"სამხრეთ ოსეთი" - წითელი ვანდეა
პირველი ნაწილი
„კავკავის კომუნისტების გაზეთი „სალდატ რევოლუციის“ 4 ივნისის ნომერი სხვათაშორის შემდეგსა სწერს; „აჯანყება, რომლის შესახებაც ჩვენ თავის დროზე ვწერდით, ფართოვდება და ფეხს იკიდებს. სამხრეთ ოსეთის პროლეტარიატი ემზადება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადოს ქართველ ჯალათებს - ჟორდანიას მთავრობას.
როდესაც განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტალღები შეიჭრენ ჩრდილოეთიდან სამხრეთ ოსეთში, მშრომელმა მთის ოსებმა გამოაცხადეს თავიანთ ქვეყანაში საბჭოთა მთავრობა. მიმართავენ რა რუსეთის საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელებს, სამხრეთ ოსეთის ყრილობის წარმომადგენლები, პროტესტს აცხადებენ, რომ ისინი ძალით შეუერთეს ბიუროკრატიულ რუსეთის ნაბუშარ სოციალ-გამყიდველების საქართველოს რესპუბლიკას. მთას ესმის ეს ხმა, ესმით გამხეცებულ მენშევიკების კბილების კრაჭუნი და წინასწარვე გრძნობენ, რომ დაკოჟებული ხელები რუსეთის პროლეტარიატის მიეშველება მათ.“
ასე „იცავენ“ და „ასრულებენ“ მოსკოვში საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებას ჩრდილო კავკასიის კომუნისტები!..
ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი?..“ [1]
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთის - „ერთობის“ რედაქციის ეს შეკითხვა - რიტორიკული იყო:
როდესაც ამ სტრიქონებს სტამბაში აწყობდნენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს - რეგულარულ ჯარს და სახალხო გვარდიას, რამდენიმე ფრონტზე უწევდა საბჭოთა რუსეთის პირდაპირი შეტევის მოგერიება, ხოლო სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურები და შსს განსაკუთრებული რაზმი აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთში, სადაც უკვე 5 მაისს მდინარე ფსოუსთან საბჭოთა წითელი არმიის ნაწილები გამაგრდნენ საზღვარზე და მოსალოდნელი ბოლშევიკური აჯანყების წარმატებისთვის ძლიერ „ზურგს“ ქმნიდნენ. თბილისში კი საქართველოს კომპარტიის ახლადგახსნილი გაზეთის - „კომუნისტის“ გარშემო შეკრებილი საქართველოს ბოლშევიკები აქტიურ იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევდნენ ამ მხარეებში თანამებრძოლთა შეიარაღებულ გამოსვლებს. საბჭოთა, ამ პირობებში რუსული სამხედრო გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი მოწოდება, სხვა არაფერი იყო თუ არა - ორ ქვეყანას შორის ახლადდადებული სამშვიდობო ხელშეკრულების უხეში დარღვევა, როდესაც საბჭოთა რუსეთი, ოსი ბოლშევიკების შეიარაღებულ რაზმებს, მის მიერვე საქართველოს აღიარებულ ტერიტორიაზე საომრად გზავნიდა და ღია მხარდაჭერასაც უცხადებდა.
1920 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, როგორ წარმატებების, ისე - საფრთხეების თვალსაზრისით. წლის დასაწყისში ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა საქართველო დე ფაქტო აღიარეს, თუმცა მალევე ბრიტანელების ბათუმის ოლქიდან გასვლის გადაყვეტილებით და ჩრდილოეთ კავკასიაში წარმატებებით გათამამებულმა საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ, ამიერკავკასიაში პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო და 30 აპრილს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქოს დაკავების შემდეგ, ოკუპირებული აზერბაიჯანის „საბჭოთა მთავრობას“ ამოფარებულმა „სრული სვლით თბილისისკენ“ გააგრძელა შეტევა.
საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ამ ომში, აღმოსავლეთის ფრონტი ერთადერთი მიმართულება არ ყოფილა: სადახლოსა და წითელი ხიდის მხრიდან წითელი არმიის შეტევის პარალელურად 8 მაისს როკის უღელტეხილიდან წინასწარ მომზადებული ოსი ბოლშევიკების რაზმები გადმოვიდნენ და ჯავაში მყოფი ქართული სახალხო გვარდიის ბატალიონი და ადმინისტრაცია დაატყვევეს, რასაც ცოტა ხანში ცხინვალის დაკავება და იქ საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება მოჰყვა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საპასუხოდ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ზოგიერთი ქართველი საბჭოთა ისტორიკოსის და 1990-იანი წლებიდან ოსი ისტორიკოსების მხრიდანაც მუდმივი სპეკულაციის თემად იქცა და საქართველოს მიერ „ოსი ხალხის გენოციდად“ იქნა გამოცხადებული, რისი მტკიცებაც, დღემდე ძირითად - ლეგენდებს, საბჭოთა პროპაგანდისტულ ლიტერატურას და ხშირ შემთხვევაში არარსებულ წყაროებს ეყრდნობა. გასაკვირი არაა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, რუსი ჯარისკაცებისთვის დარიგებული სპეციალური ცნობარები შინაარსით დიდად არ განსხვავდებოდა ზემოთ მოყვანილი საგაზეთო ციტატისგან და ქართული არტილერიის მიერ „მძინარე ცხინვალში დახოცილი 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეც“ რუსული მედიის ძირთად პროპაგანდისტულ იარაღად იქცა ომის დღეებში, მაგრამ ეს საფუძველს მოკლებული ბრალდება მალევე დავიწყებას მიეცა. 1920 წლის ივნისი კი უკვე იმდენად შორს არის, როგორც ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან, ისევე საერთაშორისო პოლიტიკის აქტორების აღქმიდან, რომ დღეს მისით მანიპულირება საკმაოდ იოლ ამოცანას წარმოადგენს.
თუმცა, ქართული საარქივო ფონდების და საბიბლიოთეკო რესურსების გათვალისწინებით ძნელი არ არის, ცხინვალის რეგიონში 1920 წლის პროცესების და ასევე მისი განმაპირობებელი წინა წლების მოვლენების აღდგენა და ობიექტური სურათის გამოკვეთა.
1918 წლის მძიმე გაზაფხული; „მახვილი ზურგში“ - ბოლშევიკური აჯანყებები კავკასიაში.
„უდიდესი და უსაშინლესი საფრთხე წარმოდგა ჩვენს წინ. შეიძლება როცა ამ წერილს ვწერ, ოსმალეთთან მოლაპარაკება უკვე შეწყვეტილი იყოს და ოსმალეთის ლაშქარი დაუნდობლად მოისწრაფოდეს ჩვენი ქვეყნისკენ ცეცხლითა და მახვილით მის გასანადგურებლად.“[2]
1918 წლის 28 მარტს რუბრიკაში „თავდაცვა“ „ერთობის“ უცნობი კორესპონდენტი ასე ცდილობდა მოქალაქეთა მობილიზაციისათვის მიეცა მუხტი, რომ მათ ყველაფერი ეღონათ ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარის დასახმარებლად და მობილიზაციისთვის თავი არ აერიდებინათ, მაშინ - როდესაც ბათუმის ოლქის და ჯავახეთის ბედი ბეწვზე ეკიდა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად, საბჭოთა რუსეთმა ბათუმის ოლქი, ყარსისა და არტაანის მიწები ოსმალეთის საკუთრებად აღიარა, მაგრამ ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ და 10 თებერვალს მოწვეულმა ამიერკავკასიის სეიმმა ეს პირობები არ მიიღო, რის შემდეგაც ოსმალეთი იარაღის ძალით შეუდგა მიკუთვნებული ტერიტორიების დაკავებას.
ოსმალეთის შემოტევას, რითაც მას წინა წლებში კავკასიის ფრონტზე განცდილი მარცხის გამო რევანშის საშუალება მიეცა, ასევე სათავისოდ მობილიზებული შეხვდა საბჭოთა რუსეთის სატელიტი ბოლშევიკური ძალები კავკასიაში, რომელთაც ლენინური კურსის მცირე მოდელის დანერგვა სცადეს კავკასიის დონეზე - მსოფლიო „იმპერიალისტური ომი“ სამოქალაქო ომსა და ბოლშევიკურ რევოლუციაში გადაეყვანათ.
