„სამხრეთ ოსური ვანდეა“
ნაწილი 2
„მოდიოდა ჩუმი რუსული იმპერიალიზმი და პირახვეული რუსიფიკაცია. მაშინ ქართველ ხალხს მუდამ ახსოვდა, რომ საქართველოს სუვერენობას თავდადებით უნდოდა დაცვა და რა ნიღბის ქვეშაც არ უნდა მოენდომებინა რუსეთს საქართველოში დამკვიდრება, მას უნდა ებრძოლა, მას უნდა შეენახა რესპუბლიკის მთლიანობა და ერის თავისუფლება. აი ამ გადაწყვეტილებით ებრძოდა თავდადებით საქართველო 1920 წელს როკიდან შემოჭრილ რუსულ ბანდებს, რომელთაც ერისთვის მონობა მოჰქონდათ. მაშინ ეს საფრთხე საქართველომ აიშორა თავიდან, მაგრამ 1921 წლის დაპყრობის შემდეგ საქართველოს ეროვნულად მოსაშლელად და მისი სხეულის დასახლეჩად, სხვა უბედურებასთან ერთად, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ნიღბის ქვეშ რუსული უნაგირი დაადგა ზურგზე კავკასიონის ქედს და მისივე წითელი არმიელი დაუყენა დარაჯად საქართველოს სტრატეგიულ ყელებს.“ [1]
ასე აფასებდა, წლების შემდეგ სუზდალის პოლიტიზოლატორში გამოკეტილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი სოციალ-დემოკრატი ლეო რუხაძე 1920 წელს გორის მაზრაში მორიგ სამხედრო განმუხტვას, რამაც ჯავის ხეობის ოსური მოსახლეობა საბჭოთა რუსეთის მრავალსვლიანი სამხედრო კამპანიის მონაწილედ აქცია და შემდეგ მარტო დატოვა საპასუხო დარტყმის წინაშე.
1920 წელს, რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის სერგო ორჯონიკიძის მითითებით კავკავში დიდი სამზადისი გაჩაღდა. წინა წლებში საქართველოდან გაქცეული ოსი მებრძოლი ბოლშევიკებისგან, აპრილში „სამხრეთ ოსეთის პარტიზანული ბრიგადა“ შექმნეს და მის პოლიტიკურ კომისრად ძველი ბოლშევიკი - რაჟდენ შამელის ძე კოზაევი დანიშნეს. თუმცა კოზაევს ბრიგადაში საქმიანობისთვის ნამდვილად აღარ ეცალა, მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ელოდა წინ; მაისში იგი საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის ორგანიზაციის მე-2 კონფერენციამ საოლქო კომიტეტის წევრად აირჩია და მოსკოვში მიავლინა - ვლადიმერ ლენინისთვის „სამხრეთ ოსეთის მშრომელთა მიმართვის“ ჩასაბარებლად. კოზაევი მოსკოვში კომინტერნის მეორე კონგრესის მიმდინარეობისას ლენინმა მიიღო და „სამხრეთ ოსეთის აჯანყებულ მშრომელებს“ დახმარება აღუთქვა.[2]
1920 წლის მაისი ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის მძიმედ დაიწყო: საბჭოთა რუსეთმა ისარგებლა სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკების დაპირისპირებით და რადგან დამოუკიდებელი აზერბაიჯანის არმიის დიდი ნაწილი განჯაში და ყარაბაღში იყო მობილიზებული სომხეთის არმიის წინააღმდეგ, თითქმის უბრძოლველად დაიკავა ბაქო და პირდაპირ თბილისისკენ გააგრძელა შეტევა. თუმცა, ეს შეტევა ინერციით არ ყოფილა განპირობებული; ბოლშევიკური მებრძოლი ჯგუფები უკვე მზადყოფნაში იყვნენ ზურგში მოქმედებისთვის, როგორც საქართველოს ისევე სომხეთის ტერიტორიაზე და მაშინვე სცადეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც ყარსის ოლქში ბოლშევიკური აჯანყებით, ხოლო თბილისში სამხედრო სკოლაზე თავდასხმის და მთავრობის წევრების ხელში ჩაგდების მცდელობაში გამოიხატა, მაგრამ ეს ოპერაცია ჩავარდა. თუმცა, ანალოგიური სახიფათო სამხედრო ვითარება შეიქმნა ქვეყნის თითქმის ყველა განაპირა მხარეებში: ქართულ ჯარს და სახალხო გვარდიას