უკან დაბრუნება

სიმართლე: ევროპა მორწმუნე ქრისტიანია

13 აგვისტო 2018

ქართველთა უმრავლესობის მსგავსად, ევროპელთა უმრავლესობაც მორწმუნე ქრისტიანია. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების წევრთა უმრავლესობა თავის თავს მორწუნე ქრისტიანად მიიჩნევს. 2018 წლის გამოკითხვის თანახმად ავსტრიელების, იტალიელების და ირლანდიელების 80%, ფინელების 77%, შვეიცარიელების 75%, ბრიტანელების 73%, გერმანელების 71%, ესპანელების 66%, დანიელების 65%, ბელგიელების 55%, შვედების 52% და ნორვეგიელების 51% თავის თავს სწორედ ქრისტიანად ასახელებს (Pew Research, 2018).

 

ყოველი ოთხი ევროპელიდან, სამი აცხადებს რომ იგი რელიგიურია. ევროპელთა დაახლოებით ნახევარი კვირაში მინიმუმ ერთხელ ლოცულობს. ისეთ სახელმწიფოებშიც, სადაც რელიგიურობას ნაკლებად მოველით, სინამდვილეში მორწმუნე ქრისტიანთა რაოდენობა შთამბეჭდავად მაღალია. მაგალითისთვის, ულტრა-ლიბერალურ ჰოლანდიაში ყოველი მეოთხე მოქალაქე ეკლესიურია. ტრადიციულად ერთერთ ყველაზე არარელიგიურ საფრანგეთში კი მოქალაქეთა 64% მორწმუნე ქრისტიანად თვლის თავს.

 

როგორც უკვე ვნახეთ ევროკავშირის არც ერთი ფუძემდებლური დოკუმენტი არ ეხება რელიგიას, გარდა იმისა, რომ იძლევა აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიას. ამდენად, თუკი აღმსარებლობის თავისუფლება დაცულია, სხვა მხრივ რელიგიური კანონმდებლობა სრულად სახელმწიფოების განსასაზღვრია. რუმინეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი სწორედ იმის მაგალითია, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღქმა თავისუფლად თავსდება ამ ჩარჩოში.

 

მაშ, ფაქტები ასეთია:

 

1. ევროპელები კვლავ საკმაოდ რელიგიური ხალხია. მორწმუნე ქრისტიანთა რაოდენობა შთამბეჭდავად აღემატება ათეისტთა რაოდენობას. ევროპის ბევრ ქვეყანაში, ეკლესიაში რეგულარულად ბევრად უფრო მეტი ადამიანი დადის, ვიდრე რუსეთში.

 

2. ევროპა არ არის ერთი და ერთნაირი — ის იცავს წევრების მრავალფეროვან არჩევანს. ევროპის შიგნით თვალშისაცემ განსხვავებებს ვაწყდებით. მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთ ევროპა ნაკლებად რელიგიურია, ვიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა. თუმცა, ჩრდილო-დასავლეთ  ევროპაშიც მოქალაქეთა უმრავლესობაც თავს მორწმუნე ქრისტიანად თვლის.

 

3. დღეს ევროპელები ეკლესიაში უფრო ნაკლებად დადიან, ვიდრე წარსულში. თუმცა, მსგავს სცენარს რუმინეთსა და საქართველოშიც ვაწყდებით. ორივეგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავის თავს მართლმადიდებელ მოქალაქედ მიიჩნევს. მაგრამ, ეკლესიაში მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები დადის რეგულარულად. დასავლეთ ევროპის მსგავსად, საქართველოში და ევროკავშირის წევრ რუმინეთშიც ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა იდენტობის საფუძველს წარმოადგენს.

 

4. ევროკავშირის წევრობას არ აქვს ერთგვარი გავლენა რელიგიურობის ბედზე. წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირისათვის არ გადაუციათ რწმენის საკითხების რეგულირების უფლება. ამ თემაზე რეგულაციების მრავალფეროვნება სწორედ იმის ნიშანია, რომ ევროპა იცავს მის წევრების არჩევანის მრავალფეროვნებას რელიგიურ სფეროში.  

 

სტატისტიკა მოწმობს, რომ რელიგიურობის ხარისხი არ არის დამოკიდებული არც ევროკავშირში გაწევრებაზე და არც ევროპულ პოლიტიკაზე. ევროკავშირში გაწევრება არც რელიგიურობის მატებას გულისხმობს და არც მის კლებას.  ევროკავშირის წევრ რუმინეთში და საბერძნეთში მართლმადიდებელთა რაოდენობა გაწევრების შემდეგ ისეთივე დიდია, როგორც გაწევრებამდე იყო (საბერძნეთში 90%, რუმინეთში 81%).

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

#შეიარაღდისიმართლით 

გაზიარება