უკან დაბრუნება

ყარსის ხელშეკრულების "საიდუმლო"

14 ივლისი 2018

მაშ ასე, იცოდეთ, რომ ხელშეკრულებაში ერთი სიტყვითაც კი, არ არის დაშვებული თურქეთის მიერ აჭარის მისაკუთრების რაიმე ფორმა. არც რაიმე პირობაა დათქმული, რომლის დარღვევის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს აჭარა მიიერთოს. პირიქით, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა საქართველოს სუზერენიტეტი აღიარა აჭარაზე. ანუ აღიარა საქართველოს სრული იურისდიქცია ბათუმსა და მის ოლქზე. რუსული პროპაგანდა კი, ქართული საზოგადოების დასაშინებლად, წლების მანძილზე საფრთხობელას მსგავსად 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებას იყენებს. კრემლი მუდმივად იმეორებს, რომ ყარსის ხელშეკრულება, თურქეთს, ბათუმისა და მთლიანად აჭარის რეგიონის მიერთების საშუალებას აძლევს და თუ არა რუსეთი, თურქები ადვილად გადაყლაპავდნენ მთელ აჭარას. არადა, ყარსის ხელშეკრულებაში მსგავსი არაფერი წერია და ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდის მიერ მოგონილი მორიგი ტყუილია. რუსული ტყუილის გამოაშკარავება, მარტივად თავად ხელშეკრულების ტექსტის მეშვეობით შეიძლება. რა წერია ყარსის ხელშეკრულებაში, რომელიც 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო?

რუსეთის შუამავლობით, ხელშეკრულებას ერთის მხრივ ხელს აწერენ ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობები (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და მეორეს მხრივ თურქეთი. ეს ხელშეკრულება, 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ შეთანხმებას იმეორებდა, რომელიც ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების განსაზღვრას ეხებოდა. 16 მარტის შეთანხმების ხელმოწერამდე, საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის, ამ თემაზე მოლაპარაკება რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ანუ, საბჭოთა რუსეთი წინასწარ, საქართველოს ოკუპაციამდე გაურიგდა თურქეთს საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებაზე.

მეექვსე მუხლი, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს: „თურქეთი თანხმდება საქართველოს დაუთმოს  სუზერენიტეტი ქალაქ ბათუმზე და ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით და შეადგენს ბათუმის ოლქის შემადგენელ ნაწილს, შემდეგი პირობით:

 

1. ამ ადგილის მოსახლეობა, რომელიც მითითებულია ამ მუხლში, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას უფლება ექნება შემოიღოს მიწის კანონი საკუთრი შეხედულების მიხედვით;

 

2. თურქეთს გარანტირებული ექნება ბათუმის ნავსადგურში თავისუფალი სატრანზიტო მოძრაობა სხვადასხვა ტვირთებზე, რომლებიც იგზავნება თურქეთში, ან პირიქით, ყოველგვარი შეფერხების, ბაჟისა და სხვადასხვა გადასახადების გადახდის გარეშე.

 

მეშვიდე და მერვე მუხლში, საუბარი ეხება სასაზღვრო ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამარტივებულ სასაზღვრო მიმოსვლას და საძოვრებზე საქონლის შეუფერხებელ გატარებას ორივე მხარეს. სულ ეს არის. ხელშეკრულებაში ერთი სიტყვითაც კი არ არის დაშვებული თურქეთის მიერ აჭარის მისაკუთრების რაიმე ფორმა. არც რაიმე პირობაა დათქმული, რომლის დარღვევის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს აჭარა მიიერთოს.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

გაზიარება