აღმოსავლეთით ფიოლიოს, სადახლოსა და წითელი ხიდის მხრიდან უწევდათ წითელი არმიის დივიზიის მოგერიება, ამავდროულად რთული ვითარება იყო შექმნილი ბათუმის ოლქში, საიდანაც ბრიტანელები უკვე გადიოდნენ და ოლქის ხელში ჩასაგდებად ფარული ბრძოლა იყო გაჩაღებული; საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა რა ბრიტანელების გასვლის გეგმა, ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო ოზურგეთის მხრიდან სამხედრო დანაყოფების განთავსება, ხოლო აპრილის ბოლოდან ქართული ჯარები ართვინის და ხულოს მხარესაც გააქტიურდნენ. 2 მაისს ქართულმა დანაყოფებმა ართვინი დაიკავეს, მაგრამ ხულოს მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა; ბათუმის ოლქში სადაც, მოხალისეთა არმიის ძლიერი გავლენა იყო ასევე, ძლიერი იყო ბოლშევიკური იატაკქვეშეთი და პროოსმალური, შემდეგ პროთურქული ორგანიზაცია „სედაი მილეთი“. არც ერთი ამ მიმართულების ინტერესში არ შედიოდა საქართველოს მიერ ბათუმის ოლქზე კონტროლის დამყარება, რასაც საბჭოთა რუსეთის და ქემალისტური თურქეთის საიდუმლო მოლაპარაკებებიც დაემთხვა და ბოლშევიკური იატაკქვეშეთის გავლენის ქვეშ გადასულმა „სედაი მილეთის“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა ქართულ არმიას ქობულეთის და ხულოს გზებზე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. ბოლშევიკმა ტერორისტებმა სურგულაძემ და ჯიბლაძემ ბათუმის ბოლშევიკური კომიტეტის მებრძოლი ჯგუფების ხელმძღვანელის სერგო გუბელის (მეძმარიაშვილი) დავალებით 23 აპრილს მდინარე კინტრიშის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს და მიიმალნენ. 1920 წლის 5 მაისს წითელი არმიის დანაყოფებმა მდინარე ფსოუსთან საქართველოს სანაპირო ჯარების პირისპირ პოზიციები საბოლოოდ დაიკავეს და მათი სამხედრო დაზვერვის აგენტები აფხაზეთის მხარეს გააქტიურდნენ. იმ დროს როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის მხრიდან ყოველმხრივი ზეწოლის ქვეშ იყო მოქცეული, ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიის სადაზვერვო ქსელიდან ჰქონდა ინფორმაციები ოსური ბოლშევიკური ჯგუფების შემოჭრის შესახებ, როგორც ქართული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე იგონებს, საქართველოს თითქმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოუწია ისედაც მწირი რესურსებით თავდაცვის მოწყობა:
„სადახლოსთან არმიელთა ნაწილებისგან საჯარისო ჯგუფი შევქმენი. საქმეში სამხედრო სკოლაც ჩავრთე. ამ ჯგუფის უფროსად პოლკოვნიკი ჩხეიძე დავნიშნე, გენერალი ჯიჯიხია - წითელი ხიდის აღმოსავლეთით, გენერალი იოსებ გედევანიშვილი - სალ-ოღლისთან ფოილოს ხიდის მიმართულებით, გენერალი სუმბათაშვილი ლაგოდეხთან. ამ ძალების გარდა, გვარდიელთა ორი ბატალიონი ცხინვალის რაიონში და მისგან ჩრდილოეთით განვალაგე, იმ მიზნით რომ ჯერ ერთი, ოსური მოსახლეობა მორჩილებაში მყოლოდა და მეორეც თუ მტერი როკის უღელტეხილიდან გადმოსვლას დააპირებდა, ჩვენი ნაწილები ადგილზე დახვედროდნენ. ერთი არმიელთა ბატალიონი, ადგილობრივი მოსახლეობის შემადგენლობით, ყაზბეგში იდგა და ვლადიკავკაზიდან მომავალ ზას იცავდა. გვარდიელთა ერთი ბატალიონი ონში იმყოფებოდა მამისონის უღელტეხილის დასაცავად. გაგრის მიმართულებას გენერალ მაჭავარიანის რაზმი იცავდა. გენერალ წულუკიძის ნაწილები კი აჭარაში - ხულოსა და არდანუჩში იყვნენ შეყვანილი, დანარჩენს კი ახალციხის მაზრაში, აჭარის საზღვართან მოეყარა თავი.“[3]
