ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსული სპეცსამსახურები ნადირობენ ამერიკულ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებზე - ‘’Javelin’’, რომლებიც, სამხედრო-ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მოკავშირეებმა უკრაინას გადასცეს.
რუსების ხელში თანამედროვე ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ საბრძოლო კომპლექსების მოხვედრამ, შესაძლოა განაპირობოს რუსეთის მიერ საკუთარი სისტემების განვითარება (ჩვენ კი გვახსოვს, რომ რუსებს არ შეუძლიათ თვითონ წარმოება, შეიარაღების ძირითადი ნიმუშები კი მისაკუთრებული აქვთ). ამ მოპარული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექების სისტემის გამოყენება რუსების მიერ შესაძლებელია საომარი მოქმედებების სხვა სივრცეშიც, თვით უკრაინის ტერიტორიაზეც კი, ან უკრაინის საწინააღმდეგოდ საომარი მოქმედებების პროვოცირების მიზნით. ცხადია, არავინ უშლის ხელს რუს ‘’ГРУ’’-ს წარმომადგენლებს გაანადგუროს რუსეთის საზღვაო ქვეითების ჯავშანტრანსპორტიორი (БТР) ჩონგარში მოწინავე ქვედანაყოფების როტაციის მომენტში და დააბრალოს უკრაინულ დესანტს.
ასევე, დაარტყას ‘’Javelin‘’- ით უნგრელ მესაზღვრეებს და უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გაამწვავოს.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის დემონსტრირება, რომ უკრაინა არ არის სანდო პარტნიორი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში და რომ მას თითქოს არ შესწევს უნარი ტექნიკის თანამედროვე ნიმუშები სათანადოდ შეინახოს. რაც, მინიმუმ, გავლენას იქონიებს უკრაინის იმიჯზე მსოფლიოში და დაასუსტებს მის პოზიციებს შეიარაღების ბაზარზე, რაც განაპირობებს მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს.
ამგვარად, განიხილება რუსული სპეცსამსახურების მიერ ‘’Javelin’’- ზე ნადირობა, მათ შორის, მათი აგენტების დახმარებით უკრაინის მოქალაქეების რიგებში. აუცილებელია, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა მოახდინონ დროული რეაგირება და დასწრებაზე იმუშაონ. ასეთი მუშაობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია 2014 წელს - რუსული სპეცსამსახურებისოპერაციის ნეიტრალიზაცია.
2014 წლის მაისი-ივნისში რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებზე „ნადირობდნენ“. ასეთი „ნადირობის“ შედეგად, იმავე წლის 17 ივლისს ‘’МН-17’’ ბორტის ტრაგედია დატრიალდა, როდესაც რუსებმა, თავიანთი ‘’БУК-М1’’კომპლექსის გამოყენებით შეცდომით ჩამოაგდეს სამოქალაქო ლაინერი, რომელიც უკრაინის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში შეეშალათ.
უფრო ადრე, 2014 წლის მაისში, რუსები ცდილობდნენ ჩამოეგდოთ თვითმფრინავები ქ. კრამატორსკის აეროდრომთან. მათი ნეიტრალიზაციაუკრაინელი სპეცრაზმის პირველი წარმატებული მაგალითია. მათ გათვალეს მოწინააღმდეგის შესაძლო მოქმედებები, დაადგინეს რაკეტების გაშვების მოსახერხებელი ლოკაცია და, შედეგად, სარაკეტო კომპლექსის ოპერატორი გაანეიტრალეს. ასევე, დააკავეს რუსეთის ფედერაციის ორი პროპაგანდისტი - ‘’Life News’’-ის ჟურნალისტები - ოლეგ სიდიაკინი და მარატ საიჩენკო.
ეს პროპაგანდისტები, რუსეთის სატელევიზიო არხის- ‘’Life News’’-ის ე.წ კორესპონდენტები, უკრაინული თვითმფრინავის განადგურების გადასაღებად ემზადებოდნენ. აგრეთვე, მათ თან ჰქონდათ რუსი დაქირავებულები მებრძოლების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალები. ცნობილია, თუ როგორ აჭრელებდა მტერი საინფორმაციო სივრცეს უკრაინული არმიის წარუმატებლობების ემოციური ილუსტრაციებით. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უარყოფით ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა მოქალაქეებსა და სამხედროებზე, რაც მოგვიანებით, ამა თუ იმ საბრძოლო ამოცანის შესრულებაში ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინებოდა.
