უკან დაბრუნება

თბილისს ცრემლების არ სჯერა - ჩვენი პასუხი გავრილოვს!

20 ივნისი 2020

ისე აგვიჩუყა გული რუსეთის დუმის მორწმუნე კომუნისტი დეპუტატის სერგეი გევრილოვის მიმართვამ, თავი ვერ შევიკავეთ პასუხისგან. ისე ყვარებია საქართველო, სულ წმინდა გიორგიზე ლოცულობს თურმე პარტბილეთით ჯიბეში.

მისი ვიდეო-მიმართვიდან, ჩვენთვის კიდევ ერთი, აქამდე უცნობი დეტალი გაირკვა, რომელიც მის გაორებულ პიროვნებაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რუსი მორწმუნე კომუნისტი, ცოტათი ქართველიც ყოფილა. ბაბუა ჰყოლია ქართველი!

მოკლედ, მისი თვითიდენტიფიკაციის ყველა ეს შეუთავსებელი შემადგენელი შეურაცხყოფილია შარშანდელის გამო და ბოდიშს ითხოვს კაცი, ქართული ხელისუფლებისგან, საზოგადოებისგან, დეპუტატებისგან...

მის სიტყვაში ეს გაორება ყოველ წინადადებაში იჩენს თავს. თან ძმები ვართ მისთვის, თან ერთი ხალხი ვართ. თან ვუყვარვართ, თან დასასჯელები ვართ თავგასულობისთვის, თან უნდა ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ოღონდ ინიციატივა ჩვენგან უნდა მოდიოდეს და ამ ინიციატივის დასტური უნდა იყოს ეს აუცილებელი, მაგრამ მეორე მხრივ არასავალდებულო ბოდიში. მოკლედ, როგორც პიროვნება აქვს აბურდული, მიმართვაც ისეთი გამოუვიდა, თან გვლოცავს და თან გვემუქრება! თან ესმის ჩვენი და თან გვადანაშაულებს.

ჩვენი პასუხი მისდამი ასეთია: - ჩვენ არ ვართ ძმები და მით უფრო არა ვართ ერთი ხალხი, როგორც ეს თქვენს სიტყვაში სჩანს, მით უფრო თუ თქვენ ამ ძმობაში უფროსის როლი გერგებათ, სასაცილოა 3 ათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხი უმცროსი ძმა იყოს 500 წლიანი ისტორიის მქონე ხალხისათვის. ეტყობა ვერაფერი გისწავლიათ ბაბუისგან, თორემ მინიმუმ იმის მტკიცებას მაინც არ დაიწყებდით, რომ საქართველოს ინტერესებში მოსკოვთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაა. რამე რომ მართლა გესწავლათ ქართველებისგან, გეცოდინებოდათ, რომ საქართველოს ინტერესებში მისი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გაწმენდაა; დეოკუპაციაა საქართველოს ყველა ღირსეული მოქალაქის მიზანი.

ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო (70 წლიან „თანაარსებობას“ ვგულისხმობთ), მხოლოდ უმცირესი მონაკვეთია საქართველოს 3000 წლიანი ისტორიიდან და ამ მონაკვეთს საქართველოში იძულებითი თანაცხოვრების მონაკვეთი ქვია! იმ თქვენს ბაბუასაც არჩევანიც კი არ ჰქონია - წასულიყო თუ არა სხვის ომში! თქვენ სწორედ ეს არ გესმით, რომ ის, რასაც რუსეთი საქართველოს ახვევს თავს, საქართველოს არჩევანი არაა, თქვენ არასოდეს გაინტერესებდათ საქართველოს არჩევანი და სწორედ ეს იწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას!

არც ერთი დამპყრობლისგან არ მიუღია საქართველოს იმდენი შეურაცხყოფა, რაც „ერთმორწმუნე“ რუსეთისგან, არავის ისე არ უძარცვია ქართული ეკლესია, როგორც ეს რუსმა სასულიერო პირებმა აკეთეს! დიახ, რუსმა ეგზარქოსებმა, რომლებმაც ათასწლოვან ქართულ ხატებს ძვირფასი ქვები დააძრეს, ქართველ წმინდანთა სამარხები მოსთხარეს... საქართველოს 1500 წლოვანი ავტოკეფალია გააუქმეს!

კომუნისტებმა კი ესეც არ იკმარეს და ქართულ ფრესკებს დასთხარეს თვალები, გადაათეთრეს ქართულ ეკლესიათა კედლები, სამხედრო ობიექტებად და მსხვილფეხა საქონლის დასაბინავებენ გომურებად აქციეს მონასტრები! ყველაფერს აკეთებდით რომ (თქვენს მიერ ვითომ მოძმე რესპუბლიკებისთვის გადაცემულ მიწებზე) სოჭში, საინგილოსა თუ ალავერდში მცხოვრებ ქართველებს იდენტობა დაეკარგათ! ოცნებობდით და ოცნებობთ საქართველოზე ქართველების გარეშე!

ერთმორწმუნეობა თქვენთვის მხოლოდ იარაღი იყო ქართველთა გონების დასაპყრობად და სიფრთხილის მისაძინებლად და ახლაც იგივეს აკეთებთ! ახლაც შლით წარწერებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თქვენს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართული ეკლესიების კედლებიდან! ამის მერე გინდათ ცრემლი მოგვერიოს იმის გამო, რომ „იური“-ს მაგივრად საქართველოში ყველაზე პოპულარული წმინდანი დროებით გიორგით მოიხსენიეთ! სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, თქვენს თავგასულობაზე რომ კიდევ ერთხელ არ მიუთითებდეს!

თქვენი მახინჯი აზროვნების გამო დღემდე ვერ აჯობებთ თავს და ჯიუტად იმეორებთ, რომ თბილისის ინსტერესში რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობაო. არავინ ითხოვს რომ თქვათ პირიქით, უბრალოდ, დღემდე კუდაბზიკა იმეპრიალისტებად დარჩით. შეგიძლიათ თქვათ რომ ორივეს ინტერესშია კარგი ურთიერთობები?.. - არა!

არა, თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენი აღქმა პარტნიორებად, თქვენ უმცროსი ძმა გჭირდებათ და თუკი ასეთებს ეძებთ, იქნება ისტორიის წიგნებს გადახედოთ და სადღაც სხვაგან ეძებოთ ეს მორჩილი ძმები, რადგან რაც არ უნდა იბრიქებოდეთ, მრავალ იმპერიასავით, რომელიც საქართველოს მოუნელებია, თქვენც გაქრებით, საქართველო კი იარსებებს და იცხოვრებს ღირსეული სიცოცხლით, რადგან ჩვენი მომავალი თავისუფლებაა, და არაფერი აქვს საერთო თქვენს აბურდულ, კომუნისტურ-მართლმადიდებლურ-მონური აზროვნებით ადამიანურობას მოწყვეტილ მომავლთან!

#დამოუკიდებლობაჩვენიწესია

#რუსეთიოკუპანტია

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

გაზიარება