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების მიუხედავად სადაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არ მოჰყოლია. როცა სადახლოსა და წითელი ხიდის მიმართულებით წითელი არმიის ნაწილების ძლიერი შეტევები კვლავ გრძელდებოდა, ამ დროისათვის, 8 მაისს ჯავაში „სამხრეთ ოსეთის პარტიზანული ბრიგადის“ რაზმები შემოიჭრნენ, იქ განლაგებული გვარდიის ბატალიონი, ადმინისტრაცია და ერთი ქართველი მღვდელი დაატყვევეს. „პარტიზანულ პოლკს“ მათე სანაკოევი მეთაურობდა ხოლო ბატალიონებს - არსენ ძუცოვი და არქიფო ჯიოევი, რომლებიც წინა აჯანყებების მონაწილე ბოლშევიკები იყვნენ. აჯანყების პოლიტიკურ ხაზს აქტიური ბოლშევიკები - ვლადიმერ სანაკოევი და ალექსანდრე ჯატიევი ხელმძღვანელობდნენ. სანაკოევი „სამხრეთ ოსეთის“ საოლქო კომიტეტის თავმჯდომარედ იყო არჩეული, ხოლო ჯატიევი - კომიტეტის წევრად.
ოსი ბოლშევიკების რაზმებმა ადგილობრივი მოსახლეობა აიყოლიეს და მთელი ჯავის რაიონი დაიკავეს. 1920 წლის 21 მაისს აღმოსავლეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა საქართველოსთვის მშვიდობაზე ფიქრი ნაადრევი გამოდგა.
1920 წლის ივნისში კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტმა რუსეთ- საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად ციხიდან განთავისუფლებული ახალგაზრდა ბოლშევიკი გაიოზ დევდარიანი ცხინვალისა და ჯავის რაიონში მიავლინა აჯანყების სახელმძღვანელოდ. დევდარიანი მაშინვე აირჩიეს „სამხრეთ ოსეთის რევკომის“ წევრად. მისი ჩასვლა აჯანყების კერაში ახალი ნიშანი გამოდგა სიტუაციის გამწვავებისთვის. მალე ჯავის ხეობიდან დაძრულმა ოსურმა რაზმებმა 7 ივნისს ცხინვალი აიღეს და მეორე დღეს 8 ივნისს საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. როგორც წინა წლებში, ახლაც საფრთხე - ამიერკავკასიის რკინიგზას და საგზაო მაგისტრალს დაემუქრა, რასაც, მოგვიანებით მათე სანაკოევიც დაუფარავად იხსენებდა:
„იმ ღამისთვის მე შევადგინე ასეთი გეგმა; შეტევით უნდა დაგვეკავებინა ქალაქი გორი და ამიერკავკასიის რკინიგზა. გორიდან სურამის გვირაბამდე, გაგვენადგურებინა სარკინიგზო ხიდები და ბორნები მდინარე მტკვარზე, გაგვემაგრებინა გასასვლელები და ზურგში დაგვერტყა დარიალის ხეობაში და ონის რაიონში განლაგებული მოწინააღმდეგისათვის. მაგრამ ჩემი შეტევის გეგმას არ დაეთანხმნენ ჯატიევი და გადიევი...“[4]
ქართული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე იძულებული შეიქმნა ჯარები გადაეჯგუფებინა და ცხინვალის მიმართულებით აღმოსავლეთის ფრონტიდან სახალხო გვარდიის ბატალიონები გადაესროლა. ამის საშუალება მას მაისის ბოლოს განჯაში და 9 ივნისს ზაქათალის ოლქში ანტისაბჭოთა აჯანყებების დაწყებამ მისცა: ზაქათალის ოლქში აზერბაიჯანელი ბეგების - გალაჯიევის, კარდაშევის და აბასოვის გამოსვლები ქართველი სამხედრო დაზვერვის აგენტების მხარდაჭერით დაიწყო, ხოლო განჯის აჯანყებას დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ნოე რამიშვილი უწევდა მხარდაჭერას. წითელი არმიის სარდლობა იძულებული გახდა მნიშვნელოვანი შენაერთები აჯანყებული აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გადაესროლა.
