უკან დაბრუნება

საქართველოს პირველი რუსი ეგზარქოსი თხრიდა საფლავებს, მათ შორის წმინდა ნინოს საფლავს ბოდბეში

6 ივლისი 2018

თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების უზურპატორების ქმედობებზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის საეკლესიო ქონება გაეჩანაგებიათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ... რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვავ მხარეს...  – ეს სიტყვები რუს ისტორიკოსსა და ფილოლოგს ნიკოლაი დურნოვოს ეკუთვნის.

ეგზარქოსობის პერიოდში, რომელიც საქართველოში ერთი საუკუნე გაგრძელდა, საქართველო უმოწყალოდ გაიძარცვა. რუსმა სამღვდელოებამ ჩვენი ქვეყნიდან გაზიდა თითქმის ყველა ძვირფასეულობა რაც კი ქართულ ეკლესიას ებადა.

 

რუსეთის ხაზინამ ქართული ეკლესიის 150 მილიონი მანეთის ღირებულების ქონება მიითვისა.

 

დოქტორი ერისთავ-შერვაშიძის წიგნი „სამახსოვრო წერილი ქართველი ხალხის გაჭირვებათა შესახებ“:

„რასაც ქართველი ხალხი ოდითგანვე სასოებით ინახავდა და იცავდა, ამჟამად დღისით და მზისით იძარცვება, მრავალსაუკუნოვანი ჩვენი ტაძრები მძარცველთა საკუთრება გახდა, მონასტრები გაპარტახების წყვდიადში იძირებიან ანდა უმეცარი ბერების მიერ იბილწებიან. ვინ იყვნენ მთავარი გამტაცებლები? რუსი ეგზარქოსები. ეგზარქოს ევსევის მიერ საქართველოში გაძარცული იქნა თითქმის ყველა მონასტერი. მათგან გაძარცული იქნა ისეთი სალოცავები, თურქ-ოსმალთა შემოსევებს რომ გადაურჩა“.

 

ფეოფილაქტე რუსანოვი, საქართველოს პირველი რუსი ეგზარქოსი (1817-1821 წწ.)

თხრიდა საფლავებს, მათ შორის წმინდა ნინოს საფლავს ბოდბეში. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო: იგი  წმინდა ნინოს საფლავთან დამბლით მოკვდა.

 

პალადი რაევი (საქართველოს ეგზარქოსი 1887-1892 წწ. )

სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაიტანეს უძველესი ხატების ძვირფასი მოკაზმულობა. მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის მონასტრებიდან წაიღეს მომინანქრებული ხატები. გელათის მონასტრის ხატებიდან გააქრეს უძვირფასესი ტიხრული მინანქარი.

 

პავლე ლებედევი (საქართველოს ეგზარქოსი 1882-1887 წწ.)

მეტეხის ეკლესიიდან მოიპარეს ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც  50 ათასი მანეთი ღირდა და ძვირადღირებული ოქროს ჭედურობა ამშვენებდა. ეს ხატი მოგვიანებით, მეტეხის ეკლესიის სხვენზე იპოვეს, მაგრამ მას ოქროს ჭედურობა უკვე მოხსნილი ჰქონდა.

 

ევსევი ილინსკი (საქართველოს ეგზარქოსი 1858-1877 წწ.)

გაიტაცეს ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროიდან გელათში იყო დასვენებული. ხატი შემკული იყო პატიოსანი თვლებით, მინანქრებით და ორნამენტებით. ეგზარქოსის მითითებით, ყველა ძვირფასი თვალი მოხსნეს. მათ შორის ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ. იმერეთის კათალიკოსის მანტია, ოქრომკედით ნაქსოვი, მსხვილი მარგალიტებითა და ლალებით შემკული, ცეცხლში ჩააგდეს და მანტიიდან რვა გირვანქა ოქრო გამოადნეს. დააძვრეს მსხვილი ლალები და მარგალიტები. კათალიკოსის მანტიას მიტრაც მიაყოლეს, რომელსაც ვახტანგ გორგასალის ნაქონი ბრილიანტის ჯვარი ამშვენებდა. სიონის ტაძრიდან, წაიღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ძვირფას მორთულობასთან ერთად. გააქრეს მრავალი ძვირფასი ნივთი. სამღვდელმთავრო ომოფორებიდან და ბისონებიდან მოხსნეს ათობით თვალ-მარგალიტი.

 

ამ ყველაფერზე, რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ნიკოლაი დურნოვო წერდა:

„ევსევი ილინსკი (საქართველოს ეგზარქოსი), უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი; ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაჰყიდა, შესამოსელებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას. გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით...“

 

წყარო: ნიკოლაი დურნოვო - „ქართული ეკლესიის ბედი“. გაზეთ "რუსკი სტიაგის" გამომცემლობა. 1907 წელი

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

გაზიარება