო: Книга ЛьваТроцкого: Сталин, т. II, с. 49, 1990.).

 

ქვემოთ მოყვანილ საარქივო დოკუმენტებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ამზადებდა სტალინი, ორჯონიკიძესთან ერთად, საქართველოს ოკუპაციას.

 

ნაწყვეტი ორჯონიკიძის დეპეშიდან:

 

7 მაისი 1920 . ...საქართველო კონტრევოლუციურ კერად იქცა... ამ მხრივ საქართველოს არავითარი ხელშეკრულების, არავითარი განცხადების ნდობა არ შეიძლება...საქართველოს მებრძოლძალთა მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელია ჩვენი ჩარევისათვის. აქ შესაძლებელია მცირედი ცვლილებებით იგივე განმეორდეს, რაც აზერბაიჯანში მოხდა. მეამბოხეთა რაიონებია: სამხრეთ ოსეთი, დუშეთის მაზრა, ლაგოდეხისა, აფხაზეთი და თითქმის მთელი ქუთაისის გუბერნია. თუ ჩვენ საზღვრისკენ დავიძარით, აღნიშნულ რაიონებში აჯანყება გარდაუვალია. რას გვიბრძანებთ მხარი დავუჭიროთ მას თუ არა?!...

 

იმავე დღეს ორჯონიკიძემ მოსკოვიდან სტალინის დაშიფრული დეპეშა მიიღო:

 

...ვითარება ახლა ისეთია, რომ სიჩქარე საქართველოსთან მისი საბჭოთად გადაქცევისთვის, არ მიგვაჩნია აუცილებლადსულ ერთია, რამდენიმე თვის შემდეგ თუ კომუნისტები იქნებიან ლეგალიზებულნი, ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ არსებობს. გირჩევ დაარწმუნო საქართველოს როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით, რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისათვის.წყარო -  Российский центр хранения и изучения документов новейшей истории – РЦХИДНИ. Ф. 558. Оп. 1. Д. 1621.

 

საქართველოს გასაბჭოებისთვის ხელსაყრელი ვითარება 1921 წლის დასაწყისში შეიქმნა. 1921 წლის 2 იანვარს კავბიუროს ხელმძღვანელმა ორჯონიკიძემ მოსკოვს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპაციისთვის შესაფერისი ვითარება იყო:

 

„...საქართველოს ჩვენს დაუხმარებლად გასაბჭოება არ ძალუძს. საბაბი საქართველოს საქმეებში ჩვენი ჩარევის გვაქვს. საამისოდ საჭირო არ არის აშკარად თავს დავესხათ საქართველოს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოძრაობა აფხაზეთში, აჭარაში, ბორჩალოს მაზრაში, სადაც საამისო ნიადაგია... შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მხსნელებად მოვევლინოთ საქართველოს, რომელიც იხრწნება და ანარქიას ეძევა...“

 

იანვრის მიწურულს კრემლში საქართველოს ოკუპაცია დადებითად გადაწყდა. საგარეო საქმეთა მინისტრის ჩიჩერინის მოხსენების შემდეგ, სტალინმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების წინადადება წამოაყენა.

 

24 იანვარი 1921 .სტალინიცეკას წევრებს; წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევკომს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში. წყარო: Оккупация и фактическая аннексия Грузии (Документыиматериалы), Тбилиси, 1990. с. 15-16

 

1921 წლის 26 იანვარს კრემლში საქართველოს გასაბჭოების გადაწყვეტილება მიიღეს. ორჯონიკიძემ ბაქოში შესაბამისი დეპეშა მიიღო, რომელსაც ხელს სტალინი აწერდა:

ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს, იმაზე თუ რაძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო... ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს.წყარო:Бывший Центральный Партархив Москвы (ЦПА), ныне Архив Президента РФ, ф. 558, оп. 1, дело 2043, л. I.

 

11 თებერვალს ლორეს რაიონში ბოლშევიკებმა აჯანყების პროვოცირება მოახდინეს, რის შემდეგაც საქართველოში რუსეთის მე-11-ე არმია შემოვიდა. 15 თებერვალს სტალინი ორჯონიკიძისგან თბილისის დაუყოვნებლივ აღებას მოითხოვს:

 

..ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი.“წყარო: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 6 ივნისი №111 გვერდი 2.ავტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ჟვანია.

 

იმავე დღეს ლენინმა მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს დეპეშით შესაბამისი დირექტივა გაუგზავნა, რომელსაც სტალინის შემდეგი მინაწერი ჰქონდა:

 

სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ. წყარო: Бывший ЦПА, ныне Архив Президента РФ, ф. 558, оп. I, дело 2054, л. I.

 

სტალინი მოუთმენლობას იჩენდა და ორჯონიკიძეს თბილისის აღებას კატეგორიულად სთხოვდა:

 

18 თებერვალი. ცეკა მოითხოვს რეგულარულ ინფორმაციას ორჯერ დღეში. შენ კი უკვე ორი დღეა ცნობას არ იძლევი. ცეკა მოითხოვს დირექტივის შესრულებას. ამ წუთშივე მოგვეცი ცნობა აჯანყებულთა მიღწევების შესახებ. საჭიროა დააჩქაროთ ქალაქის აღება.“ წყარო: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 6 ივნისი 111 გვერდი 2.ავტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ჟვანია.
 

საბოლოოდ, ყველაფერი 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა, როდესაც სერგო ორჯონიკიძემ სტალინს თბილისის აღება ახარა.

 

 

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

 

გაზიარება