1917 წელის ბოლოდან ბოლშევიკებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამიერკავკასიის ფრონტის მოშლაში და გაბოლშევიკებული ჯარისკაცების მასის მხარდაჭერით პირველად სცადეს თბილისში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება, თუმცა ამიერკავკასიის კომისარიატმა და ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასკომმა ქალაქის და სარკინიგზო მაგისტრალის დაცვა შეძლეს - ტფილისის წითელმა გვარდიამ არსენალის ხელში ჩაგდებით და მისი გარნიზონის განიარაღებით კი ზურგშიც საფუძველი გამოაცალა გადატრიალების გეგმებს. 1918 წლის გაზაფხულზე, ოსმალეთთან ღია ფრონტის პირობებში და ამიერკავკასიის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, საქართველოში ბოლშევიკებმა აჯანყებების სერია წამოიწყეს. აჯანყებები ჩრდილოეთ კავკასიის „თერგის საბჭოთა რესპუბლიკის“ მთავარი ქალაქიდან - კავკავიდან (ვლადიკავკაზი) იმართებოდა - ბოლშევიკური ამბოხებები აალდნენ - კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დასავლეთ საქართველოში კი იმერეთის მთიან ნაწილში, ხოლო განსაკუთრებით აქტიურად ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორის რაზმები მოქმედებდნენ სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის მაზრებში, რასაც ლეჩხუმში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება და ამიერკავკასიის ხელისუფლების მიერ მასზე ფაქტობრივი კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. 1918 წლის 26 მარტს ბოლშევიკებმა სოხუმში ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში და მთელ ოლქში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს.
მოვლენები განსაკუთრებით დრამატულად განვითარდა გორის მაზრაში - ოსებით დასახლებულ ჯავის და ცხინვალის რაიონებში. აქ გაჩაღებულ შეიარაღებულ გამოსვლებს - აგრარულ ანარქიად აფასებდნენ თანამედროვეები და მიუთითებდნენ, რომ მასში ოსი გლეხობის დიდი მასის ჩართვაც - მათი ისტორიული, მძიმე სოციალური მოცემულობით იყო განპირობებული. ხიზანი და უმიწო ოსი გლეხობა ვერ ითმენდა (ისევე როგორც სხვა მხარეებში გლეხობის უმრავლესობა) რევოლუციის შემდეგ მიწის ახალი რეფორმის შემუშავებამდე და მათ სტიქიურად, თვითნებურად დაიწყეს ყოფილი მემამულეების მიწების, ქონების მისაკუთრება და რიგ შემთხვევებში მათი ფიზიკური განადგურებაც. აჯანყებული გლეხების, ყოფილი ჯარისკაცების და დეზერტირების სისასტიკეზე ბოლშევიკების კარგად გათვლილი აგიტაციაც ახდენდა გავლენას: ისინი გლეხობაში გამალებულ აგიტაციას ეწოდნენ, რომ თითქოს - „მენშევიკები და გვარდია თავადაზნაურობას მიეყიდა და ბატონ-ყმობის აღგდენას აპირებდნენ“.
გორის მაზრაში არსებული ანარქია განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნიდა ამიერკავკასიის ხელისუფლებას, რადგან საფრთხე დაემუქრა რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს და ბათუმის დაცვა შეუძლებელი გახდებოდა თუ გორის მაზრაში მოქმედი დეზერტირების დაჯგუფება, რომელთაც რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილი პორუჩიკი - ისაკ ხარებოვი მეთაურობდა ცხინვალს და გორს აიღებდა. ხარებოვის თითქმის 300 კაციანი დაჯგუფება, ძირითადად ფრონტიდან გამოქცეული ოსი და ქართველი, ბოლშევიკების მომხრე ჯარისკაცებისგან შედგებოდა, რომელებიც თვეების განმავლობაში დათარეშობდნენ გორის მაზრაში და მათ ანგარიშზე არაერთი ყოფილი მემამულის დარბევა, დახოცვა და სახლ-კარის გადაწვა იყო. ამიერკავკასიის ხელისუფლება იძულებული შეიქმნა ბათუმის ფრონტზე გასაგზავნი ჯარების გადაჯგუფება მოეხდინა და წითელი გვარდიის (შემდგომ სახალხო გვარდია) ნაწილებისთვის გორში მოეყარა თავი, თუმცა ხელისუფლება იმედს იტოვებდა რომ სისხლისღვრის გარეშე გადაჭრიდა პრობლემას.
