უკან დაბრუნება

კრემლის საინფორმაციო ომის "ქართული" მაგალითები

25 სექტემბერი 2020

ამერიკელებმა და ევროპელებმა ქართველებს დაასწრეს და რუსებს კორონავირუსის ვაქცინა სთხოვეს! - არნო ხიდირბეგიშვილი
14.09.2020

ერთი შეხედვით აბსურდულ განცხადებებს, ჩვენის მხრივ ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა ერთი გარემოება.  ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, როდესაც დაავადების გავრცელება საწყის ეტაპზე იყო, დასავლურმა კვლევითმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ანგარიშები,  რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში მობილიზებული რუსული სპეცსამსახურების კოორდინირებული ჯგუფები რომლებიც გეგმის მიხედვით, მოახლოვებულ არჩევნებზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენტირებულები, წარმატებით გადაერთვნენ კოვიდის თემებზე და ორგანიზებული ფორმით დაიწყეს სხვადასხვა ინსტიტუტებისა თუ მთავრობების დისკრიმინაცია. იგივე ტალღაში რა თქმა უნდა საქართველოც მოხვდა.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, მხოლოდ ამ თემებთან დაკავშირებით, საქართველოში რამოდენიმე ფეისბუქ გვერდი და ჯგუფი მოქმედებს ან მოქმედებდა რომელთა საერთო მომხმარებლების რიცხვიც, ათეულობით ათასს სცილდება. მოქმედების სქემა ძირითადად სამსაფეხურიანია:

1) პანიკისა და გაურკვევლობის დათესვა
2) დეზინფორმაცია
და სხვადასხვა ინსტიტუტების ან სახელმწიფოს დისკრედიტაცია
3) პრორუსული პროპაგანდის გავრცელება.

საქართველოში, პროცესი თითქმის ერთმანეთის იდენტურია. მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის მიზნით, გამავრცელებლები იწყებენ სასურველი თემის რელიგიური თუ პატრიოტული თემატიკის და მასალის  თანხლებით ფორსირებულ  გავრცელებას.

იქმნება ერთის მხრივ ადვილად მოწყვლადი ინტერნეტ მომხმარებლების აუდიტორია, მეორეს მხრივ ძალიან კარგი პლაცდარმი იმ ადამიანებზე თავდასასხმელად, რომლებიც აღმოჩენილ დეზინფორმაციებზე რეაგირებას ცდილობენ.  ამის შემდეგ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ყალბი ინფორმაციების გავრცელების აღკვეთისკენ არის მიმართული, გამავრცელებლების მიერ მომენტალურად იფუთება,  როგორც რელიგიაზე ან ქვეყანაზე თავდასხმად და იწყება კოორდინირებული შეტევა ან დისკრედიტაცია.

ვიღაცისთვის ეს ყველაფერი სასაცილოა. ვიღაც თვლის, რომ მათთან კამათზე დროის დახარჯვა არ ღირს, უმრავლესობა ნერვებს უფრთხილდება და თავს ანებებს (რაც ერთის მხრივ გასაგებია). ამ ყველაფრის შედეგი მხოლოდ ერთია. გარდა იმისა, რომ ძალიან მალევე, უკვე გავრცელებული დეზინფორმაციული თემები რომელზეც გამავრცელებელს არავინ შეეკამათა და სიმართლის დადგენა არ სცადა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სხვადასხვა ადამიანისთვის ხდება „არგუმენტი“,  გავრცელების არეალი რჩება გამავრცელებელს და მათი რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოქმედების სქემას დავუბრუნდეთ.

როგორც აღვნიშნეთ პირველი საფეხური პანიკისა და გაურკვევლობის დათესვაა. პანდემიის დასაწყისისთვის, ვირუსის თავისებურებიდან გამომდინარე, ისედაც გაურკვევლობაში და შიშში მყოფი მსოფლიო საზოგადოება იდეალური ნიადაგი აღმოჩნდა, როგორც ახალი „სააგენტოებისა“ და „პერსონების“ აღმოცენებისთვის, ასევე იმ მიზნებისთვის გამოსაყენებლად, რისი შანსიც პანდემიის არარსებობის პირობებში ძალიან მცირე იყო და 2016 წლიდან მოყოლებული  უიმედოდ ცდილობდნენ რუსული სპეცსამსახურებისა და მათი სატელიტი საინფორმაციო საშუალებების უმრავლესობა. ყველას ახსოვს ალბათ, ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე წარმოქმნილი ტალღა 5G ტექნოლოგიების წინააღმდეგ (დღეს ამ თემაზე მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი „რუსული ვაქცინის“ პოპულარიზაციით არის დაკავებული) რასაც ვერც საქართველო ასცდა.  სასწრაფოდ შექმნილ ჯგუფებში, რომელთა მომხმარებლების რაოდენობაც 30 000-ს სცდებოდა, დაიწყო ისეთი კონსპირაციული იდეების გავრცელება, როგორიცაა:

