უკან დაბრუნება

დღეს, „აჭარის საკითხის“ წამოწევა, მტრულ პროპაგანდისტულ მანქანასთან თანამშრომლობის ტოლფასია

17 ივლისი 2018

მოწინააღმდეგის, რომლის სურვილიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევაა, მიზნად აუცილებლად დაისახავს ქართულ საზოგადოებაში აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხის წამოწევას. ამისთვის მოწინააღმდეგე ეცდება რომ ეს საქართველოსთვის ყველაზე არაგონივრულ და წამგებიან სიტუაციაში, ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო კონფრონტაციების, რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე დაგეგმილი პროვოკაციების პირობებში გააკეთოს, რათა შექმნას მაქსიმალურად ბევრი საბაბი კინეტიკური თუ არაკინეტიკური ოპერაციების წარმოებისთვის საქართველოში. „აჭარის საკითხის“ წამოწევა ხელ-ფეხს უხსნის მოწინააღმდეგეს რათა „გადახედოს ხელშეკრულებას“, სცადოს შინაარსის ინტერპრეტაცია და მოაწყოს პროვოკაციები. მოცემულ მომენტში კი, აჭარის სტატუსი გამყარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ გზით ის, განუხრელად ეკუთვნის საქართველოს.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ, გასულ კვირას, ბოლო პერიოდში ყველაზე ადექვატური და მასშტაბური პასუხი გაეცა ყარსის ხელშეკრულების შესახებ გავრცელებულ მტრულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ( დააკლიკეთ აქ ), რასაც ჩვენი დაკვირვებით სოციალური ქსელებში მოწინააღმდეგის გააქტიურების უშედეგო მცდელობა მოჰყვა. თავდაცვის ლეგიონის ყველა რეგისტრირებულ წევრსა და ჩვენს მხარდამჭერებს ფეიბსუქზე გთავაზობთ კიდევ ერთ შეტყობინებას, რომელიც იქნება თითოეული ჩვენგანის სახელმძღვანელო მტრულ პროპაგანდასთან დაპირისპირების გზაზე. 

საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების პრეამბულაში მოყვანილია შემდეგი: „მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის. მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით“ (https://goo.gl/PGNFs8).

ამას გარდა არსებობს სასაზღვრო ხელშეკრულება თურქეთის რესპუბლიკას და საქართველოს შორის (14.07.1997 - https://goo.gl/S8aR8u) რომლის პრეამბულაშიც აღნიშნულია, რომ მხარეები

 

„ემყარებიან რა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის 1992 წლის 30 ივლისს თბილისში ხელმოწერილ ხელშეკრულება „მეგობრობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“

 

რომელიც ქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჩარჩოებს, იღებენ რა გადაწყვეტილებას, ორ მეგობარ, მოძმე და მეზობელ ქვეყანას შორის არსებული საზღვარი მიიჩნიონ ურთიერთობების მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისა და თანამშრომლობის ხაზად, შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

“მუხლი 1. მხარეები ადასტურებენ წინა ხელშეკრულებების საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დადგენილი სახელმწიფო საზღვრის ურყევობას.“

 

ანუ საქართველო-თურქეთის საზღვარი ასევე დადასტურებული და შეთანხმებულია კიდევ ერთი ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია 21 წლის წინ. ამას ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ თურქეთი (კრემლისგან განსხვავებით) ყველა დოკუმენტში და ყველა ფორუმზე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ნორმებით და გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ყარსის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღვარი რჩება დამოუკიდებელი საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის საზღვრად. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული აჭარის სტატუსის დაცვაზე რა პასუხისმგებლობას იღებს საქართველო. თუმცა შეიძლება აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიის პირობა მკაფიოდ არის განსაზღვრული ყარსის ხელშეკრულებაშიც და მოსკოვის ხელშეკრულებაშიც (რომელმაც გამოიწვია ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერა), რომელთა ავტორებიც და განმხორციელებლებიც სწორედ რუსები და რუსოფილი ქართველები არიან, რომელთა „მემკვიდრეებიც“ დღეს გვაშინებენ „ყარსით“.

მოწინააღმდეგის, რომლის სურვილიც დაქუცმაცებული საქართველოს სახელმწიფოს ხილვაა, მიზნად აუცილებლად დაისახავს, აცდუნოს საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება წამოწიოს აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხი და ეს, ყველაზე არაგონივრულ მომენტში, ჩვენთვის დამახასიათებელი ემოციურობით გაჯერებული განწყობების პირობებში გააკეთოს. „აჭარის საკითხის“ წამოწევა ხელ-ფეხს გაუხსნის მოწინააღმდეგეს ხელშეკრულების გადახედვის, მისი ინტერპრეტაციისა და პროვოკაციების მოწყობისთვის. მოცემულ მომენტში კი აჭარის სტატუსი გამყარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ გზით ის, განუხრელად ეკუთვნის საქართველოს.

და მაინც, თუ ასე გვეშინია „აჭარის საკითხის“ გააქტიურების, იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს, სრულიად საკმარისია შევინარჩუნოთ „აჭარის ავტონომია“ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ამ წუთას ფუნქციონირებს. ამასთან, იგივე ყარსის ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მიწის კანონს აჭარში მიიღებს ავტონომია. შესაბამისად, საჭიროა, რომ ეს კანონი მიღებულ იქნას აჭარის ავტონომიის შესაბამისი ორგანოების მიერ, რაც არსებულ ვითრებაში არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ერთიანობისთვის. საინფორმაციო სივრცეში კი, ე.წ. „აჭარის საკითხის“ ამ ფორმით წამოწევა დღეს, მტრულ პროპაგანდისტულ მანქანასთან თანამშრომლობის ტოლფასია. რასისტული და ქსეონოფობიური განწყობების მზარდი დინამიკა საინფორმაციო სივრცეშიც თვალშისაცემია, რაც გვაფიქრებინებს, რომ „მესამე ძალა“ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 

 

პ.ს.

ასევე გაეცანით აღნიშნულ სტატიას, რათა ცრუ ინფორმაციებისგან კიდევ უფრო მეტად იყოთ დაცულები თქვენც და თქვენი ახლობლებიც

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

#შეიარაღდისიმართლით

გაზიარება