საიდუმლო ბრძოლა გრძელდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ზურგშიც: 6 ივნისს სადგურ ნატანებში ქართულმა კონტრდაზვერვამ თვალთვალის შემდეგ დააკავა ბოლშევიკი ქალი სოფია პრესმანი, რომელსაც თბილისში გამომავალი გაზეთი „კომუნისტის“ რედაქციიდან, ბათუმის კომიტეტის სახელით დაბეჭდილი საქართველოს ხელისუფლების და ბრიტანელების საწინააღმდეგო დიდძალი პროკლამაციები მიჰქონდა ბათუმში. პრესმანმა დაკითხვაზე აღიარა რომ პროკლამაციები თბილისში „კომუნისტის“ სტამბაში იყო დაბეჭდილი. გაზეთ „კომუნისტში“ კი 1920 წლის 13 ივნისს უკვე ღიად დაიბეჭდა დიდი სტატია - „ყველას გასაგონად - სამხრეთ ოსეთის აჯანყების გამო“ სადაც რედაქცია წერდა რომ:
„საქართველოს კომუნისტური პარტიის დამოკიდებულება ამ აჯანყებასთან, რომელსაც მიზნათ აქვს დასახული ეროვნული თვითგამორკვევა; კომუნისტების პროგრამა ყველას გასაგონათ ამბობს, რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა სრულ გამოყოფამდე და ცალკე სახელმწიფოს დაარსებამდე. მაშასადამე ამ უფლებას ვერ წავართმევთ ჩვენ ვერც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ..“[5]
წერილზე და აჯანყებაზე პასუხს და ხელისუფლების რეაქციას არ დაუგვიანია. 14 ივნისს, ორშაბათს დილით, შსს განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებმა, შსს მინისტრის ბრძანებით კომუნისტის რედაქცია და სტამბა დახურეს,[6] ხოლო თანამშრომლები დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. 15 ივნისს გაზეთი „ერთობა“ საპასუხოდ წერდა:
„ერთა თვითგამორკვევის - ამ დიადი იდეის სახელით ამართლებენ ბოლშევიკები ოსების მუხანათურ თავდასხმას, ოსები თავს დაგვესხნენ მაშინ, როცა ჩვენ ფრონტი გვქონდა ადერბაიჯანის საზღვარზე და ბათომის ოლქში. ამას ეძახიან ჩვეულებრივ ენაზე - მოღალატეობას, დემოკრატიისთვის ზურგში მახვილის ჩაცემას, რაც ჯავის ოსებს მათი ბალშევიკური ყაჩაღების ლიდერობით სისტემათ გადაექცათ და თუ ჩვენ ამის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, ესე იგი თავდამსხმელი მოვიგერიეთ, ეს არის თურმე „თვითგამორკვევის უფლების შელახვა.“ მერე მართალია ბალშევიკების იდეური წუწუნი? „კომუნისტების“ პროგრამა ყველას გასაგონათ ამბობს, რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა, სრულ გამოყოფამდე და ცალკე სახელმწიფოს დაარსებამდე, კეთილი! მაგრამ ერთი ვიკითხოთ, მართლა ახორციელებს ამას კომუნისტების ლაშქარი და კომისრები? ავიღოთ ჩრდილო-კავკასია, სადაც იმყოფება ასეთი მთავარი ტერიტორია, ბალშევიკები ჯავის