  • „5G-ს ტესტირებამ გამოიწვია კოვიდ-19“
  • „მასონური ჯგუფები ატარებენ ცდებს მსოფლიოზე და საქართველოზე“
  • „ბილ გეითსის მიზანმიმართული კამპანიაა, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზნით“
  • „ჩვენი დაჩიპვა უნდათ“ და ასე შემდეგ. ამ და მსგავსი სათაურებით გავრცელებული სტატიებისა თუ ფეისბუქ სტატუსების სია ძალიან დიდია.

პროცესმა იმდენად მასიური სახე მიიღო, რომ ძალიან მალე გასცდა ინტერნეტ სივრცეს და ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიაში გადაინაცვლა. არამარტო საქართველოში, დაიწყო მოსახლეობის მოძრაობა ტექნოლოგიების წინააღმდეგ, ხალხი აზიანებდა ინფრასტრუქტურას, ზომავდა რადიაციას, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ჯერ კიდევ არარსებული ტექნოლოგიების აკრძალვისთვის და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესებული პირების პირველადი მიზანი მიღწეულ იქნა. დაბნეული და დაშინებული საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილიც კი, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული იმპერიის შესაქმნელად.

შემდგომი ეტაპი, რაც პირველ ნაბიჯებს მოჰყვა, რუსული სახელმწიფო ძლიერებისა და მსოფლიოზე მზრუნველი ქვეყნის იმიჯის შექმნის მცდელობა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რუსეთში დაავადებულების რაოდენობა კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა, თავიდან დაავადებულების რიცხვს მალავდნენ და ის ექიმები, ვინც მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა „სრულიად შემთხვევით“ ცვიოდნენ საავადმყოფოს ფანჯრებიდან (მინიმუმ 3 დადასტურებული შემთხვევა: ალექსანდრე შუპელოვი, ელენა ნეპომნიაშჩაია, ნატალია ლებედევა), რუსული მედია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობდა საკუთარი ჯანდაცვის სისტემის ძლიერების შესახებ მითის შექმნას.


შესაბამისად, ზემოთხსენებული Facebook გვერდებისა თუ ციფრული პრორუსული მედიის წარმომადგენლებიც მონიშნულ გეზს მიჰყვნენ და „დაჩიპვის“ საშიშროებაზე საუბრიდან რუსული ვაქცინის ქება-დიდებაზე გადავიდნენ. უკვე ივნისის თვიდან, მთლიანად შეიცვალა რიტორიკა და საინფორმაციო ნაკადი შემდეგი შინაარსის სტატიებმა ჩაანაცვლეს:

- რუსეთმა ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო: შერჩეულია 76 პირი - 17 ივნისი
- უახლოეს პერიოდში რუსეთში კიდევ რამოდენიმე ვაქცინა იქნება მზად კლინიკური გამოცდებისთვის - 18 ივნისი
- კორონა ვირუსის წინააღმდეგ: რუსული ვაქცინა 2 წლით იცავს ინფიცირებისგან - 22 ივნისი
- რუსეთში დასრულდა მსოფლიოში პირველი კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოცდა. -12 ივლისი
- „ახლა უკვე დაცულები ვართ: ვაქცინის გამომცდელი მოხალისეები სახლში გაეწერნენ“ – 17 ივლისი
- ვაქცინა მზადაა: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - 21 ივლისი 

- მსოფლიოში პირველად: კორონავირუსის პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა - პუტინი - 11 აგვისტო.

