უკან დაბრუნება

რუსული მითები უკრაინის ავტოკეფალიისა და აფხაზეთის კავშირზე

18 აგვისტო 2018

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მხარდაჭერასა და აფხაზეთის ეპარქიის სტატუსს შორის კავშირი არ არსებობს! თქმა იმისა, რომ თითქოს, ქართული ეკლესიის მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდაჭერა, საქართველოს, აფხაზეთის ეკლესიას საბოლოოდ დააკარგინებს, არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა. 

 

1) ავტოკეფალიის მინიჭებას სჭირდება მკაცრად განსაზღვრული პროცედურები, რომელშიც უმთავრესია დედა ეკლესიის საკითხი, სწორედ მისგან უნდა მოდიოდეს ავტოკეფალიის აღიარების ინიციატივა. რუსეთი კი არანაერად და ვერასდროს იქნება აფხაზეთის დედა ეკლესია, შესაბამისად ვერც მიანიჭებს, ან მინიჭების ინიციატივით გამოვა.

 

2) ავტოკეფალიისთვის უმნიშვნელოვანესია ე.წ. ,,ფოტიოსის პრინციპი’’, რომელიც მეოთხე მს. კრების მე-17 და ტრულის კრების 38-ე კანონს ეყრდნობა, რომ საეკლესიო მოწმობა საეროს უნდა მიყვებოდეს. ე.ი. შეუძლებელია ავტოკეფალია მიენიჭოს ისეთი ქვეყნის ეკლესიას, რომლის სახელმწიფოს საზღვრებიც არაააღიარებული. რადგან აფხაზეთი, საერთაშორისო ორგანიზაციების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს დე-იურე ტერიტორიაა, შეუძლებელია ამ ტერიტორიას საქართველოს გარდა რომელიმე ეკლესიამ ,,ავტოკეფალია მიენიჭოს.’’

 

3) თუკი რუსეთი მაინც ,,აღიარებს’’ აფხაზეთის ავტოკეფალიას? ეს იქნება კანონიკურად ზუსტად იგივე ,,ძალმოსილების’’ აქტი, რაც ნაურუსა და ვანუატუს შემთხვევაში აფხაზეთის სახელმწიფოს ცნობა იყო, ე.ი. ცალმხრივი და უკანონო ,,ავტოკეფალია.’’

 

4) განვიხილეთ დე-იურე მხარეები, იმის დასტურად, რომ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკური ცნობა შეუძლებელია რუსეთისგან მოხდეს ან ინიციატივა წამოვიდეს მისგან, ხოლო თუკი დეფაქტო მხარეზე და მოცემულ რეალობაზე ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ ვერ შევდივართ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ვერ ვასრულებთ ღვთისმსახურებას, ეს აკრძალვა კი სწორედ რუსეთის იმ ხელისუფლებისგან მოდის, ვისაც მოსკოვის საპატრიარქო უსიტყვოდ ემორჩილება.

 

5) სიცრუეა, რომ ,,რუსეთის ეკლესია აფხაზეთს, კანონიკურად საქართველოს იურისდიქციაში განიხილავს.’’ ეს სრული აბსურდია. უბრალოდ, “დაგუგლეთ” რუსეთის პატრარქისა და საპატრიარქოსგან საქართველოს უნეტარეს პატრიარქისადმი გამოგზავნილი ოფიციალური წერილები, სადაც ნახავთ, რომ არსად და არასდროს მოიხსენიებენ მას ,,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად.’’ შესაბამისად, რუსეთის ეკლესია არც დეფაქტოდ და არც დეიურედ, აფხაზეთს, საქართველოს ნაწილად არ განიხილავს და უწმინდეს პატრიარქს კი მის მმართველ ეპისკოპოსად.

 

6) მაღალი ალბათობით, რუსეთი თავადაც არ იჩქარებს აფხაზეთის ავტოკეფალიის ცალმხრივ ცნობას. საქართველოს საზოგადოებაში მკაფიოდ გამოხატული ანტირუსული განწყობის გამო, მისი ,,ერთმორწმუნეობა’’ რჩება იმ ერთადერთ იარაღად, რომლითაც დღემდე აგრძელებს საქართველოზე მანიპულირებას, შესაბამისად აფხაზეთის ცნობა მისი მხრიდან იქნება ამ ერთადერთი იარაღის გადაგდება და იმ ტოტის მოჭრა რომელზეც ზის.

 

P.S. სრულიად გაუმართლებელია და უპრინციპობის მაჩვენებელია, რომ ჩვენი კანონიკური ტერიტორიის ცნობა რაიმე ფორმით ,,რუსულ კეთილნებაზე’’ დავამყაროთ. "აფხაზეთის საკითხის" დაცვის გარანტორი უპირველესად ჩვენ უნდა ვიყოთ და არა ის, რუსული ,,დერჟავა’’, რომელმაც უკვე წაგვართვა და დღემდე ამ ტერიტორიას ახლოს არ გვაკარებს. რუსული მტრული პროპაგანდა დღემდე ცდილობს ოკუპაციის მიჩქმალვას და ყველაფრის მსოფლიო საპატრიარქოზე გადაბრალებას, რომელსაც ამ საკითხთან კავშირი არ აქვს, ან თუ აქვს, ყოველთვის საქართველოს მხარეს იჭერს.

 

გურამ ლურსმანაშვილი, სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის

#ძალაჩვენშია 

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს რუსეთის პატრიარქი კირილი, მსოფლიო პატრიარქთან სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ ესტუმრება.

გაზიარება