1918 წლის 18 მარტს მთავრობის დავალებით, ტფილისის მუშათა საბჭოს წევრი კირილე ნინიძე და ამიერკავკსიის სეიმის დეპუტატი გიორგი გაგლოევი გორში ჩავიდნენ. კირილე ნინიძე გორში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ცხინვალში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო იგი გაგლოევს თან გაჰყვა. ამ დროისათვის, ცხინვალში - სადაც დიდი მიტინგი უნდა გამართულიყო, უკვე იმყოფებოდა გორის მაზრის კომისარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი - გიორგი მაჩაბელი. ნინიძემ მაჩაბელს ტელეგრაფით ჰკითხა საჭირო იყო თუ არა სამხედრო ძალის დამატება, თუმცა მაჩაბელმა უპასუხა - „სამხედრო ძალა საჭირო არ არის, მართალია გარს გვარტყია შეიარაღებული ჯგუფები, მაგრამ უკვე ვინახულეთ მათი დელეგატები და ყველაფერზე შევთანხმდით...“ [3] კირილე ნინიძე მოგვიანებით იხსენებდა:
„მე გამოცდილებით ვიცოდი გიორგის გულკეთილობა და ამიტომ განმეორებით შევეკითხეთ სამხედრო ძალის შესახებ. კვლავ გვიპასუხა; ძალა საჭირო არ არის, საქმეს ვათავებთ, მხოლოდ თქვენ ჩამოდითო..“
გაგლოევი და ნინიძე გორიდან ცხინვალისკენ ფაეტონით დღის ორის ნახევარზე გავიდნენ. შესასვლელთან მგზავრები ჯარისკაცების ჯგუფს გადაეყარნენ, რომელთაც ისინი გააჩერეს და ვინაობის გარკვევის შემდეგ დახვრეტა დაუპირეს, მაგრამ საქმეში ორი ჯარისკაცი ჩაერია, რომელთაგან ერთი ქართველი მეორე კი ოსი იყო და მგზავრებს დაბაში შესვლის უფლება მისცეს. გაგლოევი და ნინიძე პირდაპირ მიტინგზე გაემართნენ სადაც საბოლოო სიტყვას გიორგი მაჩაბელი ამბობდა:
„1905-ში გადაწყვეტილი მქონდა სიკვდილი და სიცოცხლე შემთხვევამ მაჩუქა, მას შემდეგ ჩემი სიცოცხლე ერთგვარი საჩუქარია, მე სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ მომეცით ნება იქ მოვკვდე სადაც საჭიროა, გამიშვით ისევ აწყურის პოსტზე.[4]რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას იმას ჩვენ სავსებით ვღებულობთ..“
მაჩაბელის შემდეგ გიორგი გაგლოევმა ილაპარაკა, მაგრამ მოულოდნელად ტრიბუნაზე რაიონის კომისარი კულუმბეგოვი აიჭრა და გაცხარებით წარმოთქვა: „კმარა ლამაზი სიტყვები და დაპირებები, საქმე ასრულებააო“ რის შემდეგაც ყველაფერი აირია. საქმის გამოსწორება კირილე ნინიძემ სცადა და ტრიბუნაზე ავიდა, მაგრამ გორაკებიდან შეიარაღებულმა ხალხმა სროლა ატეხა და მიტინგი დაიფანტა. მოგვიანებით პრესაში დაბეჭდილი კირილე ნინიძის მოგონება ცხინვალის საბედისწერო დღეებზე მკაფიოდ და დეტალურად აღწერს სიტუაციას:
„აჯანყებულთა ბრბო ყოველი მხრიდან ესროდა ცხინვალს და ათ საათზე ცეცხლიც კი გააჩინა, ირგვლივ ცეცხლი გაუჩინეს ღობეებს და ვენახებს. ღამის თორმეტ საათამდე გვარდიამ ხელში ჩაიგდო ტყვეთ სამოცამდე კაცი. ღამის თორმეტ საათზე სროლა შესწყდა და კვლავ განახლდა დილის ხუთ საათზე. თორმეტ საათზე გამოირკვა , რომ გვარდიას პატრონები არ ყოფნიდა. ეს გაიგეს თავდამსხმელებმა და ორი საათიდან იერიში გააძლიერეს. დაახლოებით სამ საათზე ცხინვალი აიღეს. გიორგი მაჩაბელი დაიჭრა თავდამსხმელების შემოსვლის წინ, ჭრილობა შეუხვიეს და საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ სალდათებმა გამოიყვანეს და
ხიშტებით მოკლეს. გმირულათ მოკვდა ასევე კოსტა ყაზიევი, რომელიც გაძარცვეს, გაატიტვლეს და ისე დასტოვეს ქუჩაში. სანდრო კეცხოველი მოკლეს ქუჩაში დაახლოვებით 6 საათზე. არავინ იცის სად არიან მილიციის უფროსი არჯევანიძე, ოფიცერი მ. კენჭეხაშვილი და სხები. მაშო კაპანაძე პორ. ეფრემიძე და გიორგი გაგლოევი 20 მარტს დღის 12 საათამდე ცოცხლები იყვნენ. ბრძოლაში დაიჭრა სამი გვარდიელი, რამდენი დაიჭირეს ცოცხლათ და რამდენი დახვრიტეს არავინ იცის. ჩემს იქ ყოფნის დროს დასწვეს სამი სახლი.