სრული სიის ჩამონათვალს რა თქმა არ ვაპირებთ. თუმცა ყველა ეს სტატია რომ ან მანიპულაციური, ან დეზინფორმაციული სახის იყო, ამის დასადასტურებლად ისევ რუსული წყაროებიდან აღებულ განცხადებებს დავეყრდნობით, რომელიც ვაქცინის ირგვლივ გაკეთდა (ჩვენს მიერ გავრცელებული პოსტი: https://bit.ly/32BJuO5 ) : “ეს არის პანდორას ყუთი და ჩვენ არ ვიცით რა მოუვა იმ ხალხს, რომელიც აიცრება გამოუცდელი ვაქცინით“ - სვეტლანა ზავიდოვა - რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„საბოლოო კვლევები შესაძლებელია იანვრამდე გაგრძელდეს“ - ტატიანა გოლიკოვა. რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

აღნიშნული განცხადებები რუსეთიდან უზარმაზარი პროპაგანდისტული ნაკადის მორევში გაქრა. განმცხადებელი პირები, როგორც რუსეთს შეეფერება, გაჩუმდნენ ან გააჩუმეს. ის წყაროები კი, რომლებიც ამ განცხადებათა სიღრმეებში ჩასვლას აპირებდნენ, სასწრაფო წესით მოინათლნენ დასავლური მასონური შეთქმულების ნაწილად.

ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთმა კვლავ წამოსწია წინ ლუგარის ლაბორატორიის თემა რომელსაც ისედაც წლების განმავლობაში ესხმოდა თავს. კორონავირუსის გამოჩენისთანავე REN-TV-მ სიუჟეტში „მუტაცია, საიდუმლო ლაბორატორია თუ პროვოკაცია: საიდან გაჩნდა კორონავირუსი“ ვირუსის გავრცელება ამერიკის ინტერესებს დააბრალა და ერთ-ერთ შესაძლო გამავრცელებლად ლუგარის ლაბორატორიაც დაასახელა. ამას მოჰყვა რუსული მხარის მოთხოვნა ლაბორატორიაში რუსი წარმომადგენლების დაშვების შესახებ და 3 სექტემბერს დაგვირგვინდა ჰაკერული თავდასხმით, რომლის კვალსაც კრემლის კედლებთან მივყავართ.

რაც შეეხება თავში მოხსენიებულ ციტატას. ის დამაგვირგვინებელი ფაზაა იმ ყველაფრისა რაც ეტაპობრივად აღვწერეთ. თუმცა ერთი შესწორებით. მოცემულ სტატიაში ყველაფერი ერთადაა გამოყენებული. დეზინფორმაციაც, მანიპულაციაც, პოლიტიკური პოლარიზაციის მცდელობაც და რუსული პროპაგანდაც:

“- რუსული ვაქცინა ადამიანის ვირუსზეა დამზადებულიამერიკული კი მაიმუნისევროქართველებსალბათ, ამერიკული უფრო მოუხდება, MADE IN USA
- sputnik – V არის მსოფლიოში პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული ვაქცინა რომლისთვისაც უკვე დადგა 50 ქვეყნის რიგი და რომელსაც გართულებები არ ახლავს
-რუსეთის ხელმძღვანელები უკვე აიცრნენ, ამერიკული, ინგლისური და გერმანული ვაქცინები კი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია“

სტატიის წყაროდ მოყვანილია рамблер новости-ს ლინკი, (https://bit.ly/3iCpz7m) რომელიც რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარის, კირილ დიმიტრიევის განცხადებას ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ ბმულზე  არც ხსენებული 50 ქვეყნის ჩამონათვალია (დიმიტრიევის განცხადებით მოლაპარაკების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი), არც ოფიციალური მიმართვის ტექსტები, მთლიანად უგულველყოფილია სამეცნიერო წრეების მოსაზრებები ჯერ კიდევ გამოუცდელი ვაქცინის შესახებ, რომელზეც როგორც რუსი, ასევე ქართველი და დასავლური კვლევითი ორგანიზაციები საუბრობდნენ, მაინც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიწყონ დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან (იმ მხარესთან, რომელიც კოვიდის გავრცელებას ქართულ მხარეს აბრალებდა და კიბერთავდასხმებს აწყობს ქართულ ლაბორატორიებზე), ოღონდ მხოლოდ იმ ქართველების ჩართულობით, რომლებიც რუსეთში ავტორიტეტით სარგებლობენ და მისაღებნი იქნებიან როგორც აფხაზებისთვის, ასევე ოსებისთვის.

„რუსოფობებსა და გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს“ კი ამ ტექსტით ამშვიდებს:
„-თქვენ იძულებით არავინ აგცრით. აშშ-ში სპეციალურად თქვენთვის მზადდება მაიმუნის ვირუსისგან მიღებული ვაქცინა.“

სამართლიანობა მოითხოვს, ავტორს საკუთარი 18 მაისის სტატიიდან ამონარიდი შევახსენოთ.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

გაზიარება