რუსმა სპეცრაზმელებმა ხელში ჩაიგდეს პოლონური წარმოშობის “Grom Е2”.
მოცემული იარაღის ნიმუში რუსებმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს მიითვისეს. იმავე პერიოდში ოკუპანტების ხელთ აღმოჩნდა შეიარაღება და სამხედრო ტექნიკის სხვადასხვა ნიმუშები. უმეტეს შემთხვევაში, რუსებმა ისინი გამოიყენეს საჰაერო დესანტისთვის, სწავლების დროს ხშირად ‘’თამაშობენ’’ მოწინააღმდეგის როლს, მაგრამ შედეგად, ნიმუშები გამოიყენება საჭირო დროს, საჭირო ადგილას.
2014 წელი ზუსტადაც რომ ხელსაყრელი დრო აღმოჩნდა. პოლონური წარმოშობის სარაკეტო კომპლექსის საშუალებით, რუსები ცდილობდნენ უკრაინული თვითმფრინავის განადგურებას. ასეთი მოქმედებით მტერი ცდილობდა პოლონეთი ჩაეთრია კონფლიქტში, იმის დემონსტრაციით, რომ პოლონეთი ვერ ახერხებს შეიარაღების კონტროლს მსოფლიოში და მონაწილეობას იღებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში.
დღეს კი, კრემლის პროპაგანდას სჭირდება ‘’Javelin’’-ი და არც მალავენ. რუსული დაზვერვის “Военное обозрение”-ს ინტერნეტ-გამოცემაში, 2019 წლის 24 მარტს, გამოჩნდა სტატია - ‘’რუსეთს აქვს შანსი...მიიღოს უკრაინის “FGM-148 Javelin”, რომელშიც მოწინააღმდეგე პირდაპირ უთითებს:
‘’...... მინიმუმ იმ მიზნით, რომ ‘’Javelin’’ არ აღმოჩნდეს უკრაინის არც ერთ ინტერნეტ-მაღაზიაში. მაგრამ წინასაარჩევნო, და დიდი ალბათობით, არჩევნების შემდგომ უკრაინაში შექმნილი არეულობის ფონზე, არსებობს ამერიკური წარმოების სისტემების, რომლებიც უკრაინის არმიის შეიარაღებაშია, მიღების შესაძლებლობა.’’
ამასთან, არაა გამორიცხული, რომ რუსებს უკვე აქვთ ‘’Javelin’’-ის ნიმუში. 2018 წელს, რუსული გამოცემა ‘’Freedomnews’’- მა გაავრცელა სტატია ‘’რუსეთმა მოახერხა ამერიკული Javelin-ის ხელში ჩაგდება’’. მტრის დაჯერება, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ შემდგომი შესაძლო სცენარის განვითარების გათვლა რთულია. მოსკოვის შესაძლებლობა, მობილურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები და დროულად შეცვალოს საინფორმაციო ტრენდები და აქცენტები, საყურადღებოა. ამიტომ, აუცილებელია, მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარის გათვლა.
დასკვნის სახით, აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე დაინტერესებულია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მესამე თაობის, ამერიკული წარმოების, Javelin-ის ხელში ჩაგდებით უკრაინისა და სირიის ტერიტორიაზე. შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა ვერ მოახერხეს სირიაში ამ უკანასკნელის ხელში ჩაგდება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ატარებს ფართო საინფორმაციო კამპანიას, რომლითაც ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ტექნიკური შესაძლებლობებისა და მისი უკრაინისთვის გადაცემის მიზანშეწონილობის დისკრედიტაციას ცდილობენ.
‘’Javelin’’-ის გამოყენებით განხორციელებული წარმატებული პროვოკაცია რუსეთის ფედერაციისთვის შესაძლებელია ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს - უკრაინისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წინააღმდეგ. ვინაიდან, სამოქალაქო ტექნიკის განადგურება, მაგალითად თვითმფრინავების, არარუსული/საბჭოური იარაღის გამოყენებით, ბევრად უფრო მომგებიანია ‘’ჰიბრიდული ომის’’ წარმოებისთვის. ასეთ შემთხვევაში, არ არის საჭირო იურიდიული და ადამიანური პასუხისმგებლობის აღება საერთაშორისო დონეზე. პირიქით - ეს წარმოუდგენელ გავლენას მოახდენს სამიზნე სახელმწიფოზე.