უკან დაბრუნება

რუსეთი სოციალურ ქსელებში სიყალბის მთავარი მიმწოდებელია

14 დეკემბერი 2019

წყარო: BBC ავტორი: ანდრეი სოშნიკოვი

გამოქვეყნებულია: 06.12.2019

მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა

 

რუსეთი სოციალურ ქსელებში სიყალბის მთავარი მიმწოდებელია

რუსული სერვისები ლიდერობენ „სოციალური ქსელების მანიპულირების ბაზარზე". ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნატოს ექსპერტები, შეიძინეს რა ყალბი მოწონებები, ნახვები, გამომწერები და კომენტარები სულ რაღაც 300 ევროდ. ექსპერტებმა გამოავლინეს 18 ათასიანი ყალბი მომხმარებლისგან შემდგარი ქსელი, რომელთა ნაწილი გამოიყენებოდა სახელმწიფო ორგანოებისა და პოლიტიკოსების კამპანიებში, მათ შორის ორი სხვადასხვა სახელმწიფოს პრეზიდენტისთვის.

რიგაში არსებულმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების მოწინავე ცენტრმა (NATO StratCom COE) ხარკოვში მომუშავე კომპანია Singularex-თან ერთად გამოაქვეყნა დასკვნა, თუ როგორ ებრძვიან სოციალური პლატფორმები „ბოტების ფერმებს“, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურების ეგიდით მომუშავე ჯგუფებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ჩართული აუდიტორიის ჩართულობის ყალბ მონაცემებს ქმნიან.

2018 წელს Facebook-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელებს ამერიკის კონგრესის წევრთა შეკითხვებზე პასუხების გაცემა დასჭირდათ, თუ რატომ არ აღკვეთეს რუსული "ტროლების ფაბრიკის“ მცდელობები, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ყალბ მომხმარებელთა ქსელების საშუალებით ზეგავლენა მოეხდინათ. მიმდინარე წელს Facebook-მა ყალბ მომხმარებლებთან ბრძოლის ჯგუფები გახსნა დუბლინსა და სინგაპურში. მათ „სამხედრო ოთახები“ ეწოდა. New York Times წერდა, რომ ჟურნალისტები ამ ჯგუფების სამუშაო გარემოში მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუშვეს, თანაც თანამშრომლებთან კონტაქტი აუკრძალეს.

დეზინფორმაციის ნაკადთან ბრძოლის ზოგად წესებზე შეთანხმდნენ მსხვილი სოციალური ქსელები და სარეკლამო კომპანიებიც. მათ მიერ შემუშავებული წესები ევროკომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მიუხედავად საერთო ძალისხმევისა, სოციალურ ქსელებში გაყალბებების მექანიზმები ჯერაც აქტიურად მუშაობს, აღნიშნავენ ნატოს ექსპერტები. პირველად „ბოტების ფერმები“, ერთგვარი სერვისი, რომლითაც მსურველს ყალბი პოპულარობის შეძენა შეუძლია, რუსეთში გაჩნდა. დასავლური ანალოგიები დიდხანს მხოლოდ რუსული მომსახურების გადამყიდველებად რჩებოდნენ. უკანასკნელები აქამდე აგრძელებენ ბაზარზე დომინირებას, ვკითხულობთ დასკვნაში.

როგორ ყიდულობენ მოწონებებს

ექსპერტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და თითქმის ათასამდე კომენტარი, ნახვა და გამომწერი შეიძინეს პოპულარულ სოციალურ მედია პლატფორმებში მაგალითად ისეთი ნეიტრალური პოსტებისთვის, როგორიც ახალი წლის მილოცვაა. 300 ევრო გადანაწილდა 16 სხვადასხვა „ბოტების ფერმაზე“, რომელთაგან 11 რუსული წარმოშობისა იყო, ამას გარდა, ექსპერიმენტში ჩართული აღმოჩნდა ორი გერმანული, პოლონური, იტალიური და ფრანგული „ფერმები“. ნატოს ექსპერტები მათი დასახელებისგან თავს იკავებენ.

დააგროვეს რა მოწონებები და კომენტარები თავიანთი პოსტების ქვეშ, ექსპერიმენტის ავტორებმა შეისწავლეს და შექმნეს „ბოტების“ 18-ათასიანი ბაზა. რაკი მათ პოსტებზე ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები იყვნენ ჩართულები, ექსპერტებმა შეძლეს დანარჩენების წარმომავლობის გამოთვლაც. მათგან 10% პოლიტიკის და სახელმწიფო მმართველობის თემებში გამოიყენებოდა აქტიურად. ყალბი მომხმარებლების მომსახურება 721 პოლიტიკური შინაარსის და 52 სახელმწიფო ორგანოს გვერდისთვის აღმოჩნდა შეძენილი, მათ შორის ორი სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურისთვის. ექსპერტებმა უარი თქვეს ვინმეს სახელის გასაჯაროებაზე, მაგრამ აღნიშნეს, რომ გამოვლენილ მანიპულაციათა აბსოლუტური უმეტესობა არ ვრცელდებოდა დასავლურ ქვეყნებთან დაკავშირებულ გვერდებზე.

