უკან დაბრუნება

რუსეთის კიბერტერორისტული აქტივობები

8 აგვისტო 2018

რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც საკუთრი მიზნების მისაღწევად, მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ფასისა, კიბერსივრცეში თანამშრომლობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან  მოქმედებს მათ საფარქვეშ.

 

იდენტური ამოცანები და მიზნები:

 

  • დაძაბული ატმოსფეროს შენარჩუნება დუღილის ტემპერატურის სიახლოვეს
  •  რადიკალური ისლამის მუქარის საინფორმაციო საშუალებების დღის წესრიგში შენარჩუნება
  • ანტიტერორისტული კოალიციის შესუსტება ამომრჩევლის მხრიდან მთავრობებზე ზეწოლის ორგანიზებით
  • ანტიტერორისტულ კოალიციაში მებრძოლი ჯარისკაცების და მათი ოჯახების ტერორიზება

 

იდენტური სამიზნე:

 

  • ანტიტერორისტული კოალიციის მოსახლეობა
  • სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები
  • პროდასავლური მთავრობები

 

 

  • 2013 წლის ივნისში Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა, მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, ინტერნეტსივრცეში ოკუპირებული აფხაზეთიდან მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით ატვირთა ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა. ავტორი "თალიბანის" სახელით საუბრობს, ქართველ სამხედროებს ჯვაროსნებად მოიხსენიებს და ავღანეთის მისიაში მათი მონაწილეობის გამო შურისძიებით იმუქრება. მუქარა მიმართულია როგორც ქართველი ჯარისკაცების, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

 

  • ტექნიკურად დადასტურებულია, რომ ISIL-ის კიბერდაჯგუფების – “CyberCaliphate”- ის საფარქვეშ აშშ ცენტრალური სარდლობასა და ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია TV5Monde-ზე განხორციელებულ შეტევა  რუსეთის მიერ წარმოებული კიბეროპერაცია იყო. კიბერშეტევის ხელწერა და მავნე კოდებში აღმოჩენილი კირილიცის ელემენტები ჰაკერულიდაჯგუფება APT28-ის ხელწერის იდენტურია.  შეტევის დრო ემთხვევა ფრანგულ-რუსული ურთიერთობების გაუარესებას („მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვის ბლოკირება, საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის უარი მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობაზე და სხვა.) APT 28 რუსეთის სპეცსამსახურებთან აფილირებული ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნებსა თუ აშშ-ის კიბერსივრცეზე მრავალჯერად კიბერთავდასხმებსა და კიბერშპიონაჟის ფაქტებზე.

 

ფრანგულ მაუწყებელზე კარგად ორგანიზებულმა შეტევამ რუსულ სპეცსამსახურებს შესაძლებლობა მისცა მოეპოვებინათ კონტროლი ათამდე საინფორმაციო არხსა და მათ სოციალურ მედიაზე, გაევრცელებინათ ჯიჰადისტური პროპაგანდა და გამოექვეყნებინათ სირიაში დისლოცირებული ფრანგი სამხედროების პირადი მონაცემები.

 

2015 წელს ასევე „კიბერხალიფატის“ სახელით, სოციალურ ქსელებში აიტვირთა ამერიკელი სამხედროების პირადი მონაცემები, ხოლო სამხედროების ოჯახის წევრებმა კი მიიღეს მუქარის შემცველი წერილები. მოგვიანებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ეს აქცია ჯიჰადისტების საფარქვეშ განახორციელა რუსულ სამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა იმავე დაჯგუფებამ - APT28/Fancy Bear, რომელიც ასევე პასუხისმგებელია აშშ -ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებულ კიბერშეტევებზე. რუსეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსირებული „ტროლების არმიის“ მიერ შეიქმნა და სოციალურ ქსელებში ხდებოდა ყალბი ვიდეოს გაზიარება, რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცი თითქოსდა იარაღს ესვრის ყურანს. იგივე ორგანიზაცია, ტროლების მეშვეობით გამუდმებით ცდილობს ისლამისტური საფრთხის გაზვიადებას. 

 

ანდრია გოცირიძე, 

სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის 

#ძალაჩვენშია

 

 

გაზიარება