ხეობის გადმოსახლებულ ოსებს ურიგებენ სახელმწიფოებრივ უფლებებს - რატომ ჩრდილო ოსეთის, ესიგი ოსეთის ნამდვილ ტერიტორიაზე არ ახორციელებენ ამ თავის პროგრამას? იქ ხომ საქართველო აღარ ყავთ ხელის შემშლელი? ან ჩეჩნები, დაღესტნელები რატომ ვერ ღებულობენ დამოუკიდებლობას, ან კიდევ კაზაკები და სხვა? რათ დაუყენეს მათ სათავეში ზევიდან დანიშნული კომისრები და წითელარმიელთა სისხლიანი ხიშტებით ახშობენ მათ თავისუფლებას ?“[7]
1920 წლის 10 ივნისს, გორში ქართველი სამხედრო მეთაურები შეიკრიბნენ. ბრძოლის ველზე ჩავიდა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძეც. მან გადაწყვიტა თვითონ ეხელმძღვანელა სამხედრო ოპერაციისთვის. ცხინვალის მისადგომებთან სახალხო გვარდიის რვა ბატალიონმა მოიყარა თავი. ამას დაემატა ცხენოსანთა დანაყოფი და ორი სამთო საარტილერიო ბატარეა ჯიბო ყანჩელის მეთაურობით. მთავარსარდალმა კვინიტაძემ გადაწყვიტა იერიში, ფართო ფრონტით - ცხინვალზე ორივე ფლანგის შემოვლით დაეწყო. მან ბატალიონები კოლონებად გაანაწილა და მარჯვენა კოლონას მეთაურად ვალიკო ჯუღელი და ალექსანდრე დგებუაძე, შუა მარჯვენას გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი, მარცხენა კოლონას პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი და შუა მარცხენა კოლონას, რომელიც მეკავშირედ გამოიყენებოდა თვითონ გაუძღვა. 11 ივნისს საველე შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ ცხინვალზე შეტევა დილას მთელ ფრონტზე დაწყებულიყო.[8]
12 ივნისს დაწყებული შეტევა წარმატებით განვითარდა და საარტილერიო მომზადების შემდეგ გვარდიის ნაწილებმა თითქმის უბრძოლველად და უდანაკარგოდ დაიკავეს ცხინვალი და მისი შემოგარენი. მოწინააღმდეგემ ბრძოლა არ მიიღო, ჯავის ხეობისკენ დაიხია უკან და სიმაღლეების გამაგრება დაიწყო, თუმცა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა იქაც ვერ შეძლო. 13 ივნისს გვარდიის ნაწილებმა ჯავის მისადგომები აიღეს. სახალხო გვარდიის მიახლოვებამ ჯავის რაიონის ოს მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ამას დაემატა ბოლშევიკი სამხედრო მეთაურების აგიტაცია, რომ გვარდია შურს იძიებდა მათზე და ამიტომ მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა ხეობა. მათ გაყვანას ალექსანდრე ჯატიევი ხელმძღვანელობდა. 15 ივნისს ონის უღელტეხილის მხრიდან დაძრული რაჭის სახალხო გვარდიის მხარდაჭერით, რომელსაც პოლკოვნიკი ბიქტორ ინწკირველი მეთაურობდა, ორი მხრიდან ჯავის მიმართულებით დაიწყო შეტევა და იმ დღესვე დასახლება დაიკავეს.
