უკან დაბრუნება

ფეხბურთი - რუსული საინფორმაციო კონფრონტაციის ერთ ერთი არეალი

20 ივლისი 2018

информационное противоборство (“Information confrontation”)  - საინფორმაციო სფეროში  მიმდინარე კონფლიქტის აღმნიშვნელი რუსული სამთავრობო ტერმინი. იგი მოიცავს დიპლომატიურ, ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ, კულტურულ, სპორტულ, სოციალურ და რელიგიურ საინფორმაციო არენას. ძირითადი ფსიქოლოგიური ეფექტი  მიმართულია ადამიანის ქცევის ან მრწამსის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის, მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ფორმირებისა და ქცევის მანიპულირებისაკენ. საინფორმაციო კონფრონტაციისათვის ხშირად გამოიყენება პოლიტიკასთან კავშირში არმყოფი განყენებული მოვლენა, სამიზნე აუდიტორიას კი შეიძლება წარმოადგენდეს კონფლიქტის მხარეებთან შემხებლობაში არმყოფი საზოგადოება.


მიმდინარე წლის 26 მაისს კიევში გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულსა“ და „რეალს“ შორის. ერთი შეხედვით აღნიშნულ მოვლენას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან და ზოგადად პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, თუმცა მატჩამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა რუსეთის მიერ ორკესტრირებულ საინფორმაციო კამპანიას მასმედიის საშუალებებში, რომელიც ემსახურებოდა უკრაინაში წამსვლელი გულშემატკივრების დაშინებას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით. ISIL-მა 2015-2017 წლებში ევროპის მასშტაბით მრავალი  ტერაქტი განხორციელდა, უმეტესად მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ამდენად ორგანიზაციის ეს სისხლიანი რეპუტაცია გამოყენებულ იქნა უკრაინაში წამსვლელ ასეულობით ათასი გულშემატკივრის დასაშინებლად. 

 

Twitter - ის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სადაც წყაროდ დასახელებული იყო ISIL -ის მედიასტრუქტურა (www.alburhangroup.com), სუსტად დაცული საზღვრების გამო, უკრაინაში თითქოსდა აღმოჩნდა ISIL -ის მებრძოლთა საკმაო რაოდენობა. ტერორისტების ლიდერები მოუწოდებენ მებრძოლებს, ცივი იარაღისა და ავტოტრანსპორტის საშუალებით განახორციელონ შეტევები გულშემატკივრებზე  კიევში. გამოქვეყნდა ძალადობის სცენების შემცველი პლაკატები მესიჯით: რა ელით გულშემატკივრებს კიევში.  

მოგვიანებით, 2018 წლის 19 მაისს იგივე ინფორმაცია გამოჩნდა ცნობილ ინგლისურ ტაბლოიდში The Sun, რომელიც რეგულარულად აშუქებს შოუ-ბიზნესისა და სპორტის სკანდალურ სიახლეებს. საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში წყაროდ დასახელებულ მისამართზე (www.alburhangroup.com)- საწყისი ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. რუსულ კვალზე მიუთითებს სოცალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ქ. კიევის დასახელების რუსებისათვის დამახასიატებელი მართლწერა: «Кiev», ნაცვლად საერთაშორისოდ მიღებული დასახელებისა «Кyiv». იგივე ნიუანსია გასათვალისწინებელი თავად უკრაინის დასახელებეშიც: რუსები «на Украине», უკრაინელები «в Украине»

 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საფეხბურთო ღონისძიების პოლიტიკური მიზნით გამოყენების პირველი ფაქტი რუსეთის საინფორმაციო კონფრონტაციის პირობებში: ევრო-2012 (მასპინძლები - პოლონეთი/უკრაინა) იგივე ტაბლოიდი ავრცელებდა მასალებს უკრაინაში უცხოელი გულშემატკივრების მიმართ ნაციონალისტური რისკების შესახებ. ასევე არ არის ეს ისტორია რუსეთის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის ან მის საფარქვეშ კიბეროპერაციების განხორციელების ერთადერთი    პრეცენდენტი, თუმცა ამაზე მომდევნო გამოცემებში მოგითხრობთ.

 

ანდრია გოცირიძე, 

სპეციალურად, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის
 

გაზიარება