უკან დაბრუნება

საკონტროლო წერა - გუგუტიანთკარის გაკვეთილები (ნაწილი 2)

26 აგვისტო 2019

"ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავის საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას."

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ მინისტრი

 

"მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით."

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

 

 

გუგუტიანთკარის გაკვეთილები

ნაწილი II

(ნაწილი I წაიკითხეთ აქ - გუგუტიანთკარის გაკვეთილები)

 

საკონტროლო წერა

 

            მას შემდეგ, რაც „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ შეიქმნა, ჩვენ დაუღალავად, მწირი რესურსებით, ვიბრძვით რუსული პროპაგანდისა და რბილი ძალის წინააღმდეგ. ვცდილობთ, აღმოვფხვრათ ჩვენს საზოგადოებაში არსებული მავნე რუსული სენტიმენტები და კრემლის პოლიტიკის სახე წარმოვაჩინოთ. ამ გზაზე, ჩვენ ხშირად მივდივართ კომპრომისზე, მათ შორის მორალურ კომპრომისზე და თვალს ვხუჭავთ ჩვენი ხელისუფლების ისეთ ქმედებებზე, რომელიც არასწორად მიგვაჩნია. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ხელისუფლება გვიყვარს.

          „ლეგიონერთა“ შორის ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანს იპოვით. ჩვენი საერთო მიზანი მტრის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში, ჩვენ ერთმანეთის პოლიტიკურ გემოვნებას არ ვეხებით. ამიტომ, ისეთი „ლეგიონერებიც“ კი, რომელთაც მოქმედი მმართველი პარტიისთვის ხმა არასოდეს მიუციათ, ხელისუფლების ღია კრიტიკას თავს არიდებენ.

            თუმცა დგება მომენტები, როდესაც იძლებულნი ვხდებით, სათქმელი პირდაპირ ვთქვათ. დიახ, ჩვენ, ისეთი „ლეგიონერები“, ვისაც ამ ხელისუფლებისთვის ხმა გვაქვს მიცემული, ახლა იძულებულნი ვართ მათ შეცდომებზე ღიად გელაპარაკოთ, რადგან ეს ის მომენტი არაა, როდესაც „დუმილი ოქროა რჩეული“.

            მტერი ჩვენს მიწაზე დგას და პერიოდულად შემოდის მის სიღრმეში. მტერი ცდილობს ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს და გაგვანადგუროს. მტერი იძულებულს გვხდის საკუთარი ხელით აშენებული სახლები დავანგრიოთ. მტერი არ გვიშვებს წინაპრების საფლავებთან. ამ დროს, ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი სახელმწიფო გვეიმედება. სახელმწიფო კი ისაა, ვინც იმ მომენტში მართავს მას. დიახ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენმა უმრავლესობამ აირჩია, იმ იმედით, რომ ასეთ მომენტებში ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან, ჩვენს გაჭირვებას გაიზიარებენ და მტერს თუ ვერ განდევნიან, მორალურ დახმარებას მაინც აღმოგვიჩენენ.

            რატომღაც მგონია, რომ ეს იმედის ნაპერწკალი, იმ გუგუტიანთკარელების გულში მაშინაც კი ბჟუტავდა, როცა ისინი რუს ოკუპანტებს თვალებში უყურებდნენ და საკუთარი ხელით აშენებულ სახლებს ანგრევდნენ. ექნებათ ეს ნაპერწკალი ადამიანებს სხვა დროს, როცა რუსები მათ სალხებთანაც მივლენ? ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია.

            აქვე, სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, თავს მოვალედ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილმა, თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ადგილზე ჩავიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, მოგვიანებით თავად საგარეო საქმეთა მინისტრიც, საგარეო სამქმეთა სამინისტრომ აამუშავა მის ხელთ არსებული მექანიზმები, მაგრამ.... მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ ის ერთსულევნება, ის კოორდინაცია, რაც ჰაერივით გვჭირდებოდა და რაც მყისიერად ვნახეთ მაშინ, როდესაც ერთმა რიგითმა ჟურნალისტმა, პირდაპირ ეთერში პუტინს დედა აგინა.

            წინა პლანზე ვერაფერი წამოწევდა საგარეო უწყების ძალისხმევას, მაშინ როდესაც ქვეყნის პირველი პირები გუგუტიანთკარში არათუ არ ჩასულან, ყველაზე საჭირო დროს განცხადებებიც არ გაუკეთებიათ. როდესაც რაზმაძეები საკუთარ სახლს ანგრევდნენ, საქართველოს პრემიერი თხილის საწარმოს ხსნიდა. მიმდინარე პროცესებზე პრემიერის რეაქციამ ძალიან დაიგვიანა. ის გუგუტიანთკარში მხოლოდ ორდერიზაციის დაწყებიდან მე-13 დღეს, ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდა. და ეს ის შემთხვევა არ იყო, როცა ჟურნალისტების გარეშე ჩასვლა რაიმე სიქველის გამოხატულებად შეიძლება ჩავთვალოთ. უბრალოდ გვგონია, რომ კითხვებს გაექცა, თუნდაც იმას, თუ სად იყო აქამდე... მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ამ პროცესის უმოკლეს ვადებში შეჩერების ილუზია არ უნდა გვქონდეს, ნამდვილად არ იყო ის, რასაც მე-13 დღეს ველოდით.