1920 წლის 20 ივნისს ვლადიკავკაზიდან თბილისში ჩამოვიდა რსფსრ-ს სრუფლებიანი წარმომადგენელი სერგეი კიროვი, მას სადგურზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ქარცივაძე და თბილისის კომენდანტი გენერალი მიქაშავიძე დახვდნენ და მისიისთვის გადაცემულ შენობამდე მიაცილეს. კიროვს იქ, აკრძალვის მიუხედავად, ქართველი ბოლშევიკები მცირე მიტინგით შეხვდნენ - „რუსეთის გამარჯვებული პროლეტარიატის წარმომადგენელისთვის სალამის მისაძღვნელად“. საღამოს, მიტინგის დასრულებიდან მალევე, განსაკუთრებულმა რაზმა აქციის მონაწილე ბოლშევიკები დაარბია და რამდენიმე მათგანი დააპატიმრა.[9]
- 20 ივნისს სამხედრო საველე სასამართლოს გადაწყეტილებით ჯავაში დახვრიტეს ბრძოლის დროს დატყვევებული აჯანყების 13 აქტიური მონაწილე ოსი ბოლშევიკი მებრძოლი - ა.გ ჯიოევი, დ.ნ ვალიევი, ნ.ა ვალიევი, კ.ზ ცხოვრებოვი, ნ.დ კოტოლოვი, პ.დ ხოდოვი, ს.ლ გობოზოვი, ი.რ თედეევი, ტ.დ ცხოვრებოვი, ბ.გ ჯერანოვი, ს.ნ გიგოლაევი, რ.დ გიგოლაევი და გ.ა კუმარიტოვი.[10]
- 25 ივნისს სახალხო გვარდიამ სოფელი როკი და გადასასვლელი უღელტეხილები ბრძოლით დაიკავა და საზღვარი აღადგინა, 26 ივნისს კი ოპერაცია დამთავრებულად გამოცხადდა. გვარდიის ბატალიონების ნაწილი დემობილიზაციაში გაუშვეს, ნაწილი ბათუმის მიმართულებით გადაისროლეს, ხოლო თბილისის და სამაგრელოს გვარდიის ბატალიონები ჯავაში დარჩნენ გენერალი კონიაშვილის და ზაქარია გურულის მეთაურობით.
- 25 ივნისს საქართველოს დეპეშათა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ სოხუმში და გაგრაში აღმოჩენილი იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულება, შეთქმულებაში მონაწილეობას იღებდნენ კომუნისტები; კუხალეიშვილი, ვიგრიანოვი, სვანიძე და სხვები. გამოძიებამ მათ იარაღი, ყუმბარები, ასაფეთქებელი მასალები და სამხედრო რუკები უნახათ.
- 1920 წლის ივლისში ბრიტანელები ბათუმის ოლქიდან გავიდნენ და მათივე პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დატოვეს ამიერკავკასია. ბრიტანელებმა ბათუმი საქართველოს გადმოსცეს და ქალაქში ქართული ჯარი და სახალხო გვარდია შევიდა.
1920 წლის ივნისში ცხინვალისა და ჯავის რაიონში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე ყოველთვის იყო კითხვის ნიშნები გადაამეტა თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახალხო გვარდიის ნაწილებმა ძალას და იყო თუ არა ანგარიშსწორება მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ როგში აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში; კახეთში, რაჭაში, ბორჯომის ხეობაში და სხვადასხვა ადგილებზე მცხოვრები ეთნიკური ოსების წინააღმდეგ არცერთ ეტაპზე არ ყოფილა თუნდაც ერთი ფაქტი ეთნიკური შევიწროვების და ოსი ბოლშევიკების გამო შურისძიების. შეუძლებელია დაზუსტებით გარკვევა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა საუკუნის წინ, საბრძოლო მოქმედებების დროს, თუმცა - „გენოციდის“ და მიზანმიმართული განადგურების ფაქტები ვერც საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ 1924 წელს შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა.[11] მნიშვნელოვანია რომ ქართული შეიარაღებული ძალებისადმი ბრალდებები ძირითადად გამოიხატება გვარდიელების თვითნებობაში და აჯანყების მონაწილეთა სახლების გადაწვაში, რასაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი ძირითადად ჯავის რაიონში. აჯანყების მკაცრად ჩახშობა საქართველოს წინაშე არსებული სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეებით იყო გამოწვეული, რასაც ვალიკო ჯუღელიც აღიარებს თავის მოგონებებში „მძიმე ჯვარი“ და აღნიშნავს, რომ ამას მის დაქვემდებარებაში მყოფი გურიის სახალხო გვარდიის ბატალიონი აკეთებდა.