უკან დაბრუნება

სტალინის წერილი, რის შედეგადაც საქართველომ ტაო-კლარჯეთი დაკარგა - წაიკითხეთ ამონარიდი წერილიდან

6 აგვისტო 2018
„ართვინის თურქეთისთვის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ უფრო შორს მათი შეშვება არ შეიძლება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ  აუცილებელია ბათუმი, რადგან ბათუმში  განლაგებულია ნავთობის შესანახად საჭირო უამრავი რეზერვუარი. ბათუმის გარეშე ფიქრიც კი ზედმეტია ევროპასთან ნავთობით ვაჭრობაზე.“

 

ამონარიდი სტალინის წერილიდან, რომელიც მან ბოლშევიკთა ლიდერს ლენინს, 1921 წლის 28 თებერვალი გაუგზავნა. უძველესი ქართული ოლქი, ამხანაგმა სტალინმა თურქეთთან პოლიტიკური ვაჭრობის საგნად გამოიყენა, რის შედეგადაც საქართველომ ტაო-კლარჯეთი დაკარგა.

 

ბოლშევიკებსა და ქემალისტურ თურქეთს შორის თანამშრომლობა 1920 წლის აპრილში დაიწყო. დაშლის პირას მდგარმა ოსმალეთმა, რომლის დედაქალაქშიც ანტანტის ჯარები იდგნენ, დასავლეთიდან ბერძნული არმია ემუქრებოდა, აღმოსავლეთში კი სომხურ პროვინციებს კარგავდა, დახმარება საბჭოთა რუსეთს სთხოვა. 26 აპრილს მუსტაფა ქემალმა (იგივე ათათურქი) ბოლშევიკურ ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა:

 

„თურქეთი ვალდებულებას იღებს საბჭოთა რუსეთთან ერთად ებრძოლოს იმპერიალისტებს, ყველა ჩაგრულის გასათავისუფლებლად; მზად არის მონაწილეობა მიიღოს კავკასიაში იმპერიალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში  და იმედს გამოთქვამს, რომ თავის მხრივ, საბჭოთა რუსეთი მხარს დაუჭერს თურქეთს, იმ იმპერიალისტების წინააღმდეგ, რომლებიც თავს დაესხნენ თურქეთს.“

 

შემდეგ ათათურქი ლენინის ხელისუფლებას კავკასიის გადანაწილების გეგმას სთავაზობდა:

 

„თუ საბჭოთა ძალები დაიწყებენ სამხედრო მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, ან დიპლომატიური გზით აიძულებენ საქართველოს კავშირში გაწევრიანებას და გააძევებენ კავკასიიდან ინგლისელებს, მაშინ თურქეთის ხელისუფლება იღებს ვალდებულებას სამხედრო მოქმედებები დაიწყოს იმპერიალისტური სომხეთის წინააღმდეგ და პირობას დებს, რომ აიძულებს აზერბაიჯანის რესპუბლიკას შევიდეს საბჭოთა სახელმწიფოს რიგებში.

 

პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, თურქები კომუნისტებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც სთხოვდნენ. ლენინის მთავრობა ამ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა. საერთო ჯამში საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთს გადასცა 500 კილოგრამი ოქროს ზოდი, 39 ათასი შაშხანა, 327 ტყვიამქვევი, 54 ქვემეხი, 63 მილიონი ვაზნა, 147 ათასი ყუმბარა, 20 ათასი აირწინაღი და 2 ხომალდი. ამ დახმარების წყალობით, თურქებმა ამიერკავკასიის მიმართულებით გაფართოების საშუალება მიიღეს.

 

ათათურქის წერილის მიღებიდან მეორე დღეს, 1920 წლის 27 აპრილს, წითელი არმიის ნაწილები ბაქოში შეიჭრნენ და აზერბაიჯანი საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს. თურქი ოფიცრები აზერბაიჯანელ სამხედროებს მოუწოდებდნენ წინააღმდეგობა არ გაეწიათ ბოლშევიკებისთვის.

 

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 1920 წლის სექტემბერში ოსმალეთმა სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ფრონტი გახსნა. ნოემბრისთვის თურქებმა დაიკავეს ყარსი, ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი), კარაკილისი. სომხეთს მხოლოდ ერევნის გუბერნია და სევანის ტბა შერჩა. თურქების პარალელურად, მოქმედება დაიწყო რუსეთმაც. 2 დეკემბერს სომხეთში წითელი ნაწილები გამოჩნდნენ და ქვეყანა საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს. რუსეთმა და ოსმალეთმა სომხეთის ტერიტორია გადაინაწილეს.

 

შემდეგ ჩვენი ქვეყნის  ჯერიც დადგა. 1921 წლის 11 თებერვალს, მშრომელთა გამოგონილი აჯანყების დაცვის საბაბით, საქართველოში საბჭოთა ნაწილები შემოვიდნენ. 17 თებერვალს კი ტაო-კლარჯეთი ოსმალთა ჯარმა დაიკავა. მარტში საქართველო უკვე საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომლის შემადგენლობაშიც აღარ შედიოდა ტაო-კლარჯეთი და ბათუმის ოლქის ნაწილი. 16 მარტს რუსეთსა და თურქეთს შორის მოსკოვში შეთანხმება გაფორმდა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა კავკასიის გადანაწილება.

 

წყარო: რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივი - უახლესი ისტორიის დოკუმენტების შემსწავლელი ცენტრი (РЦХИДНИ). ფონდი 558 საქმე 2062 ფურცელი; საქმე 2062. გვერდი - 4;

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

 

გაზიარება