გაძარცულთა რიცხვის გამორკვევა შეუძლებელია. ძარცვავდნენ ყველას, ვისაც კი მოასწრებდნენ, მიჰქონდათ საათები, ფულები, მანუფაქტურა, კოვზები, საცვლები, ქალებს ბეჭდებს აძრობდნენ თითებიდან, იყო შემთხვევა რომ წაიღეს აკვანი, მტაცებლობა ხდებოდა აშკარათ; ცალ ხელში ვინტოვკა ეჭირათ სალდათებს, ზურგზე სავსე ტომარა ქონდათ წამოკიდებული ან რაიმე ავეჯი და ისე მიდიოდნენ.
როდესაც ცხინვალი აიღეს აირჩიეს დამცველი შტაბი, საინტერესოა რომ დიქტატორული უფლებებით აღჭურვეს ინჟინერი რუთენ გაგლოევი, რომელიც რწმენით სოციალ-დემოკრატია და პარტიული ამხანაგების ნდობითაც სარგებლობს, მაგრამ როდის გაჩნდა ის ცხინვალში არავინ იცის, ცხინვალი აიღეს მაგრამ მეთაურები შეშინდნენ გორიდან გვარდია მოვა და დაგვსჯისო..“ [5]
კირილე ნინიძე, გიორგი გაგლოევი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის უხუცესი წევრი სანდრო კეცხოველი, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ოსმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს და დახვრეტა დაუპირეს თუმცა ისინი შემთხვევითობამ იხსნა. კირილე ნინიძე იცნო ჯარისკაცმა შავლეგ კოჟაევმა, რომელიც 4 წლით ადრე ადვოკატმა ნინიძემ სამხედრო სასამართლოსგან სიკვდილით დასჯას გადაარჩინა და კოჟაევმა მას მადლობის ნიშნად წასვლის უფლება მისცა და ტყვეები გამოაცილა კიდეც, რის შემდეგაც მათ ორ ჯგუფად გაყოფა მოუწიათ, მაგრამ სანდრო კეცხოველს არ გაუმართლა ის კვლავ დააკავეს ცხინვალის სასამართლოს შენობის ახლოს და წამებით მოკლეს. ცხინვალიდან თავის დაღწევის შემდეგ გზაში ნინიძეს და გაგლოევს გორიდან დაძრული გვარდიის ნაწილები შეხვდათ რომელთაც ანარქიის ჩასახშობათ უკვე გადამწყვეტი მოქმედების ბრძანება მიეღოთ.