[12] მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თავდაცვის საბჭომ წინასწარ უარყო დასჯის მსგავსი ფორმა, ჯუღელის მოგონებით - გურულმა გვარდიელებმა „შური იძიეს“ 1905 წლის პოლკოვნიკი კრილოვის ექსპედიციის გამო, რომელმაც ოზურგეთი გადაწვა და ჯუღელისვე თქმით კრილოვის ექსპედიციაში განსაკუთრებით ოსი ჩაფრები და „სტრაჟნიკები“ აქტიურობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გენერალი კვინიტაძის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია აბსულუტურად სიმეტრიულად ჩატარდა და მის მიზანს არ წარმოადგენდა აჯანყებული მასის ალყაში მოქცევა და განადგურება. შეტევა ძირითადად ცხინვალი-ჯავის მიმართულებით განვითარდა და მთავარსარდალს არ გაუძლიერებია ონის უღელტეხილზე მდგარი პოლკოვნიკი ინწკირველის დაქვემდებარებაში მყოფი, არტილერიით ზურგგამაგრებული რაჭის სახალხო გვარდია, რაც მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ლეჩხუმის გვარდიის მობილიზებით და ინწკირველის მიერ ჯავაზე შეტევა და მოწინააღმდეგის ზურგში გასვლა შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა, პოლკოვნიკმა ინწკირველმა შეტევაზე გადასვლის ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო რაც 15 ივნისს ძირითადი მიმართულების ნაწილები ჯავას მიუახლოვდნენ, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობებიც ადასტურებს და ორმხრივი დარტყმის საშიშროების წინაშე მგდარმა მოწინაარმდეგემ მაშინვე როკისკენ დაიხია უკან. სამხედრო ოპერაციის მონაწილე ქართველი სამხედრო მეთაურების მოგონებები ადასტურებს რომ ოსი ბოლშევიკების რაზმებისგან ძლიერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა ბრძოლის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა, რის გამოც მსხვერპლი ორივე მხრიდან მინიმალური იყო. 8 მაისს ჯავაზე თავდასხმისას დატყვევებული ქართველი გვარდიელები საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკების საფუძველზე გაანთავისუფლეს 1920 წლის ივლისში.
1918-1920 წლების გორის მაზრაში მოწყობილი აჯანყებების მონაწილე ოსი და ქართველი ბოლშევიკების შემდგომი ბედი ისე წარიმართა, როგორც უმრავი მათი თანამებრძოლისა. ამ ადამიანების ბედს 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ ისტორიაში ნამდვილად შეიძლება ეწოდოს „პოლიტიკური გენოციდი“, რაც იოსებ სტალინმა და მისმა ერთგულმა ხელქვეითებმა მოაწყვეს. არქივებში და ტერორის მსხვერპლთა ელექტრონულ ბაზებში ძნელია იპოვო ისეთი ძველი ბოლშევიკი, ვინც საკუთარი მხრებით შექმნა „საბჭოთა ხელისუფლება“ და შემდგომ მასობრივ რეპრესიებს გადაურჩა. მათ შორის არიან ის ოსი ბოლშევიკებიც, რომლებიც გამუდმებით ებრძოდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და ამ „დამსახურების“ მიუხედავად, მაინც შეუბრალებლად გაატარეს დიდი ტერორის კონვეიერში...
- ივანე ჯეჯელავამ 1936 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
- გაიოზ დევდარიანი საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ მნიშვნელოვან პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა 1930-1931 წლებში ის საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი იყო. იგი 1937 წელს დააპატიმრეს; ბრალად „კონტრრევოლუციური, ძირგამომთხრელი საქმიანობა და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოზადება“ დასდეს. 1937 წლის 11 ოქტომბერს მას საქართველოს სსრ შინსახკომის სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯა, დახვრიტეს 1937 წლის 11 დეკემბერს.
