უკან დაბრუნება

ვინ არის ვიაჩესლავ ვალოდინი, რომელმაც ირმა ინაშვილი აფხაზეთში შეიყვანა?

6 სექტემბერი 2020

„მე არ დამიმალავს და შევხვდი რუსეთის დუმის დეპუტატს ვოლოდინს. მე მასთან მაქვს კომუნიკაცია, ამიტომ ჩვენი დეპუტატებთან შეხვედრები და ჩემივე კონტაქტები ვოლოდინთან საკმარისია თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად. ვოლოდინი ეფესბეზე მაღლა დგას, მეკითხებით გამოვიყენეთ თუ არა ჩვენი კონტაქტები მოსკოვთან. რა თქმა უნდა“ - ასეთი პასუხი გასცა ირმა ინაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა აფხაზეთში გადასვლა და აქვს თუ არა მას რუსეთის ფედერალურ უშიშროებასთან კონტაქტი.

რუსეთის დუმის დეპუტატის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სახელი, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ,  პირველ რიგში ალბათ იმ „პოლიტტექნოლოგებთან“ ასოცირდება, რომელთა ძირითად საქმიანობასაც როგორც რუსეთის შიდა პოლიტიკაში, ასევე უცხო ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩართვა წარმოადგენს.  მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია, შავი პიარი, საინფორმაციო საშუალებებში ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სამთავრობო „ექსპერტების“ სახელმწიფო რესურსებით დახმარება  სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ და ა.შ. ეს იმ სიის მცირედი ჩამონათვალია, რასაც რუსული არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე ვხვდებით მათ საქმიანობაში. ამის შესახებ რუსული გამოცემები წერდნენ რამოდენიმე წლის წინ. ვოლოდინმა გაიმარჯვა 2012 წელს პოლიტიკური კონსულტაციების კონკურსში სახელად -„აბსოლუტური ძალაუფლება“. რის შემდეგაც, კურირებდა მოსკოვის მერის არჩევნების „ედინნაია რასიას“ კამპანიას ალექსანდრე ნავალნის წინააღმდეგ.  

მის  სახელთანაა დაკავშირებული 2017 წელს, რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონპროექტიც, რომლის მიხედვითაც, ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე მათ უფლება მიენიჭათ „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოეცხადებინათ ნებისმიერი უცხოეთში რეგისტრირებული ან უცხოეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალება. მისი განცხადებით, ეს იყო სიმეტრიული პასუხი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მაშინ სიის ჩამონათვალში „სი-ენ-ენ“-ისა და „დოიჩე ველე“-ს გარდა ის რედაქციებიც მოხვდნენ, რომლებიც კავკასიაში  მუშაობდნენ.

რაც შეეხება საქართველოსადმი მის დამოკიდებულებას:

● „-საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი ახსოვს“ - 2019 წლის ოქტომბერში россия-24-ის (და არამარტო) საშუალებით ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა, ისე მოიხსენია. „- და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი ახსოვს.“
 


● “პუტინი აძლევს მათ (საქართველოს) შანსს. რადგან ჩვენ, რუსი ერის წარმომადგენლები ასეთ შანსს არ ვიძლევით“


 ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მისი თავმჯდომარეობით რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ სანქციების მიღებას უჭერდა მხარს.  (თანხების გადმორიცხვის შეზღუდვა, ფრენები საქართველოს მიმართულებით, ტურ-ოპერატორებისთვის შეზღუდვების დაწესება, ღვინის ემბარგო და სხვ)

● „უნდა განვითარებულიყო რუსეთი და არა საქართველო“ - ასეთ შეფასებას აძლევს ვოლოდინი  საბჭოთა საქართველოს წარსულს.

 
● „-ისინი ცხოვრობდნენ უკეთ,  რესურსები კი ჩვენი იყო. ახლა კი ნაწყენები აქეთ არიან“ - განაცხადა მან და უკმაყოფილება გამოთქვა კომუნისტების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ნაცვლად ინვესტიციებს დებდნენ ქართული მეღვინეობის განვითარებაში.

ირმა ინაშვილის რუსთავი2-ის ეთერში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ უნდა შეარბილოს რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში და ნაკლებად იყოს გამოყენებული ტერმინები „ოკუპანტი“ და „აგრესორი“, პირდაპირ იმეორებს ვოლოდინის დამოკიდებულებას საქართველოსადმი, რომელიც სახალხო ბოდიშის მოხდას ითხოვდა ქართველებისგან ამ შეფასების გამო და ეს ყველაფერი ალბათ ჩვენც გვაძლევს უფლებას, მუხრან მაჭავარიანის სტილში ვიკითხოთ:

                                                                 „კარგი. ვთქვათ გავხდით ის - რაც ვიაჩესლავს სურდა, მერე?“

გაზიარება