23 მარტს ცხინვალიდან ამიერკავკსიის მთავრობას ვალიკო ჯუღელისგან შემდეგი დეპეშა მოუვიდა:
„22 მარტს ჩვენმა წითელმა გვარდიამ ცხინვალი და მისი ახლომახლო ადგილები ხელში ჩაიგდო. მოწინააღმდეგემ ბრძოლა არ მიიღო და ჩვენ მისვლამდე მთებში გაიქცა. მთელი მათი ძალა გროვდება ჯავის ხეობაში. მთელი დღე სამი სოფლის დაპყრობას და გაწმენდას მოვანდომეთ. ჩვენი ჯარები ახალგაზრდა არტილერისტების დახმარებით მედგრათ წინ მიიწევდა. ჩვენ მსუბუქად დაგვიჭრეს ერთი. მოწინააღმდეგის ზარალი არ ვიცით. ჩვენმა არტილერიამ სოფლები დაზოგა და სოფლიდან გამოსულ მოწინააღმდეგეს ყუმბარები დაუშინა. დღეს დილიდან ჩვენი გვარდია მაღალ მთებს შეუდგა ბრძოლით ჩრდილო აღმოსავლეთისკენ. ფედერალისტთა რაზმი და დასახმარებლათ თბილისიდან ჩამოსული წითელი გვარდიელები გავიდნენ მდინარე ლიახვში და დასავლეთიდან ცხინვალს ალყა შემოარტყეს. ცხინვალი სამწუხარო სურათს წარმოადგენს; ყველაფერი განადგურებულია, ქუჩებზე ჩვენი ამხანაგების დანთხეული სისხლია დამხმარი. მცხოვრებნი აღტაცებით შეგვხვდნენ. ჯერჯერობით გავანთავისუფლეთ 150 ტყვე. ჯავის რაიონის ტყვეები ჯერ არ გაგვინთავისუფლებია. დიდის სიფრთხილით ვიქცევით, რომ ჩვენ და მათ შორის პროვოკაციის მიერ შექმნილი უფსკრული კიდევ უფრო არ გავაღრმავოთ. ხვალ მივიღებთ საჭირო გადამჭრელ ზომებს. მომხდარი ამბები მეტად რთული და ტრაღიკულია. ყველა მამაკაცი სოფლებიდან გაიქცა, ზოგიერთი სოფლები სულ დაიცალა. დამნაშავეები სასტიკათ დაისჯებიან.“[6]
1918 წლის 14 აპრილს (ახალი სტილით) ბათუმი დაეცა და აჭარა ოსმალურმა არმიამ დაიკავა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ და სახალხო გვარდიამ ზაფხულის განმავლობაში აჯანყების ყველა კერის განეიტრალება შეძლო და ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი დაიწყო.
ისაკ ხარებოვი ივლისში სასიკვდილოდ დაიჭრა საჩხერის რაიონში სახალხო გვარდიასთან შეტაკების დროს, როდესაც საჩხერეში „ინტერნაციონალისტურ ვალს“ იხდიდა და საჩხერელი ბოლშევიკების დასახმარებლად გადავიდა თავისი რაზმით. იგი თანამებრძოლებმა სოფელ გიორგიწმინდაში წაიყვანეს სადაც მალევე გარდაიცვალა.[7]
კირილე ნინიძე და გიორგი გაგლოევი 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრებად იქნენ არჩეული. 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ ისინი, როგორც მათი თანამებრძოლების უმრავლესობა ემიგრაციაში არ წასულან და 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიების დროს იქნენ განადგურებული.
რუთენ გაგლოევი ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა საიდანაც მალე პოლონეთში მოუწია გაქცევა. 1928 წელს დაბრუნდა ემიგრაციიდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. იგი 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.[8]
1919 წელის ბოლშევიკური ერთიანი აჯანყების მცდელობა საქართველოში
1919 წელი რუსეთის სამოქალაქო ომში სამხრეთ რუსეთის მოხალისეთა არმიის წარმატებით დაიწყო, რამაც ბოლშევიკური საფრთხე შეამცირა, მაგრამ გამეზობლებული რუსი მონარქისტები არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდნენ საქართველოს რესპუბლიკსიათვის. ოსების თავის სასარგებლოდ გამოყენება არც გენერალი დენიკინისთვის იყო უცხო; ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 1919 წლის 11 იანვარს რუსი შავრაზმელების წაქეზებით შეიარაღებულმა ოსურმა ჯგუფებმა თერგის ოლქში მდებარე ქართული დასახლება, სოფელი ალაგირი დაარბიეს, გაძარცვეს, და ვინც დახოცვას და საცხოვრებელ სახლებში ცოცხლად გამოწვას გადაურჩა სოფლიდან გამოაძევეს.[9] ამ სასტიკი დარბევის მიზეზად 1918 წელს საქართველოდან განდევნილი ბოლშევიკი ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორის რაზმისთვის მასპინძლობის გაწევას ასახელებდნენ, რის გამოც ამ ამბავმა ვლადიმერ ლენინის ყურდღებაც კი მიიქცია. გენერალ დენიკინს, მცდელობის მიუხედავად საქართველოში დასაყრდენის არქონის გამო უჭირდა ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა, თუმცა ის პირდაპირი იერიშით რამდენჯერმე შეეცადა საქართველოს საზღვრებში შემოჭრას, სადაც მან 1919 წლის აგვისტოში ოსების განსაკუთრებული პოლკი გამოიყენა მამისონის უღელტეხილზე შეტევისათვის და პოლკოვნიკმა ხაბაევმა ქართულ ძალებს უღელტეხილის დატოვება მოსთხოვა, თუმცა ქართულმა სანაპირო რაზმმა და რაჭა-ლეჩხუმის სახალხო გვარდიამ შეტევების მოგერიება შეძლო. გაზეთი „სახალხო საქმე“ ამ ფაქტთან დაკავშირებით 1919 წლის 30 ივლისს წერდა:
