„მოსკოვი ამ შიშს ბოროტი მიზნებისთვის იყენებს“ - ასე აფასებს კოსოვოს ყოფილი საგარეო მინისტრი - პეტრიტ სელიმი, რუსული პროპაგანდისტული სააგენტოს gosnovosti.ru-ს მიერ გავრცელებული სტატიის „რუსეთთან პროვოკაციებით საქართველო ხეირობს“ ირგვლივ შექმნილ ვითარებას.
გოსნოვოსტი იმ გამომცემლობების გრძელ სიაშია, რომელიც ვარაუდის დონეზე „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის და კრემლის ტროლების ქარხნის სახელით მოიხსენიება (Государственные вести, Газета DAILY, ПолитРоссия, Новые Ведомости, Око Планеты და ა.შ.). ჩვენ მოვიძიეთ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური სტატიების მასალები, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ. (ასევე, იხ. სტატიის პირველი ნაწილი: https://bit.ly/32b05Z5 )
2015 წელი: „დასავლური მედია: ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტი ცრუობს. ყირიმი ბედნიერია რუსეთის შემადგენლობაში“ ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ერთდროულად gosnovosti.ru-მ და pravda.ru-მ გაავრცელა, საუბარია ფორბსის ჟურნალისტის საავტორო სტატიაზე. რომელიც, რამოდენიმე თვით ადრე ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მასალების მიხედვით გამოკითხულთა 93% ეთნიკური რუსი იყო, რაც შეუძლებელია მიღებულ იქნას, როგორც დასავლური მედიის აზრი ყირიმთან დაკავშირებით. არც გოსნოვოსტს და არც პრავდას, პირველწყარო მითითებული არ ჰქონდა. გამომცემლობები ასევე წერდნენ, რომ უკრაინულმა მედიამ აღნიშნული კვლევა მიუღებელი აზრის გამო დააიგნორა, რაც თავის მხრივ ასევე ტყუილია. ამ მოვლენას საკმაოდ ვრცელი სტატიები მიუძღვნეს უკრაინის უდიდესმა გამომცემლობებმა.
2017 წელს, gosnovost-მა მიზანმიმართულად დაამახინჯა მერკელის აზრი, რომლის მიხედვითაც, თითქოს იგი იმედოვნებდა დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნას მოსკოვის მიმართ. აღნიშნული სტატია ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის სოჩში შეხვედრის შემდგომ გამოქვეყნდა Ukraina.ru-ს, strana.ua-ს და gosnovosti.ru-ზე. სინამდვილეში გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც აღმოიფხვრება მისი დაწესების მიზეზები და პუტინს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.
„დამსჯელთა დღე: უკრაინა ახალ დღესასწაულს აღნიშნავს“ - მსგავსი დეზინფორმაციული სათაური გავრცელდა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის სახალხო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „უკრაინის მოხალისის“ დღის აღნიშვნის დაწესების კანონპროექტს. აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა უკრაინელ მოხალისეებს, როგორც „მაიდნის ბოევიკებს“, ისე მოიხსენიებს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვეციას „უკრაინის სამოქალაქო ომს“ უწოდებს.
კოორდინირებული მუშაობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში სტატიების დიდი ნაწილი შინაარსისა და სათაურების შეუცვლელად ვრცელდება, საშუალებას გვაძლევს, დასკვნის სახით ვთქვათ: - მანიპულაციური სტატიები, ყალბი ინფორმაციები, „ფოტოფეიკები“, სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების დისკრედიტაცია, ეს ის იარაღებია, რომლის საშუალებითაც აღნიშნული გამომცემლებები ყოველთვის ჩნდებიან იქ, სადაც ეს კრემლს სურს. იქნება ეს საოკუპაციო პროცესები, არჩევნები თუ საერთაშორისო ურთიერთობები.