            კიდევ უფრო მძიმე სანახავი იყო შვებულებაში მყოფი პრეზიდენტის ფოტოების (ნაწილობრივ უხარისხო, გაბლარული ფოტოების) ხილვა, რომელიც ასეთ დროს ლოპოტას საცურაო აუზში ნებივრობდა. მას არათუ შვებულება და დასვენება არ შეუწყვეტია, ერთი განცხადებაც კი არ გააკეთა. რამდენიმე დღეში ვნახეთ, რომ #spendyoursummeringeorgia-ს საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და ამ კამპანიაში აქტიურად ჩართვის სურვილი დააფიქსირა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, ერთ ჩემს მეგობარს ეწერა, პრეზიდენტისგან პირველი ლედის შესაფერისი გზავნილები გვესმისო და ძნელია არ დაეთანხმო. დიახ, ასეთ დროს, მსგავსი აქტივობებისთვის, სიმბოლური ფუნქციებით აღჭურვილ პრეზიდენტსაც კი არ უნდა ეცალოს. პირველი ლედისგანაც კი არ იქნებოდა მთლად დამაჯერებელი.

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ლოპოტას აუზში ნებივრობას ჯობდა. მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ვეპატიჟებით მთელს მსოფლიოს? იმაში, რომლის მოქალაქეებსაც სახელმწიფო ვერ იცავს? იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი მტრის შიშით სახლებს ანგრევს, პრეზიდენტი კი შვეულებას არ წყვეტს?! ცოტა ხნის შემდეგ, პრეზდენტმა გვითხრა, რომ გუგუტიანთკარში მაშინ ჩავა, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის და არა სხვისი დღის წესრიგით. ვინ არის სხვა, ქალბატონო პრეზიდენტო? იმაზე აღარაფერს ვიტყვით, საოკუპაციო ხაზთან შვიდჯერ ვარ ნამყოფიო, რომ დაგვამადლა...

            სამწუხაროდ, ვერც პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვიმართლა იმედები. მისი განცხადებებიც საკმაოდ გაუგებარი იყო. ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ ასეთ დროს საკუთარ სახელმწიფოს და ხელისუფლებას ძირი გამოუთხარონო... სახელმწიფო ეს ჩვენ ვართო, ბატონმა არჩილმა. დიახ, თქვენ ხართ, ბატონო არჩილ და სწორედ ამიტომ თქვენგან ვითხოვთ პასუხს. რას აპირებთ თქვენ, ანუ ქართული სახელმწიფო? აქვე ისიც, რომ ბატონი პარლამეტის თავმჯდომარეც პრემიერთან ერთად, ღამით იმყოფებოდა გუგუტიანთკარში.

            ყველაზე ძლიერთ რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებას გაუჩნდა კითხვა, სად იყვნენ ამ დროს გორის მერი და გორის მაჟორიტარი დეპუტატი. გორის მერმა გვითხრა შვებულებაში ვარო, გონიოში ვისვენებო და შვებულების მერე ჩავალ, ვნახავ რა ხდებაო. ეგეც პრეზიდენტის მსგავსად #spendyoursummeringeorgia-ში აღმოჩნდა ჩართული. თუმცა გორის მერს რა უნდა მოთხოვო, პრეზიდენტმა არ შეწყვიტა შვებულება.

            მაჟორიტარმა კი გვითხრა, სამეგრელოში ვიყავი საქმეებზე და რომ მოვიცლი ჩავალო. ადგილზე ჩასული კი ხუმრობის ხასიათზე იყო, აგერ ვუთხარი უკანონობას სჩადიხართ და წავლენ აუცილებლადო. მარა რა გინდა რო ქნა? შემთხვევით, ეგ კაცი, თავად გორელებმა ხომ არ აირჩიეს?

            ყველაზე უსამართლოდ ის კაცი დაიჩაგრა, გორის საკრემულოს წევრი, რომელიც რუსებთან მივიდა და უთხრა წყლის სათავე ნაგებობა იქნებ ჩვენ მხარეს დატოვოთო. რამდენადაც ახლა ვიცით, მიაღწია მაგ შეთანხმებას. კი არაადეკვატურად გვეჩვენა ყველას, მაგრამ მთელს ამ აურზარუში, ეს კაცი, თითქმის ერთადერთი ადეკვატური მოხელე აღმოჩნდა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ცოტა მეტშიც, რაღაც სასიკეთოს გაკეთებას ეცადა.

            დანარჩენებს კი, ნუ გეწყინებათ ჩვენგან მიღებული კრიტიკა. ჩვენ, თქვენი მოკავშირეები ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით. იმედს ვიტოვებთ, სწორად გაგვიგებთ და მომავალში მაინც აღარ მოგვიწევს ასეთი რამის დაწერა. ან, რა ვიცი, გეწყინოთ, ოღონდ თქვენი გასაკეთებელი საქმე წესიერად აკეთეთ.

 

დავით ბრაგვაძე,

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ - გუგუტიანთკარის გაკვეთილები

 

გაზიარება