„ოსები საუბედუროდ ამიერ-კავკასიის ერთა შორის პოლიტიკურად ყველაზე ნაკლებად განვითარებული და მომზადებული ხალხია. იგი ბოლშევიკურ რადიკალურ პროგრამას ისეთივე ხალისით ითვისებს, როგორც დენიკინის პროვოკატორულ დაპირებებს.“[10]
1919 წლის შემოდგომიდან, რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების წარმატებას, საქართველოში კვლავ მათი გააქტიურება მოჰყვა, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით არც მათ ჰქონდათ საქართველოში აჯანყების მოწყობის დიდი რესურსი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების გატარებულმა თვითმმართველობის და მიწის რეფორმებმა, ასევე საინფორმაციო მუშაობამ, სოფლის მოსახლეობა რესპუბლიკის ერთგული გახადა და სოციალური აფეთქების მუხტი გააქარწყლა. ამას ემატებოდა სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურების და შსს განსაკუთრებული რაზმის ეფექტური მუშაობა.
რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტმა ტაქტიკა შეცვალა: ამჯერად აჯანყებები არა სტიქიური ხასიათზე, არამედ კარგად შეკრული და ორგანიზებული ჯგუფების მიერ საქართველოს თითქმის ყველა მხარეში და დედაქალაქ თბილისში - სახელმწიფო ადმინისტრაციის, ფოსტა-ტელეგრაფის და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე მოულოდნელ თავდასხმას და კონტროლის დამყარებას ითვალისწინებდა. განსაკუთრებული ყურადღება ამჯერადაც ამიერკავკასიის რკინიგზას და წიფის გვირაბის ხელში ჩაგდებას ექცეოდა, რაც მნიშვლენოვან უპირატესობას მისცემდა აჯანყების ორგანიზატორებს. აჯანყების სამართავად კომიტეტმა
გორის მაზრაში ქართველი ბოლშევიკი ივანე ჯეჯელავა მიავლინა. გეგმით - შეიარაღებულ ჯგუფებს ქალაქი ხაშური უნდა დაეკავებინათ; ალის მხრიდან არსენ ლომიძეს, ხცისის მხრიდან ზნაურ აიდაროვს და სურამის მხრიდან ტატე ბუხრიკიძეს უნდა შეეტიათ.
ზნაურ ზაურბეგის ძე აიდაროვი 1889 წელს დაიბადა თერგის ოლქის სოფელ კადგარონში. 1902 წელს დაამთავრა სოფლის ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 1909-1913 წლებში მეფის არმიაში მსახურობდა. 1913 წლიდან აიდაროვი მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში, სადაც დაუკავშირდა ბოლშევიკებს და პარტიაში შევიდა. 1918 წელს ის ბოლშევიკთა კავკასიის სამხარეო კომიტეტმა ოქონის რაიონის სოფლებში გაგზავნა შეიარაღებული რაზმების შესაქმნელად. 1919 წლიდნ იგი მუშაობდა თბილისში შექმნილ საიდუმლო სამხედრო რევოლუციურ შტაბთან და მონაწილეობდა გორის მაზრის აჯანყების მომზადების დაგეგმვაში. 1919 წლის ნოემბერში აიდაროვი დანიშნეს გორის მაზრის მარჯვენა ნაპირის რაზმთა შტაბის უფროსად.[11]
919 წლის ბოლშევიკური აჯანყება, რომელიც 7 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო დამარცხებისთვის აღმოჩნდა განწირული; ქართულმა სპეცსამსახურებმა მათი გეგმები წინასწარ იცოდნენ და სამხედრო რევოლუციური შტაბი უკანასკნელ სხდომაზე შსს განსაკუთრებულმა რაზმმა მთელი შემადგენლობით დააპატიმრა. აჯანყების ცენტრი მოიშალა, კავკასიის სამხარეო კომიტეტმა სამზადისი გააუქმა, მაგრამ ინფორმაციის არქონის გამო - კახეთში, გურიაში, აფხაზეთში და გორის მაზრაში აჯანყებები მაინც დაიწყო, თუმცა სახალხო გვარდიის ნაწილები წინასწარ მომზადებული შეხვდნენ გამოსვლებს და მისი ლიკვიდაცია არ გასჭივრებიათ. მართალია გორის მაზრის რამდენიმე დასახლებული პუნქტი აჯანყებულებმა დაიკავეს, ვანო ჯეჯელავამ სოფელ ახალქალაქში გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო ზნაურ აიდაროვი ხცისის რევკომს ჩაუდგა სათავეში. სახალხო გვარდიამ კონტრშეტევის შემდეგ სოფლების გაწმენდისას 14 ნოემბერს შეტაკებისას მოკლა არსენ ლომიძე[12] და მისი თანაშემწეები ხიჯაშვილი და აბესალომ ბეკოშვილი, ზნაურ აიდაროვი ტყვედ აიყვანეს, ხოლო ჯეჯელავამ ჩრდილოეთ კავკასიაში გაქცევა მოასწრო.
