უკან დაბრუნება

"ორნი დედაკაცნი უღელში შეაბეს, მარხილი მოუბეს და სალდათები უკან დედაკაცს მათრახითა სცემდნენ"

30 ივლისი 2018

სერგი მაკალათია; „მთიულეთი“, ტფილისი, 1930

ამ მძიმე მუშაობისაგან წელში წყდებოდა ისედაც გაღარიბებული მოხევეები და მთიულები. მცირედი ურჩობისთვის მზად იყო კაპიტან-ისპრავნიკების მწარე მათრახები და მთიულისათვის უჩვეულო ლანზღვა-გინება. ამის შესახებ მთიულებმა წერილობითი მოხსენება გადასცეს გამომძიებელ თ.ერისთავს და თან სთხოვეს, რომ ეს საჩივარი მას მთავარმართებელ ციციანოვისათვის წარედგინა. აი, ამ ფრიად საყურადღებო დოკუმენტის ტექსტიც:

 

  •  - კაცისაგან თითქმის მოუთმენელს სიცივეში სტეფან-წმინდიდან ანანურამდე საშინელი თოვლი გვახვეტინეს და გზა გავსწმინდეთ.

 

  • - ჩვენგან გაკეთებულს ამავ გზაზე წვიმისაგან შეიქმნა ტალახი, გვაჭრევინეს ფიჩხი და ტალახში გვაყრევინეს; ამ დაფენილს ფირჩხში ყაზახის ცხენს ფეხი ჩაუვარდა, მოგვდნენ და მათრახის ცემით ორი კაცი მოკლეს, ერთი გუდამაყრელი ჩოხელი და ერთიც ლაკათხეველი ჯუანარის ძე.

 

  • - მოვიდა თოვლი და აღმოივსო ჩვენგანვე გაკეთებული გზა; ასეთს დროს მოგვიყვანეს საკეთებლად, რომ ზვავი მოდიოდა და სიკვდილს არ დაგვრიდეს; წამოვიდა ზვავი და ცოტას მოვრჩით, რომ ქვეშ არ დაგვიტანა. კიდევ ტიმოთემ ხმლის ცემით მიგვყარა, წამოვიდა ზვავი და შიშით ერთმანეთს რომ ვეცენით, ტომეთე და სამი ჩვენი იქ გაიჭყლიტა.

 

  • მოვიდნენ ოთხმოცი სალდათი და თორმეტი ცხენიანი ყაზახი: ამათ უნდებოდა დღეში სალდათს ათი საკლავი და ყაზახთ ორი საკლავი. ქათამს, ყველს და ერბოს ვინ იანგარიშებს.

 

  • ცხენსა და ხარს ბარგის ზიდვით ტყავი აღარ შერჩათ და არ მოუციათ ქირა: ერთჯერ მოგვცეს თითო მანეთი,- ესეც მოვითმინეთ.

 

  • ორნი დედაკაცნი უღელში შეაბეს, მარხილი მოუბეს და სალდათები უკან დედაკაცს მათრახითა სცემდნენ.

 

  • გვიბრძანეს და ოთხი საკირე დავსწვით, ერთი ზაქათკარს, მეორე ბურდულის კარს, მესამე ნიდაბაძის კარზე და მეოთხე ამირაძის კარზე.

 

  • თავადმა ერისთავმა თორნიკემ ჯარს რომ დაუძახა, ჩვენ გამოგვიცხადეს ერთობით ჯარში უნდა წახვიდეთო და იქიდან გავიგონეთ, წინ ჩვენ უნდა წავეყვანეთ, ჩვენთან მოდევნებით ქსნის ჯარი და ჩვენს უკან სალდათი და შეწყვდეულნი ცემით რუსეთს უნდა გადავერეკენით. დედაკაცნი და რომელნიც წვრილნი შინ დარჩებიან ხიდების საკეთებლად კირი იმათ უნდა ვაზიდინოთო,- ესეები იმათგან გავიგონეთ.

 

  • დაგვიდვეს ფიცი შვიდის წლის სითარხნე, არც ერთი წელი დაგვაცალეს: წელს ცხვრისა, თოხლისა,  ერბოსა და სხვისაც დებულებისა მაგიერად სულ თეთრი გამოგვათვეს ორი წლისა, რომელიც ჩვენგან შესაძლებელი არ იყო და ვერსად ვიშოვეთ და ჩვენის ეკლესიებიდან გამოგვატანინეს თეთრი და წაიღეს. გამოგვართვეს ცხვარზე ხუთი აბაზი, თოხლზე ოთხი აბაზი, ერბოზე ოთხი აბაზი, თივაზე, ხუთ ლიტრა ქერზე და ერთ პურზე გამოგვართვეს ხუთი აბაზი.

 

  • ვისაც თითო კოდი ქერი ჰქონდა და თივა, უფასოდ წაგვართვეს, რომელიც ჩვენს მოხელეთაც არა ჰკითხეს.

 

  • ბრძანება იყო, რომელნიც ყაზახნი ადგილ-ადგილ იდგენენ, ქერი და თივა ფასით უნდა ეყიდნათ; ჩაფარიც თავიანთის ცხენით უნდა მიეყვანათ, ქერსა და თივას უფასოდ გვართმევენ და ცხენსაც უქირაოდ და კურიელიც ჩენის ცხენით დაჰყავდათ.

 

ჩვენ ამ ზემოხსენებულის მხუხარებისგან, რომელნიც ყოვლად მოწყალის ხელმწიფის უძლეველის ჯარის საქართველოში განძლიერების ღმერთს ვსთხოვდით, ახლა ამას ვითხოვთ, რომ მსწრაფლის განსაცდელით ერთობით დავინთქეთ, ჩვენ ძალს არ ვიქადით, რომ რუსთ ვებრძოდეთ. ჩვენ ერთობით ეს არ ვირჩიეთ, თუ სხვა არა მოგვევლინა-რა განსაცდელი ამ მოუთმენლის მწუხარებისგან. ჩვენ ეს გვირჩევნია, რომ ასე დავიხოცნეთ- მარტო მთიულეთში ცემით ოც და სამი კაცი მომკვდარა სხვას გარდა. თქვენს ბრწყინვალებას ვსთხოვთ, რადგან ჩვენის საქმის შესატყობლად საქართველოს მმართებლისგან წარმოგზავნილი ბრძანებით, ეს ჩვენი წერილი მათსავე ბრწყინვალებას წარუდგინოთ. ერთობით მთიულთაგან წარმოგზავნილი მოციქულნი, რომელთან ერთობის პირით ეს წერილი მოგვცეს, სახელით არიან ესენი: ბურდული მღვდელი ათანასე, ნაზღაიძის სახელო ბერი, ბურდულის სახელო ბუჩუქური ფადიაური, ნაზღაიძე დათუნა, ციხის-თავის შვილი გიორგი, ბენიაძე გამახარე.

დოკუმენტი მოყვანილია სერგი მაკალათიას ნაშრომში „მთიულეთი“, ტფილისი, 1930, გბ.35-37

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

 

გაზიარება