მიუხედავად ექსპერტების უარისა, „ბოტების ფერმების“ დასახელებები მასმედიაში დრო და დრო მაინც ვრცელდება. 2019 წელს ანტიემიგრანტული განწყობილებების პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის", სოციალურ ქსელების გვერდებზე ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა არაბუნებრივი აქტიურობა დააფიქსირა. ევროპარლამენტის არჩევნების წინ სოციალურ ქსელებში აღნიშნული პარტიის პოსტებზე ოთხჯერ მეტი კომენტარი დაიწერა და ექვსჯერ მეტი გაზიარება ჰქონდა, ვიდრე ყველა დანარჩენი პარტიის შემთხვევაში ერთად აღებული. „ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო Facebook-ში მსგავსი დომინანტური მდგომარეობის დაკავება არჩევნების წინ“, - ვკითხულობთ ამერიკელების მიერ მომზადებულ დასკვნაში.

თანაც აღმოჩნდა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ათასობით ყველაზე აქტიური მხარდამჭერი არარსებულ სახელებსა და გვარებს იყო ამოფარებული იქამდე, ვიდრე მასობრივად არ მოხდა მათთვის სახელების გადარქმევა. მაგალითად, მომხმარებელი Ew საბოლოოდ „მარიანად“ გადაიქცა, Ch - ტამარად. მსგავსი მომხმარებლების ნაწილი საკუთარ გვერდებზე არაბულ და რუსულ ენებზე აქვეყნებდა პოსტებს. პუბლიკაციის გამოქვეყნების დროისთვის BBC-ის რუსულმა რედაქციამ „ალტერნატივა გერმანიისგან“ ვერ მიიღო პასუხები მათთვის ამ თემაზე დასმულ შეკითხვებზე.

როგორ რეაგირებენ თავად სოციალური ქსელები

ნატოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოციალური ქსელების თვითრეგულაციები არასაკმარისია პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათი მონაცემებით, ყველაზე მეტად ქსელებს ყალბ კომენტარებთან და ნახვებთან უჭირთ გამკლავება. შედარებით უკეთაა მდგომარეობა ყალბი მომხმარებლების და შესაბამისად, გამომწერების გაუქმების მიმართულებით. ნატოს ექსპერტები სოციალური ქსელების დამცავ მექანიზმებს შემდეგნაირად აღწერენ:

Facebook გვაგონებს ციხე-სიმაგრეს მრისხანე მცველებით, რომელთა მთელი ყურადღება გადატანილია შიდა სივრცეზე, მაგრამ კვალიფიციური მოწინააღმდეგეები ძველებურად ახერხებენ წინაღობების გადალახვას. პატრულირება და ზედამხედველობა ციხე-სიმაგრის კედლებს შიგნით ნაკლებად ეფექტურია. Facebook-ზე სულ რაღაც 10 ევროდ 1204 მოწონების, 11 ათასი ნახვის და 990 გამომწერის ყიდვა გახდა შესაძლებელი.

Instagram-ზე ყველანაირი მანიპულაციის ფასი ყველა სხვა ქსელზე იაფი აღმოჩნდა. თავად კომპანიებიც კი, რომლებიც მსგავს მომსახურებას სთავაზობენ, Instagram-ს ყველაზე იოლ სამუშაო სივრცედ მიიჩნევენ. აღნიშნულ ქსელში სუსტად მუშაობს დაბლოკვის ფუნქციაც. 10 ევროდ აქ შესაძლებელია 4 ათასი მოწონების, 13 ათასი ნახვის და 3.8 ათასი გამომწერის „შეძენა“.

ამ ეტაპზე Twitter ის პლატფორმაა, რომელიც ყველაზე ეფექტურად ებრძვის „ბოტების ფერმებს“. ყალბი მხარდამჭერების „შეძენა“ ამ ქსელში ყველაზე რთულია, შედეგი შემძენთათვის შედარებით არათანაბარი, ვიდრე სხვა ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ Twitter ეფექტურად ბლოკავს გადაუმოწმებელ მომხმარებლებს, სპამებთან ბრძოლის წარსული წარუმატებელი მაგალითები ჯერ კიდევ მოქმედებს მასზე. მყიდველს 10 ევრო დაუჯდება 2 ათასი მოწონება, 4.3 ნახვა და 2.4 გამომწერი.

YouTube გადაუმოწმებელი ჩანაწერების დაბლოკვის მხრივ ყველაზე სუსტად მუშაობს, მაგრამ ყველაზე წარმატებულია ყალბ მომწონებლებთან და ნახვებთან ბრძოლაში. მრავალი თვალსაზრისით ის ყველაზე გაუმჭვირვალე პლატფორმაა, რადგან ხსენებულ ქსელში ძალიან რთულია ყალბი მომხმარებლების გამოვლენა. YouTube-ზე 10 ევროდ შესაძლებელია 781 მოწონების, 3 ათასი ნახვის და 458 გამომწერის „შეძენა“.

„მანიპულაციების ინდუსტრია წლიდან წლამდე იზრდება, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ ნიშანს, რომ სოციალურ ქსელებში გაყალბებები გაძვირდეს ან გართულდეს,“ - წერია ნატოს ექსპერტთა დასკვნაში.

გაზიარება