1919 წლის 10 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, გორის მაზრაში მოქმედი ჯარისა და გვარდიის საველე შტაბთან არსებულ განსაკუთრებულ სასამართლოს განაჩენით დახვრეტეს შემდეგი პირები:
- გეურქ მიხეილის ძე შახნაზარიანცი - მეჯვრისხევის შეიარაღებული რაზმის მეთაური
- ზნაურ ზაურბეგის ძე აიდაროვი - ხცისის რევკომის თავმჯდომარე
- ბესარიონ გიორგის ძე თიბილაშვილი - ხცისის ბოლშევიკური შეიარაღებული რაზმის მეთაური
- შაქრო ბანაკას ძე მეცხვარიშვილი - სოფელ ხოვლეს შეიარაღებული რაზმის მეთაური
- არტემ იოსების ძე ხუციევი მეტსახელად „ბოლშევიკი ჭიორღას ბიჭი“ - ახალქალაქის რაზმის მეთაური
- სანდრო ზაქარიას ძე გალუსტოვი - ისიც ახალქალაქის შეიარაღებული რაზმის მეთაური
- იაკობ იოსების ძე ზარაფიანცი - მეჯვრისხევის ბოლშევიკური სარევოლუციო სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი[13]
ასევე სამხედრო საველე სასამართლომ დახვრიტა ქართველი მილიციონერები - ეფრემ დავითის ძე ჩადუნელი და ივანე იოსების ძე კორკოტაძე, არსენ ლომიძის შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეერთების და იარაღის გატაცებისთვის. სამხედრო სასამართლოს მიერ გურიაში, დუშეთის მაზრაში და ლაგოდეხში კიდევ რამდენიმე ბოლშევიკი იქნა დახვრეტილი. გორის მაზრის ადმინისტრაციამ წლის ბოლომდე ჯავისა და ცხინვალის რაიონებში მთლიანად დაასრულა იარაღის ამოღების პროცესი და დამატებითი სამხედრო ძალები რეგიონიდან გამოიყვანა.[14]
ნაწილი მეორე იხილეთ აქ - https://www.infoarmy.ge/ge/news/151/samkhret-osuri-vandea-natsili-
დოკუმენტის PDF ვერსია ჩამოტვირთეთ აქედან - https://docdro.id/7quxkyR
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადებულია სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრისაქართველოს მხარდაჭერით,
პროექტის - „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ ფარგლებში.
ავტორი: დავით ხვადაგიანი. იხილეთ ავტორის ბიოგრაფია აქ.
[1] ოსების აჯანყება და ჩრდილო-კავკ. კომუნისტები, ერთობა #135, 18.06.1920 წელი.
[2] თავდაცვა, ერთობა #71, 28.03.1919 წელი.
[3] კ. ნინიძე, არეულობა ცხინვალის რაიონში, ერთობა #68, 24.03.1918 წელი.
[4] ოსმალეთის არმიის წინააღმდეგ.
[5] კ. ნინიძე, არეულობა ცხინვალის რაიონში, ერთობა #68, 24.03.1918 წელი.
[6] ცხინვალის ამბები, ერთობა #68, 24.03.1918 წელი.
[7] რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში (ბიოგრაფიების კრებული), „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1961 წელი, გვ. 650-651.