#დეზინფორმაცია
რა არის „ნოვიჩოკი“, როდის შეიქმნა ის და რა ინფორმაცია გვაქვს მასზე?
ქიმიური ნივთიერება გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა საბჭოთა კავშირში და მისი ფორმულა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ დღემდე არაა ცნობილი.
საიდუმლო პროგრამა იდენტიფიცირდებოდა როგორც “фолиант” და აღწერილია ლევ ფიოდოროვის წიგნში „ქიმიური იარაღი: ომი საკუთარ ხალხთან - ტრაგიკული რუსული გამოცდილება“ სადაც, მოცემულია იმ ჯილდოების სია, რომელიც გადაეცათ რუსული „ხიმპრომის“ თანამშრომლებს პროგრამაში მონაწილეობისთვის.
თვითონ „ნოვიჩოკის“ შესახებ ცნობილია მხოლოდ რამოდენიმე ნაერთი (A-230, A-232, A-234) და მათი მონაწილეობა გახმაურებულ საქმეებში, რომლებიც სწორედ სწორედ რუსეთს უკავშირდება:
1) 1987 წელს, ორგანული ქიმიისა და ტექნიკის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში, საბჭოთა ქიმიკოსის, ანდრეი ჟელეზნიაკოვის მიერ დაშვებულ შეცდომას ჰაერში A-232-ის გაბნევა მოჰყვა. მეცნიერი მომენტალურად დაინფიცირდა და განვითარებული მრავალი დაავადების შემდეგ 1992 წელს გარდაიცვალა.
2) А-234 აღმოჩნდა უკვე დაგეგმილი მკვლელობისას 1995 წელს, როდესაც რუსი ბანკირი ივან კიველიდი და მისი მდივანი მოწამლეს საკუთარ კაბინეტში. გახმაურებული საქმისას ჯამში დაავადდა 10-ზე მეტი ადამიანი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნივთიერებაზე მუშაობა მიმდინარეობდა იგივე ლაბორატორაში, სადაც, 8 წლით ადრე, ანდრეი ჟელეზნიაკოვი მოიწამლა.
3) 2015 წელს, სოფიაში მოწამლეს ემელიან გებრევი, ბულგარელი იარაღის ექსპორტიორი. აღნიშნულ საქმეშიც „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი ნაერთია გამოყენებული. Der spiegel-ის, Delingcat-ისა და Insider-ის ერთობლივი გამოძიების თქმით, ოპერაციაში ერთდროულად ГРУ-ს 8 აგენტი იღებდა მონაწილეობას. აქედან ორს, 2020 წელს სოფიის პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი.
4) 2018 წელს, ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, გრუ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეშიც „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი ნაერთი A-234 იყო გამოყენებული.
5) გერმანიის მთავრობის მტკიცებით, "ნავიჩოკი" აღმოჩნდა რუსი ოპოზიციონერის ნავალნის ორგანიზმშიც;
2018 წელს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სესიაზე, რუსული მხარის წარმომადგენლის, ვიქტორ ხოლსტოვის თქმით, „ნოვიჩოკის“ მთლიანი შემადგენლობა ჯამში 60-ზე მეტი ნაერთისგან შედგება.
საქართველოში არსებული ლაბორატორიები და განსაკუთრებით ლუგარის ლაბორატორია რომ რუსული დეზინფორმაციული მანქანის საყვარელი თემაა და ხშირად იყენებენ სხვადასხვა ინსპირაციების და შეთქმულების თეორიების შექმნისას, ეს არახალია. მაგრამ, აქვს თუ არა საქართველოს იმ 60-ზე მეტი ტოქსიკური ნაერთის წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელთა უდიდესი ნაწილიც ქიმიური იარაღის შექმნისას გამოიყენება, ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის. მიუხედავად ამისა, კრემლი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს განაგრძობს. რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რომლითაც პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოში ან ამერიკაშია წარმოებული. რუსეთი კი ამ ნივთიერებას საერთოდ არ აწარმოებს.