- რაზდენ კოზაევი 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს „ტროცკისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით. 1937 წელს შინსახკომის სამეულის განაჩენით დახვრიტეს მისი შვილი ვლადიმარ კოზაევიც, რომელსაც ბრალი დასდეს, რომ იგი „გადაიბირა საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარმა ამბერკი კეკელიამ და მავნებლურ საქმიანობას ეწეოდა სოფლის მეურნეობის დარგში“.
- არსენ ძუცოვი 1937 წელს გაასამართლა და დახვრიტა შინსახკომის სამეულმა. მას ბრალად „1931 წლიდან ერთერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა“ დასდეს.
- არქიფო ჯიოევი დაპატიმრებამდე მუშაობდა სამხრეთ ოსეთის შინსახკომის სამმართველოს ზნაურის რაიგანყოფილების უფროსად. იგი 1937 წელს გაასამართლა შინსახკომის სამეულმა და „კონტრრევოლუციური, ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით დახვრიტეს იმავე წელს.
- ალექსანდრე ჯატიევი 1939 წლის ბოლოს დააპატიმრა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შინსახკომმა და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, იგი 1942 წელს გარდაიცვალა სვერდლოვსკის ოლქის შრომა-გასწორების ბანაკში.
- 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს - მათე სანაკოევი.
- შინსახკომის სამეულმა 1937 წელს დააპატიმრა ვლადიმერ სანაკოევიც.
იგი დაპატიმრებისას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მხარეთმცოდნეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო. ბრალად ედებოდა „კონტრრევოლუციური მავნებლური საქმიანობა ლიტერატურულ სამეცნიერო ფრონტზე“. მას ასევე ბრალად დასდეს, რომ 1922-1937 წლებში „ორგანიზებას უწევდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საქართველოს სსრ-დან გამოყოფის მოძრაობას“. ვლადიმერ სანაკოევი იმავე წელს დახვრიტეს შინსახკომის სამეულის გადაწყვეტილებით.
პუბლიკაციის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ - https://www.infoarmy.ge/ge/news/151/samkhret-osuri-vandea-natsili-
დოკუმენტის PDF ვერსია ჩამოტვირთეთ აქედან - https://docdro.id/7quxkyR
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადებულია სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრისაქართველოს მხარდაჭერით,
პროექტის - „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ ფარგლებში.
ავტორი: დავით ხვადაგიანი. იხილეთ ავტორის ბიოგრაფია აქ.
[1] ლეო რუხაძის დღიურის ფრაგმენტი, საზოგადოებრივი არქივი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ნიკოლოზ უგრელიძის კოლექცია.
[2] რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში (ბიოგრაფიების კრებული), „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1961 წელი, გვ. 338-339.
[3]გიორგი კვინიტაძე, ჩემი მოგონებები 1917-1921, ნაწილი 1, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცემა, თბილისი, 2018 წელი, გვ. 167-168.
[5] ყველას გასაგონად - სამხრეთ ოსეთის აჯანყების გამო, კომუნისტი #10, 13.06.1920 წელი.
[6] გაზ. „კომუნისტი“-ს დახურვის გარშემო, საქართველოს რესპუბლიკა #132, 16.06.1920 წელი.
[7] კიდევ ოსეთზე, ერთობა #132, 15.06.1920 წელი.
[8] [8]გიორგი კვინიტაძე, ჩემი მოგონებები 1917-1921, ნაწილი 1, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცემა, თბილისი, 2018 წელი, გვ. 175.
[9] საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლის ჩამოსვლა, საქართველოს რესპუბლიკა #137, 22.06.1920 წელი.
რუსეთის საბჭოთა წარმომადგენელის ჩამოსვლა თბილისში, საქართველოს კომუნისტი #4, 22.06.1920 წელი.
[10] რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში (ბიოგრაფიების კრებული), „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1961 წელი, გვ. 677.
[11] ვადაჭკორია შოთა, ოსური მითი და ქართული სინამდვილე(პასუხად ოს ისტორიკოსებს), შპს. საგამომცემლო სახლი „ქართული ელიტა“, თბილისი 2012 წელი. გვ. 30-31.
[12] Джугели В. Тяжелый крест, Книгоиздательство Ал. Арабидзе и К0, Тифлис, 1920 г. გვ. 231.